არჩილ თალაკვაძე: ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას და იმ ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს

Nusagi

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენლის – იგი გახლავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ არჩევანს.

„გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ დათვლის პარალელური შედეგები, სადაც მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ამ ობიექტური დათვლებით და პარალელური დაკვირვების შედეგად ცდომილება არის პრაქტიკულად მინიმალური – ის არსებით გავლენას ვერ ახდენს საბოლოო შედეგებზე, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ასევე აქვეყნებენ პრაქტიკულად იგივე შედეგებს, რაც ამ მომენტისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე არის მოცემული.

ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ხმა, მათი გადაწყვეტილება ზედმიწევნით მაქსიმალურად და ზუსტად იყო ასახული საარჩევნო შედეგებში იმის გათვალისწინებით, რომ არის გლობალური პანდემია და კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრობლემები, რისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ, საზოგადოებას მივეცით წინასწარი რეგისტრაციის საშუალება და ხმის მიცემის შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თამჯდომარე ყველას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და იმ ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს. „კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შედეგები არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის ან ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენლის. ეს შედეგები გახლავს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვუერთდები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ყველამ პატივი სცეს ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას და პატივი სცეს იმ ოფიციალურ შედეგებს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აქვეყნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: