ექნება თუ არა პარლამენტს მუშაობის ლეგიტიმაცია იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს გამოაცხადებენ – ექსპერტის განმარტება

Nusagi

პოლიტიკური პარტიების საქმეა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება დაკავშირებული იმასთან, შევლენ პარლამენტში თუ არა, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობას ხელს არ შეუშლის, – ამის შესახებ ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში, ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედის დილასთან“ საუბრისას განაცხადა.

„პირველი სხდომა უნდა დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტმა, მანვე უნდა გახსნას სხდომა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პარლამენტთან ერთად, ცნობს იმ დეპუტატების უფლებამოსილებას, რომლებიც არჩეული გვეყოლება. უკვე ვიცით, 134 მანდატი რომელმა პარტიებმა და კანდიდატებმა გაინაწილეს. მეორე ტურები 21 ნოემბერს ჩატარდება და როცა პარლამენტი შეიკრიბება, ფაქტობრივად, 150-ვე წევრის ვინაობა გვეცოდინება. ყველა წევრის არჩევა და ლეგიტიმაცია პირველივე სხდომაზე დამტკიცდება. მთავარია, მას ესწრებოდეს უმრავლესობა ანუ 76-ზე მეტი დეპუტატი. „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, უკვე გარანტირებული აქვს 76 და გარდა ამისა, 16 ოლქში მეორე ტური ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ, ოპოზიციის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და ქვეყანას მომავალი 4 წლის განმავლობაში მართავს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე განმარტებით, პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა სამართლებრივად არაფერს შეცვლის და ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: