მამუკა მდინარაძე: „ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას ვაძლევთ

Nusagi

„გუშინ თქვენ ნახეთ პრეზენტაცია, სადაც გაშიფრულია მთლიანად ფეისბუქის სისტემა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ამ სისტემის მხილების მიუხედავად, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ასეთი ჯგუფი, სადაც მხოლოდ დაახლოებით 7-8 პირი იღებს ხელფასს და დანარჩენს „ენთუზიაზმზე“ ამუშავებენ – ასეთ ჯგუფს ანტიბოტი ჰქვია. ამ ჯგუფში ჩაიშალა დავალებები, რათა მეტი ენერგიით წავიდეს დისკრიმინაციული მოწოდებები თუ ინფორმაციები ხელისუფლების მისამართით.

ეს სისტემა მუშაობს, ფეიქ-გვერდები მუშაობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის, ახალი ტყუილი – საოცრება იმის შესახებ, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველივე ტურში 61%-ით იგებს. ეს არის დასაცინი ამბავი. ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მავნებლური სისტემების პარალელურად, მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათი აზრით, განხორციელებადია.

„მე გეუბნებით, რომ გამორიცხულია, ეს გეგმა ვერ განხორციელდება. რამდენიმე ათეულ პუნქტზეც კი შეიძლება წავიდეთ ჩამონათვალში. თითოეული პუნქტი ცალ-ცალკე ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების მცდელობას, ქაოსის შექმნის მცდელობას და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს – რომ მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ არჩევნების დღეს, კონკრეტულ უბნებთან დაკავშირებით გაავრცელონ ცრუ ინფორმაციები, თითქოს ამ უბნებზე ვიღაცას კორონა ვირუსი დაუფიქსირდა. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ეს არის მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ასეთივე პუნქტები არა ერთი იქნება.

„როდესაც ინფორმაციის გამოთხოვის ინტენსივობაზეა საუბარი, ამით ისინი კომისიის წევრების მუშაობის პარალიზებას ეცდებიან. მსგავსი მავნებლური პუნქტების შესახებ ირაკლი კობახიძემ მოგიყვათ, მე შემიძლია ძალიან მოკლედ მხოლოდ ის დავამატო – ჯერ ერთი, ადამიანური რესურსი არ ეყოფათ, რადგან ყოველი სამი და ოთხი ადამიანიდან, ერთი „ქართულ ოცნებას“ აწვდის ინფორმაციას, იმდენად თავადაც შეწუხებულები არიან ამ მავნებლური გეგმებით. ეს უკვე არ არის საარჩევნო მარათონში ბრძოლა რაღაცაც წესებით. ეს არის წესების გარეშე ბრძოლა არა საარჩევნო მიზნებისთვის არამედ, სხვა დესტრუქციული მიზნებისთვის, ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: