თამარ შერვაშიძე: არა მგონია, გამარჯვებული იყოს ქვეყანა, რომელიც მარიამ ჯაშს, ნინო გულუას, ლევან გოგიჩაიშვილს, ბექა ნაცვლიშვილს, ჯაბა ჯიშკარიანს ბლოკავს

Nusagi

არა მგონია, გამარჯვებული იყოს ის ქვეყანა, რომელიც მარიამ ჯაშის, ნინო გულუას, ლევან გოგიჩაიშვილის, ბექა ნაცვლიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის და სხვა მრავალი უმაღლესი მოცემულობების პიროვნებებს ბლოკავს,- ასე ეხმაურება ექიმი თამარ შერვაშიძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

მისი თქმით, ფსევდოინტელექტუალებით ასეთი ადამიანების ჩანაცვლების მიზეზი ის არის, რომ უინტელექტო საზოგადოება ადვილად იმართება.

„გამარჯვება….რას მოიცავს ის? საიდან მოდის ან სად მიდის ლეონიძისეული სილამაზის არ იყოს? ,, აბა რა ქენით ,გაიმარჯვეთ?”… ნიშნისმოგებით მომკითხველებს შევუბრუნებდი შეკითხვას – რით განისაზღვრება მცნება ,,გამარჯვება“? როგორ გესმით ზოგადად მისი არსი? რას უწოდებთ გამარჯვებას და რით განასხვავებთ მას დამარცხებისგან?

ზოგადად, ძალიან პირდაპირი გზით და ბევრი მატერიის ჩართვით გამარჯვება ბევრისთვის ნებისმიერი მეთოდებით მიღწეული პრიორიტეტული ადგილების, თანამდებობების, შესაძლებლობების ფლობაა, რომლის იქითაც თუნდაც ქვას უთოვია…. ოღონდაც კი იგივე ნებისმიერი მეთოდებით რაც შეიძლება მეტხანს შენარჩუნდეს ეს პრივილეგიები და ძალაუფლება…..

რა თქმა უნდა ყველა არ კადრულობს ყველაფერს, ასე რომ არა – არსებობაც ხომ დაკარგავდა აზრს, მაგრამ როცა ამ ფსევდოინტელექტით ჩანაცვლებულ ინტელექტებს უფრთხიან, გაურბიან, და ყველანაირად ცდილობენ ჩაახშონ მათი წინსვლა, ჩაკლან მათი შესაძლებლობები, შეკვეცონ ან სულაც პირწმინდად აღკვეთონ მათი მოქმედების არეალი, მეტი მანძილით დააშორონ ბირთვს ,,გაანეიტრალონ” და ყოვლად ,,უვნებელი” გახადონ….. უინტელექტო საზოგადოება უფრო ადვილად იმართება და ყველაფერ ამას „გამარჯვებას“ ვუწოდებთ.

გამარჯვება… არა მგონია – გამარჯვებული იყოს ის ქვეყანა, რომელიც მარიამ ჯაშის, ნინო გულუას, ლევან გოგიჩაიშვილის, ბექა ნაცვლიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის და სხვა მრავალი უმაღლესი მოცემულობების პიროვნებებს ბლოკავს. ეს ქვეყნისთვის, ერისთვის უდიდესი დამარცხებაა, რომელიც შეგნებულად არ იყენებს საუკეთესო ინტელექტის, განათლების, პიროვნული თუ ეროვნული ღირსებების მატარებელ საუკეთესო შვილებს…. ყოველი მათგანი გამარჯვებულია, რადგან არასოდეს არ მარცხდება ინტელექტი, რომელიც სიმართლეს და სიკეთეს ემსახურება, მარცხდება ბოროტის მსახურება, მარცხდება სიჩლუნგე და სიბეცე, მარცხდება ფარისეველი მლიქვნელი, მარცხდება ქვეყნისა და ერის გამყიდველი მოღალატე და სიბნელე, რომელმაც რაც არ უნდა დიდხანს იმეფოს, მაინც დამარცხდება, რადგან არ არსებობს ისეთი სიბნელე, რომელიც არ განათდება, ღამე, რომელიც არ გათენდება, სიცრუე, რომელიც არ გამოაშკარავდება და სიმართლე, რომელიც დაიმალება…

ავიაციაში არსებობს ასეთი ფრაზა „საკრეისერო სიმაღლე“….ეს ის სიმაღლეა, რომელიც აუცილებლად უნდა დაძლიოს თვითმფრინავმა, რომ აიღოს გეზი დანიშნულების ადგილამდე. ამ სიმაღლეზე ირთვება ავტოპილოტი და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე თვითმფრინავი ავტომატურად ასრულებს რეისს, მფრინავები მხოლოდ აფრენა-დაშვების დროს ჩაერევიან….საინტერესოა, რომ „უკან დახევის შეუძლებლობა” ავიაციაში ნიშნავს მომენტს, როდესაც ხომალდი იღებს იმ მაქსიმალურ სიჩქარეს, რომელიც მას წყვეტს მიწას…

მარიამ ჯაშის გუნდს, მის ნებისმიერ წევრს დაძლეული აქვს ,,საკრეისერო სიმაღლე,” ადგას საკუთარ კურსს, ასრულებს საკუთარ რეისს და მჯერა აუცილებლად მშვიდობით და წარმატებით მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე… იჩქარეთ ნელა მეგობრებო…ღმერთი იყოს თქვენთან, ნამდვილ, ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ და თუ დარჩა ამ სამყაროში სინათლის ძალა, ის თქვენ გაგიძღვებათ წინ“,-წერს თამარ შერვაშიძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: