იოსებ არჩვაძე ეკონომიკურ ზრდაზე – ის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგია

Nusagi

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტი) დონემ 2020 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 99.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო შვიდი თვის მანძილზე (2020 წლის თებერვლის შემდეგ, ფაქტობრივად – პანდემიის დაწყებიდან) საუკეთესო მაჩვენებელია და წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ანტიკრიზისული ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებათა თვალსაჩინო შედეგს.

პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა მხოლოდ 0.7%-ით, რაც ჯერადად ნაკლებია წინა თვეებთან შედარებით (პანდემიის გამო ეკონომიკა აპრილში შემცირდა 16.6%-ით, ივნისში – 7.7%-ით, აგვისტოში – 5.3%-ით…),“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „საქსტატის“ მონაცემების კომენტირებისას.

საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოტანილი მონაცემები ცალსახად ადასტურებენ ეროვნულ მეურნეობაში პოზიტიური ტენდენციების გაძლიერებას და ეკონომიკის მდგრადობას, რაც მნიშვნელოვანწილად ქვეყანაში გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმების, კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებისა და საკომპენსაციო ღონისძიებების დამსახურებაა, რომლებსაც კარგად ამჩნევენ და აფასებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

„როგორც იტყვიან, „შორიდან უკეთ ჩანს“, რაც აისახა მათ მიერ საქართველოს კრიზისის დაძლევისა და პოსტკრიზისულ პერიოდში განვითარების პერსპექტივების თაობაზე განხორციელებულ შეფასებებში, რომლებშიც საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყნადაა მიჩნეული,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

სექტემბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა იმ სფეროებში, რომლებიც ფაქტობრივად აყალიბებენ მთელი ეკონომიკის განვითარების ვექტორს და სადაც დღეისათვის იქმნება ქვეყნის მშპ-ის თითქმის ნახევარი (დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება). იოსებ არჩვაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით კი, რომ კორონავირუსის პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ტურისტულ ინდუსტრიას, მისი გამოკლებით ეროვნულ მეურნეობაში შემცირების ნაცვლად სექტემბერში სულ ცოტა, 4.5-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფილ იქნა ადგილობრივი ექსპორტის ზრდით, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში ისტორიულ მაქსიმუმს – 246 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.

სექტემბრის ადგილობრივი ექსპორტი წინა რვა თვის საშუალო მაჩვენებელს 33.5 პროცენტით, ხოლო გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელს – 27.1 პროცენტით აღემატება. – ეს დიდწილად განპირობებულია აგრარული სექტორში მიღწეული წარმატებებით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით. მაგალითად, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით თხილის ექსპორტი 75.3 პროცენტით გაიზარდა. მისი თქმით, ექსპორტის წარმატებას მხარი აუბა ქვეყანაში ფულადი ტრანზაქციების ზრდამაც, რომლის მოცულობამ სექტემბერში რეკორდული 192.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა; აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სექტემბრის წმინდა ფულადმა ტრანზაქციებმა გადააჭარბეს მთელი 2003 წლის დონეს.

ქვეყანაში შემოსული დამატებითი ფულადი მასის მულტიპლიკატორული ეფექტის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის მოქალაქეთა სამომხმარებლო, ისე ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ექსპერტის განცხადებით, მარტის თვის შემდეგ სექტემბერში პირველად დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (+3.2%), მაშინ როდესაც ჯერ კიდევ აგვისტოში ანალოგიური მაჩვენებლის საგრძნობი ვარდნა (-7.4%) აღინიშნებოდა. სექტემბერში ყოველდღიურად საშუალოდ რეგისტრირდებოდა 130 ახალი საწარმო, რაც ასევე მიუთითებს სამეწარმეო პროცესის მდგრადობის ზრდაზე. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზაციის მაჩვენებელი სექტემბერში აღემატებოდა როგორც აგვისტოს (+4.7%), ისე მიმდინარე წლის წინა რვა თვის საშუალო მაჩვენებელს (+1.5%). „ქვეყანაში სულ უფრო იზრდება პოზიტიური ცვლილებების, ტენდენციების, რეფორმებით მიღებული ხელშესახები შედეგების კუმულატიური მუხტი, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის პოსტპანდემიურ პერიოდში თვისობრივად ახალი მასშტაბური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: