გიორგი ხელაშვილი: აშშ-ში ბოლო 12 წელია, შეიმჩნევა ელექტორატის მკვეთრი დაყოფა ძალიან ლურჯ და ძალიან წითელ ნაწილებად, რაც ყოველ წელს უფრო მწვავდება

Nusagi

ამ წუთისთვის ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. პროცესი უფრო რთულია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,- ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, „ქართული ოცნების“საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა „იმედის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლის პროცესი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, დღეს რაიმე განსაკუთრებული და ექსცენტრული არაფერი ხდება და ეს არის ჩვეულებრივი ამერიკული საარჩევნო პრაქტიკა. 

„ჩემი კონტაქტები ვაშინგტონიდან ბოლო შეტყიბინებით მეუბნებიან, რომ დაახლოებით 400 ათასი ბიულეტენია დასათვლელი და  ტრამპს იმედი აქვს, რომ ამ ბიულეტენებით შესაძლოა, არიზონა ისევ დაიბრუნოს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისკონსინის შტატი წაიღო ბაიდენმა. დარჩა მიჩიგანი, ჯორჯია, ჩრდ. კაროლინა და პენსილვანია. ტრამპს ოთხივე შტატის მოგება სჭირდება, თუ არიზონაც გაერია ამაში, შეიძლება რაღაც ვარირებდეს. ამ წუთისთვის რთულია იმის განსაზღვრა, რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს. 20 წლის წინ ტელეკომპანია CNN-მა დაუშვა ისტორიული შეცდომა, როდესაც ნაადრევად მიაკუთვნა ელ გორს გამარჯვება ფლორიდის შტატში და ის ამერიკის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა მოხდა ხმების გადათვლა და პრეზიდენტი გახდა ჯორჯ ბუში“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ში ბოლო წლებია, შეიმჩნევა ელექტორატის მკვეთრი დაყოფა ძალიან ლურჯ და ძალიან წითელ ნაწილებად, რაც ყოველ წელს უფრო მწვავდება.

„თეთრი სახლი არის შემოსაზღვრული ბარიკადებით, ასევე მაღაზიებია აჭედილი, რაც ბოლო ხანს სიახლე აღარ არის ამერიკაში. თუმცა ეს არჩევნები არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული თავისებურებით, გარდა იმისა, რომ ბოლო 12 წელია, შეიმჩნევა ელექტორატის მკვეთრი დაყოფა, ძალიან ლურჯ და ძალიან წითელ ნაწილებად. როდის დამთავრდება და რა შედეგამდე მივა ეს დაყოფა, ამას ვნახავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკული დემოკრატიის პრინციპები საკმაოდ მყარი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი არ მიადგეს“,-განაცხადა მან.

გიორგი ხელაშვილის თქმით, დღევანდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ  კოვიდი არ წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც არჩევნების ბედს წყვეტს, თუმცა თუმცა კოვიდის გამო, საზოგადოების გაღიზიანებადობის დონე მაღალია, იზრდება პოლარიზება

„თუ მივიღებთ მხედველობაში კოვიდის შედეგად გარდაცვლილ უამრავ ადამიანს, ასევე იმპიჩმენტის პროცედურებს, ამის მიუხედავად ტრამპის პოზიციები  გასაოცრად ძლიერი აღმოჩნდა და დღევანდელი მონაცემებით ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. როგორც ჩანს, კოვიდი არ წარმოადგენს ფაქტორს, რომელიც არჩევნების ბედს წყვეტს. ჩვენ გავაანალიზეთ რამდენიმე არჩევნები მსოფლიო მასშტაბით და ყველგან ასეა. ამ არჩევნებში ბოლო 120 წლის განმავლობაში პროცენტულად ამომრჩეველთა ყველაზე მეტმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, დამოკიდებულება ჩვენი რეგიონის მიმართ იგივე დარჩება. 

„აშშ-ში არსებობს ერთი ტენდენცია- პრეზიდენტები, რომლებიც მეორე ვადით არიან არჩეულები, უფრო მეტად აქტიურდებიან მეორე ოთხწლეულის განმავლობაში. ერთადერთი გამონაკლისი იყო ჯორჯ ბუში უმცროსი, რომელსაც 11 სექტემბრის ტრაგედიის პერიოდში მოუწია თავისი პირველი 4-წლეული. ამგვარად, თუ ტრამპი დარჩა პრეზიდენტად მეორე ვადით, ის უფრო აქტიური გახდება საგარეო პოლიტიკის კუთხით. დიდ განსხვავებას მე ტრამპსა და ობამას საგარეო პოლიტიკებს შორის ვერ ვხედავ. ჩვენი რეგიონის მიმართ ბოლო 20 წელია, პრეზიდენტების მიდგომები მემკვიდრეობით გადაეცემა ერთმანეთს. თუ პრეზიდენტი გახდება ბაიდენი, არა მგონია, რაიმე შეცვალოს ამ ტენდენციაში. ის უფრო მკვეთრ პოზიციას დაიჭერს რუსეთთან მიმართებაში, თუმცა არა მგონია, ეს რიტორიკაზე შორს წავიდეს და რაიმე რეალური შედეგების მოტანა შეძლოს ძალთა დღევანდელი განაწილების პირობებში“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: