ვინ არის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული ფეისბუქ-ჯგუფის ქარიზმატული ადმინი

Nusagi

ჯერ კიდევ 7 წლის წინ ვთქვი, რომ ჩვენ ოჯახი ვართ და მოდით, ვიცხოვროთ როგორც ერთი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა. ყველას მოეწონა ასეთი სტატუსი და ასე გრძელდება დღემდე, ასე იქნება მომავალშიც,- ამის შესახებ ჯგუფ „გურმანის“ დამაარსებელმა და უცვლელმა ადმინმა, ინგა თარაშვილმა „ინფოფოსტალიონთან“  ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.  

მისი თქმით, ბედნიერია, რომ „გურმანში“ განსაკუთრებული გარემოა, თბილი, მეგობრული, პოზიტიური და ამავე დროს ძალიან სასარგებლო. 

ქართულ ინტერნეტსივრცეში არსებული ჯგუფებიდან „გურმანი“ ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. ჯგუფს არ აქვს კომერციული მიზნები, არ ეწევა პროდუქციის რეკლამირებას და შესაბამისად, მის ქარიზმატულ დამაარსებელს არანაირი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია. 

ინგა თარაშვილი: – 2013 წლის, 18 სექტემბერს ჩემი ფეისბუქ-მეგობრების დიდი და დაჟინებული თხოვნით დავაარსე  კულინარიული ჯგუფი.  მე პირადად  ისიც მყოფნიდა, რომ სხვა კულინარიულ ჯგუფებში ვაქტიურობდი და ადმინობა და „უფროსობა“ ნამდვილად არ მინდოდა. ისიც მესმოდა, რომ ჯგუფის მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, თან, როცა ეს ხდება ვირტუალურად, სხვადასხვა ხასიათისა და გემოვნების ადამიანებთან, თან აბსოლუტურად უცნობებთან. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე და „გურმანიც“ დაარსდა. ბევრი ვიფიქრე მის სახელწოდებაზე, მინდოდა რაიმე მოკლე და ნეიტრალური სახელი . არავითარ შემთხვევაში ჩემი სახელი  ან გვარი არ უნდა ყოფილიყო  დასახელებაში. ასე დაიბადა „გურმანი“ და ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა.

-თქვენს შესახებ მოგვიყევით

– დავიბადე ყველაზე ლამაზ ქალაქში – თბილისში, რითაც ძალიან ვამაყობ. საერთოდ ჩემი ოჯახი 1905 წლიდან ცხოვრობს თბილისში, ხუთი თაობა, რომლიდანაც ოთხი თაობა დავიბადეთ თბილისში, 1965 წლამდე ვცხოვრობდით „პესკებზე“ , შუაგულ თბილისში, სანამ იქ სახლები არ დაანგრიეს. ჩემთვის „პესკები“ განსაკუთრებული უბანია, გულს რომ გითბობს, აი ისეთი. 

ორი სიტყვა განათლებაზე – დავამთავრე  პედაგოგიკური ინსტიტუტი (პუშკინის სახელობის) ისტორია და საზოგადოებათმცოდნეობა; სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული უცხო ენების 4-წლიანი კურსები, მუსიკალური სკოლა, 5 წლიდან ვიყავი დაკავებული სპორტით, ჯერ სპორტული ტანვარჯიში, სანამ მძიმე ტრავმა არ მივიღე, მერე გადავედი მძლეოსნობაზე, ანუ სადღაც 16 წლის განმავლობაში ვიყავი სპორტში, მაქვს თანრიგი.

90-იანებში ყველა ჩემი მეგობარი წავიდა ემიგრაციაში, ზოგი ევროპაში, უმეტესობა ამერიკაში, კარგად მოეწყო ყველა, მეძახდნენ, ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, მაგრამ მე მაინც ვერ შევძელი ვერსად წასვლა, მიჭირს თბილისის გარეშე,  მერჩივნა უშუქობა, უწყლობა, უმუშევრობა გაკაშკაშებულ ამერიკასა და ევროპას.  საერთოდ, არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაზე ლაპარაკი, ჩემს თავთანაც მარტო რომ ვრჩები, ვცდილობ, წარსული არ გავიხსენო, იმდენად  აუტანლად მძიმე და ურთულესი იყო. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ შევძელი მე, ერთმა ჩვეულებრივმა, სუსტმა, ფუფუნებაში გაზრდილმა გოგონამ ამდენის გადატანა, თან აბსოლუტურად მარტომ! პასუხი  არის მხოლოდ ერთი – ვისი დიდი რწმენა, იმედი და სიყვარულიც მქონდა და მაქვს, ვისთანაც მუდმივად ვიყავი  სულიერ კონტაქტში, მან გამაძლებინა და გადამარჩინა, მეც, ჩემი ორი შვილიც და დედა, რომელიც უკვე 17 წელი აღარ მყავს და დღემდე ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია.

რაღაც ძალიან მძიმე გამოვიდა ხომ  ჩვენი საუბარი?  ახლა პოზიტიურზე – მყავს ორი შვილი, ლევანი, 32 წლის,  რომელიც ამჟამად კიევში ცხოვრობს და მუშაობს, დაოჯახებული ჯერ არ არის, მაგრამ მპირდება ბებიობის სტატუსს, და ნატალი, 26 წლის,  სპეციალობით იურისტი, სისხლის სამართლის მაგისტრი, იცის 5 ენა  და 1 დიალექტი (ქართული, ინგლისური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული და ბრაზილიური პორტუგალიური), კიდევ 2 ენა იცის, ოღონდ კარგად არა და გეგმაში აქვს უკეთ შეისწავლოს. ჩემი შვილები ჩემი სიმდიდრე , სიამაყეა, ბედნიერება და სიხარული. მათთვის ვსუნთქავ და ვცხოვრობ! მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი შვილები მყავს. 

-კულინარიაზე მრავალი ჯგუფია შექმნილი, მაგრამ მგონი, „გურმანი“ ყველაზე მრავალრიცხოვანია, როგორ მოახერხეთ 120 000-ზე მეტი ადამიანის დაინტერესება?

130 300-ზე მეტი წევრია  ჯგუფში  და მსურველების ნაკადი არ წყდება, გურმანში განსაკუთრებული გარემოა, თბილი, მეგობრული, პოზიტიური და ამავე დროს ძალიან საჭირო რეცეპტებით, რჩევებით  კულინარიული სიახლეებით (და არა მხოლოდ), ახალბედებისთვის, ასაკოვანი, გამოცდილი ქალბატონებიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ეცნობიან  ჯგუფში.

-მგონი, ყველაზე ორიგინალური და ქარიზმატული ადმინი ხართ, ზოგჯერ გამოცანებს და სასაცილო სიახლეებსაც სთავაზობთ ჯგუფის წევრებს. ეს ერთგვარი გართობაა, თუ სტრატეგია, რომ მრავალფეროვანი გახადოთ ჯგუფი?

-კი, გამოცანებს  პრაქტიკულად ჯგუფის შექმნის დღიდან ვპოსტავ, როგორც გართობა, რელაქსაცია, მათემატიკური გამოცანები ძალიან საჭირო აღმოჩნდა, როგორც მათემატიკის  კუთხით, ამავე დროს დაკვირვებისა და გართობის მხრივ. წლებია ასეთი სახის გამოცანებს ვპოსტავ და ყოველთვის ენთუზიაზმითა და სიხარულით ხვდებიან ჯგუფელები. შეუძლებელია, მხოლოდ საჭმელებზე ილაპარაკო, ცოტა  სხვა თემებზე გადასვლაც არის საჭირო. დიახ, ეს ჯგუფის ცხოვრებას  მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჯგუფი იყოს სივრცე, სადაც ადამიანი დაისვენებს პრობლემებისგან, ნეგატივისგან, მუდმივი დაპირისპირებისა და აგრესიისგან;  და ასევე მინდა განსაკუთრებულად ჩვენს ემიგრანტებზე ვთქვა, არა ერთმა და ორმა მომწერა პირადში, ზოგმა ჯგუფშიც საჯაროდ დაწერა, რომ გურმანი არის ის ადგილი, სადაც ისინი თავს საქართველოში გრძნობენ, საკუთარ სახლში,  მეზობლებთან და ახლობლებთან ერთად, მონატრების წყურვილს გურმანში იკლავენ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩემთვის  ჯგუფის ყველაზე  დიდი ღირებულება. მე ყველა ჩვენს ემიგრანტს ვუსურვებ მშვიდობიანად და მალე  სამშობლოში  დაბრუნებას, თავიანთ შვილებთან და მშობლებთან.  

-ადმინი თავად უნდა ერკვეოდეს იმ საკითხში, რის გარშემოც ამდენი ხალხი შემოიკრიბა, მე ვფიქრობ, „გურმანის“ პოპულარობის ფორმულა სწორედ ის არის, რომ თავად არაჩვეულებრივი კულინარი ხართ.

-დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის, მე მიჭირს იმის თქმა, როგორი კულინარი ვარ, ეს სხვისი შესაფასებელია. მაგრამ კულინარია მიყვარს ბავშვობიდან, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, ვყიდულობდი ყველა სახის ლიტერატურას,  წიგნები იქნებოდა თუ ჟურნალები, დღემდე მაქვს შენახული ჟურნალებიდან ამოჭრილი რეცეპტები.  სად იყო  მაშინ ინტერნეტი, ინფორმაციას ვიღებდით წიგნებიდან, მაქვს ძალიან ბევრი  კულინარიული წიგნი, ზოგი ძალიან იშვიათიც კი. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში კულინარია ძალიან განვითარდა, სულ ვეძებ ახალ ინფორმაციას, სულ  ვკითხულობ, ყოველ დღე, ისეთ სიმაღლეებზე არის ასული, რომ მუდმივად სწავლის რეჟიმში უნდა იყო და მაქსიმალურად ვცდილობ,  არ ჩამოვრჩე.

აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გურმანში უამრავი კარგი და ნიჭიერი კულინარია, ძალიან საინტერესო ნამუშევრებით. ასევე ბევრი ახალგაზრდაა ვისაც აინტერესებს კულინარია და მონდომებულები არიან, რომ ყველაფერი, ყველა ნიუანსი, ყველა დეტალი ისწავლონ და აითვისონ! ძალიან მახარებს ახალგაზრდების ასეთი ინტერესი და სურვილი. არც ერთი მათი კითხვა არ რჩება უპასუხოდ, ყველა გურმანელი დიდი სიხარულით  ასწავლის და უზიარებს მათ თავის გამოცდილებას, რაც ყველაზე ღირებულია, წიგნის წაკითხვა ყველას შეუძლია, მაგრამ გამოცდილების მისაღებად წლებია საჭირო და ეს გამოცდილება შეუფასებელია!  

„გურმანში“ ძალიან ბევრია გამოცდილი, მცოდნე, ნაკითხი და ასევე კეთილი, მეგობრული, თბილი ადამიანი!  საერთოდ, „გურმანი“ ჯგუფი არ არის, ეს დიდი ოჯახია. მე  ჯერ კიდევ 7 წლის წინ ვთქვი, რომ ჩვენ ოჯახი ვართ და მოდით, ვიცხოვროთ როგორც ერთი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა. ყველას მოეწონა  ასეთი სტატუსი და ასე გრძელდება დღემდე, ასე იქნება მომავალშიც.

არსებობს გაცილებით მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებსაც რამდენიმე ადმინი მართავს, არის მკაცრი წესები, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევს. თქვენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?

-„გურმანში“ მარტო მე ვმუშაობდი დაარსებიდან, მერე სადღაც 2 წლის წინ დავნიშნე მოდერატორები,  სამნი არიან, ძალიან კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი ქალბატონები, ყოველთვის საინტერესო პოსტებით და რეცეპტებით ახარებენ  ჯგუფის საზოგადოებას, არანაირი მენტორობა მათი მხრიდან არ არის,  ყოველთვის მოთმინებით, კორექტულობით, დამატებითი ახსნა-განმარტებით მუშაობენ, ახსენებენ ჯგუფის წესების   შესახებ. ერთი გუნდი ვართ, ვმუშაობთ კოორდინირებულად, თუ რამე გაურკვეველია  ან გასაკეთებელი, გვაქვს ჩვენი ჩატი, იქ ვთათბირობთ, გადაწყვეტილებასაც ვიღებთ ერთად, თუმცა არის მომენტები როცა მე ერთპიროვნულად ვწყვეტ, რომ არ იყოს გაურკვევლობა. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. დიახ, ჯგუფში არის წესები, მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური და ლოგიკურიცაა, სადაც რამე წესები და ნორმები არ არსებობს, იქ  უცილებლად იქნება ანარქია. 

ამბობენ, რომ ჯგუფები, სადაც 20-30 ათასი წევრია, შემოსავლის წყაროდაც გაიხადა ბევრმა, თქვენ ამ მხრივაც გამონაკლისი ხართ. რეკლამა არასდროს მინახავს თქვენთან, ფიქრობთ, რომ ჯგუფი უინტერესო გახდება?

-არა, მაგიტომ არა, ეს, ალბათ,  უფრო ჩემი ხასიათი და არსია. მთელი ცხოვრება ასე ვარ, სადაც შემიძლია რამე გავცე, გავცემ სიხარულით და სიყვარულით. ნეტავი უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს ჩემი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის და გავაკეთებდი. ჩემი შესაძლებლობები ისეთი მწირია, ვიწრო არეალი მაქვს  და  სადაც მოვახერხე რამის გაკეთება, იქ ვაკეთებ. ისე, ბევრმა მომწერა პირადში, გაკვირვებულმა და გაოგნებულმა, რომ მე  არანაირი ფინანსური სარგებლობა არ მაქვს ჯგუფიდან, რომელშიც მთელ დღეს და ლამის ღამეებსაც ვათენებ, მეკითხებოდნენ, რატომ? რისთვის აკეთებ ამას?  პასუხი მარტივია –  ეს სიყვარულია, როცა ადამიანი, როგორც უფლის ქმნილება და ხატი გიყვარს, რა ანგარებაზე და ფულზეა  ლაპარაკი? ისე, ბევრჯერ დავეხმარეთ გაჭირვებულებს. 13 ივნისის ტრაგედიით დაზარალებულებსაც გავუწიეთ დახმარება, ჩვენს შესახებ „კავკასიამ“ სიუჟეტიც მოამზადა.

-გარდა ამ ჯგუფისა, თქვენ გაქვთ ფეისბუქგვერდი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია, მოგვიყევით იმ გვერდზეც.

-დიახ ეს  ჩემი პატარა ბიზნესია, რომელიც ასევე მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით წამოვიწყე. ოჰ, ეს მეგობრები, ხან რას დამაძალებენ, ხან რას. ეს ხუმრობით . ვამზადებ დიეტურ, პიერ დუკანის დიეტის მიხედვით   კერძებს, ცომეულს და ნამცხვრებს, რომლის უმეტესობის ავტორი მე ვარ და უზომოდ მახარებს  რომ ჩემს მომხმარებლებს მოსწონთ ჩემი  მომზადებული,  კიდევ მაქვს ახალი   ნამცხვრების და ტკბილეულის  იდეები, ჩანაფიქრები,  ახლო მომავალში შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: