,,რატომ უნდა მომწონდეს ამიხსენით?..ძმა მომიკლეს!”-სოფო სალუქვაძე

Nusagi

,,თუ არ მოსწონს ადამიანს ე. წ ,,გაერთიანებული ოპოზიცია”, უნდა ფსიქიატრიულში იმკურნალონ….ბნელები! თურმე ზოგიერთი ნათესავიც ასეთი მყოლია!!

რატომ უნდა მომწონდეს ამიხსენით?…..ძმა მომიკლეს!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მხატვარი, სოფო სალუქვაძე

(იხ. დავით მხეიძის სტატია, რომელიც geworld.ge-ზე გამოქვეყნდა. )

ანანია სალუქვაძე, თავისი დროის გამოჩენილი პუბლიცისტი, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი, სოციალდემოკრატი, 1918 წლის დამფუძნებელი კრების წევრი, ემიგრაციაში არ გაჰყოლია ჩიტირეკია ჟორდანიას მთავრობას…

მტკიცედ გადაწყვიტა – სადაც ჩემი ხალხია, მეც იქ უნდა ვიყო!

 ჰოდა, ეს სიმტკიცე ძვირად დაუჯდა:

  20-იან წლებში ჯერ მეტეხის ციხე და შემდეგ ევპატორია – როგორც სუსტი ჯანმრთელობის პატრონი, ციმბირის გულაგებთან შედარებით, რბილ კლიმატურ ზონაში გადაასახლეს. სადაც მოკლე ხანში ჩააკითხავს მისთვისვის სრულიად უცნობი, მასზე ბევრად უმცროსი, ულამაზესი გოგონა.

საბედო ორაგველიძეს, რომელიღაც მიტინგზე უნახავს ანანია სალუქვაძე. გიმნაზისტი გოგონა მოხიბლულა ანანიას მჭერმეტყველებით, გარეგნული მამაკაცური სილამაზით და, რომ იტყვიან ერთი ნახვით შეჰყვარებია უცნობი მამაკაცი. ჰოდა, გაუგია რა მისი გადასახლების ამბავი, მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტომ ჩააკითხა ანანიას შორეულ ევპატორიაში.

წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ღვთისა და კაცისაგან დავიწყებულ პოლიტიკურ პატიმარს? ბევრი უუარია – ახალგაზრდა, ულამაზეს გოგოს, უკეთესი ბედი გეკუთვნისო, მაგრამ საბედოს თავისი გაუტანია – ან შენი უნდა გავხდე, ან არავისიო და…   საბედო – სახელიც სიმბოლური მიუცია ღმერთს და მართლაც ბედმა თავის ფეხით ჩააკითხა ანანიას.

რით არის ეს სიყვარულის ისტორია, დეკაბრისტების ცოლების ამბავზე ნაკლები?..

ჰოდა, სწორედ ამიტომ დაიბადა შორეულ ევპატორიაში  შოთა სალუქვაძე.  კაცი, რომელიც მის სიყრმის მეგობარ,  დოდო აბაშიძესთან ერთად, ლამის მთელი საქართველოსთვის ვაჟკაცობის, რაინდობის, კაცობის, ქართველობის მაგალითი იყო. თბილისში „შავი დათვი“ შეარქვეს ვერელებმა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებთ იქნება. მანამდე კი…

შოთას დაბადაებდან მოკლე ხანში, ანანიას, „რბილი“ ევპატორია, უფრო მკაცრი რეჟიმით    შეუცვალეს და ყაზახეთის გზას გაუყენეს, სადაც ცოლშვილი აღარ იახლა და საქართველოში გამოუშვა. თავად კი 1942 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა ისე, რომ მისი საფლავიც იქ დაიკარგა.

ამასობაში შოთა გაიზარდა და როგორც ზემოთ ითქვა, მთელი საქართველოს, თბლილსის საყვარელ კაცად იქცა ეს დაბადებიდანვე რთული ბიოგრაფიის კაცი, რომელიც შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც მაშინდელ შემოქმედებით ინტელიგენციაში, ასევე უბრალოდ ქუჩაში, გნებავთ ე.წ. შავ სამყაროშიც.

  თეატრმცოდნეობის პროფესორი, საქართველოს ტელევიზიის  ერთ-ერთი დამფუძნებელი,  სადაც ბოლო დრომდე,   არსებობდა მისი სახელობის კაბინეტი, რომელიც  ნაცებმა მოსვლისთანავე გააუქმეს.

 შოთა სალუქვაძეს არ ასვენებდა დიდი მამის აჩრდილი და მოხდა სასწაული – ღვთის განგებით და საკუთარი მეცადინეობით, ყაზახეთის უდაბნოში მიაკვლია სახელოვანი მამის საფლავს და მისი ნატანჯი ძვლები თბილისში ჩამოასვენა!..

  მაგრამ ბოლშევიკების ხელისუფლება მენშევიკის დაკრძლავის ნებას არ იძლეოდა და დიდი ხნის განმავლობაში, ძვირფასი ნეშტი შოთას მეგობრის, ვერელი განაბის, „ბობას“ სარდაფში ინახებოდა.

ბოლოს შოთას „სვიაზებმა“ ეს წინაღობაც გადალახა და საბურთალოს სასაფლაოძე მიაბარეს მიწას სამშობლოსათვის დამაშვრალი ანანია სალუქვაძის ძვლები. სხვათაშორის ამ საფლავის, აკლდამის, მართლაც ხელოვნების ნიმუშის პროექტის ავტორი, შოთას მეგობარი, დიდი მერაბ ბერძენიშვილია…

თითქოს ეს იყოო შოთას ბოლო მისია ამ ქვეყნად და 1968 წლის 19 მარტს შოთა სალუქვაძე, 42 წლის ვაჟკაცი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და დღეს მამის გვერდით განისვენებს…

შოთას შვილი, დიდი ბაბუის სეხნია, ანანია სალუქვაძე, ჩემი სიყრმის მეგობარია…

ტელევიზიის შენობიდან გამოასვენეს შოთა სალუქვაძე, რომელიც კომპარტიის წევრი არ იყო.  უპარტიო კაცის სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოსვენება კი იმ დროს წარმოუდგენელი იყო.

კარგად მახსოვს, როგორ წაგვიყვანეს ანანიას თანაკლასელები დაკრძალვაზე. თუმცა ბავშვები ვერ ვაცნობიერებდით, რატომ დასტიროდა ზღვა ხალხი ასე მხურვალედ და გლწრფელად ჩვენი კლასელის მამას. ეს მერე გავიგეთ, როდესაც წამოვიზარდეთ და ყოველ 19 მარტსა და 19 აგვისტოს, გარდაცვალება-დაბადების დღეებზე, მეგობრის მამის საფლავზე დავიწყეთ სიარული. სადაც, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე მთელი საქართველოს, თბილისის ელიტა მოდიოდა. რის შემდეგაც, უკვე შედარებით ვიწრო წრე, როგორც წესი, შოთას ბიძაშვილის, ცნობილი აფთიაქარის, ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნის, სოკრატ სალუქვაძის სახლში ვიკრიბებოდით ქართულ სუფრაზე. ეს ტრადიცია ათეული წლების მანძილზე გრძელდებოდა.

 ვინ აღარ მინახავს იქ, დიდი პოეტები თუ მწერლები, მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები და რა ვიცი კიდევ ვინ აღარ. ჰო, „შავი დათვი“, შავი სამყაროს ავტორიტეტებსაც არ ავიწყდებოდათ. გადაუჭარბებლად ვიტყვი – ჩვენთვის, ანანიას მეგობრებისთვის,  „სასაფლაოს ურთიერთობებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენი, როგორც პიროვნებების ფორმირებაში. იქ გავიგეთ თუ ვინ იყო შოთა სალუქვაძე, მისი დიდი სამეგობროს მაგალითებზე ვხედავდი რა იყო სამშობლო, კაცობა, პატიოსნება…

ამასობაში ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა. ჩვენც, ჩვენს სავალ ბილიკებს ვეძებდით, რის დროსაც, რაღაც პატარპატარა გადაცდომები გვექნებოდა. რადგანაც სანიმუშო პიონერ-კომკავშირლები, დედიკოს ბიჭები ვერ ვიყავით. თუმცა ანანიას, დიდი მამის უჩინარი ხელი მუდამ მფარველობდა და ამ ხელს დოდო აბაშიძე ერქვა…

თავად ვარ შესწრებული, როგორ ეუბნებოდა დოდო, ანანიას – ბიჭო მოდი, სანამ ცოცხალი ვარ და შემიძლია „ პატარა, თითი მოგცეო“, მაგრამ ანანია, ნიჭიერი პროზაიკოსი და პოეტი, ის კაცი არ იყო, რომ თუნდაც მამის უახლოეს მეგობართან, რაიმეს სათხოვნელად მისულიყო!

 სამაგიეეროდ, როგორც წესი, თავად დოდო მოდიოდა ხოლმე უთხოვნელად, როცა მის ძმიშვილს რამე გაუჭირდებოდა და მასთან ერთად ანანიას მეგობრებსაც გვშველოდა…

სსრკ-ც დამთავრდა და დოდო აბაშიძეც. ჰოდა ის, რაც არ იკადრეს კომუნისტებმა, „ნაცებმა“ იკადრეს!  „ჩაუდეს“ და მძიმე ავადმყოფი ანანია „გასროკეს“.

რა აღარ ვცადე ძმობილის საშველად?..

ბოლოს, ერთი ძველი ქალაქელის კაცის ორმოცზე მივედი, რომ იქნება შოთა სალუქვაძის საძმაკაცოდან ვინმე მენახა,  მაგრამ  გულიანს ფული არ ჰქონდა და პირიქით, ფულიანს გული არ აღმოაჩნდა. არადა  თუნდაც მხოლოდ იმ სუფრის ხარჯი ეყოფოდა „საპროცესო გარიგებით“ ანანიას სიკვდილს გადარჩენას…

  2009 წლის 25 აგვისტოს, პრაქტიკულად უკვე მომაკვდავი ანანია სალუქვაძე, გადმოაგზავნეს ინფექციურ საავადმყოფოში. სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა…

გარდაცვალებამდე  2-3 საათით ადრე დარეკეს მაშინ  დიმა შაშკინის უწყებიდან და ბრძანეს – ბადრაგი მოხსენით, პრეზიდენტმა შეიწყალა, 28 აგვისტოს მარიამობის შეწყალების სიაში შეიყვანესო.

ეს ამბავი უხარებიათ მომაკვდავისთვის:

დამთავრდა ბიჭო ყველაფერი, თავისუფალი ხარო! ანანიამ კი, მე ისედაც თავისუფალი ვარ, ამათი დედაც… უკვე მივდივარო და თვალებიც დაუხუჭავს უბედურს…

 ამ გაუგონარი ცინიზმის გამო, მაშინ პრესაში, რომ იტყვიან, ცა და ქვეყანა შევძარი – ნაცებმა ჯერ მოკლეს და შემდეგ მკვდარი შეიწყალეს მეთქი.

ანუ, ორი კურდღლი დაიჭირეს – „პაკაზატელი“ არ გაიფუჭეს ციხეში პატიმრის სიკვდილით და მიშა წარმოაჩინეს, როგორც გულმოწყალე პრეზიდენტი – ანანიას ხარჯზე, ერთით გაიზარდა შეწყალებულთა სია.

თუმცა „ჯერ მოკლეს“, იმას ვგულისხმობდი, რომ ანანიას გარდაცვალების მიზეზი ის იყო, რომ დროზე არ გაანთავისულლეს ცეროზით, დიაბეტით დაავადებული პატიმარი, მაგრამ…

 „არ არსებობს დაფარული, რომელიც არა გაცხადდესო“ და  ანანიას თანამოსაკნისგან შევიტყვეთ რა და როგორ იყო: თურმე ანანიას საკანში, ვიღაც ყმაწვილს, შეუვარდნენ შაშკინის ცხოველები და  ფეხქვეშ გაიგდეს საწყალი. ნარზე მწოლიარე ავადმყოფ ანანიას, ვერ მოუთმენია და გამოსარჩლებია, რას შვებით კლაავთ თქვე მხეცებოო?..

ჰოდა, იმ ყმაწვილის თავი ანებეს და ახლა ანანიას შესდგომიან წიხლით…

2 დღე სისხლი უფურთხებია უბედურს და მერე რაც იყო, ხომ ზემოთ მოგახსენეთ…

თუნდაც მხოლოდ ამიტომ, დიმიტრი შაშკინი ციხეში არ უნდა იჯდეს?

 რაოდენ სამწუხაროა, რომ ის, რაც დიდი ანანიათი დაიწყო, შოთათი გაგრძლედა, ასე უაზროდ დამთავრდა უმცროსი ანანიათი –  სახელოვანი ოჯახის მამაკაცური ხაზი დასრულდა…

დასასრულს მკითხველს ვთავაზობ ორ, სრულიად განსხვავებული პათოსის ლექსს, სადაც სჩანს ანანია სალუქვაძის ქართველობა და კაცობა…

 *****                                       

„ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში, ზამთრის ნაგავი ქარმა ახვეტა.

ძვირფასო, გუშინ მართლმსაჯულებამ, გამომიტანა მაინც დახვრეტა!

და მაპატიე საყვარელო დედა, ბოდიში…

თქვენს ლამაზ თვალებს ცრემლები ალბობს.

მე დავიღალე ტყვიის ლოდინში, ჟამი სევდასაც ალბათ გაალღობს.

და აღარ გინდათ ამდენი განსჯა, და აღარ გინდათ ამდენი ფიქრი.

სიკვდილი ახლოა და ყველას გვიცდის, სიკვდილი ხვედრია და არა დასჯა.

და აუხსენით იმ ძველ მეგობრებს, ვინც იშუშებდნენ ჩემთან იარებს.

რომ ცოცხალია ის ქუჩის ბიჭი, ის „ძველი ბიჭი“ მოხეტიალე“…

 *****                       

 გაიხსნა ძველი ჭრილობა, ვერ გავუფრთხლდით იარებს.

ცრემლი, სისხლი და გოდება შიგ სულში დაატრიალეს.

მზე ფითრდებოდა, ქრებოდა, თურმე არწივი კვდებოდა,

ყორნებს სვავები მიემხრნენ, გმირი კვლავ მარტო რჩებოდა.

არავინ იცის, რა ხდება ან კიდევ რა მოხდებოდა,

ჩვენი ცხოვრება ტიალი, უკუღმა ტრიალდებოდა.

ბავშვი, ქალი და მოხუცი, არავის ეცოდებოდა,

ვაი, რა ჟამი დაგვიდგა ძმაკაცი გვენატრებოდა!

მამა-პაპათა საფლავი ბალახით იფარებოდა,

ნაკადულები მთებიდან სულ სისხლით ფერადდებოდა.

“უშიში ვითარ უხორცო”, კაცი ბრძოლაში კვდებოდა.

ბედის ვარსკვლავი იწვოდა, მთვარე უკუღმა დგებოდა…

მზე ფითრდებოდა, ქრებოდა, მყინვარზე თოვლი დნებოდა,

ბედი ქართველი კაცისა არავის ედარდებოდა!

*****

იცი?

გაიფრენს წლები…

იცი?

გავქრებით ყველა.

დრო აშენებს და ანგრევს,

იცი?

ვინ ვიყავით ძველად…

თითქოს იძახის ვიღაც,

წარსული ფიქრებს რჩება…

ეს გაუმარჯოს იმ კაცს,

ვინც არასოდეს კვდება…

საქართველოა ჩემი,

სიყვარულიც და სევდაც…

თუ ვუღალატო იმ კაცს,

დამწყევლოს ქართლის დედამ!

იცი?

გაიფრენს წლები…

იცი?

გაქრება ყველა…

დროა ღმერთების ღმერთი,

იცი?

ვინ ვიყავით ძველად…

*****

 გულში ჩაქცეული ცრემლი დაღვინდება,

სევდას ამოიტანს კვამლი სიგარეტის…

ისევ პასიანსის ბანქო გაიშლება,

ისევ მარტო რჩება ჯვრის ვალეტი!..

მოვა სიჩუმე და ისევ გარინდება,

მოვა ყველაფერი კვამლში არეული…

ნუთუ ისევ გახსოვს და არ გავიწყდება,

ქალი მოჩვენება, ქალი მთვარეული!..

*****                     

 როცა ჩამოფასდები, მაშინ დაგაფასებენ,

მაშინ დაგაფასებენ ხმამაღალი ლოცვებით.

შორს ობოლი საფლავი, ხომ არავინ არ იცის,

ხომ არავის უნახავს, იქ წითელი მოცვები.

ამ ცხოვრების არსი, რთული გამოცანაა,

თითქმის ამოუხსნელი, ჩემი სულის სიმბოლო,

და ფიქრების ამარა, ვრჩები იმის ამარა,

დიდი გამოცანაა, სული რჩება თუ არა?..

*****

დოქი წაიქცა, ღვინო დაიქცა,

სიფხიზლე გაიქცა, იქვე წაიქცა,

მოვიდა ბახუსი და ქადაგად იქცა…

კვლავ სიყვარულის მიპყრობენ ფიქრები…

მითხარი ლამაზო! ვისი იქნები?

წაიქცა დოქი, დაიქცა ღვინო…

_ ითხოვენ ხატები!

ვფიცავ წმინდა ნინოს!..

იძახის წარსული, დიდი ხნის წასული,

ისევ ფიქრები _ ვისი იქნები?!

პასუხი ერთია, არ უნდა ლოდინი,

როდის მორჩება ამათი ბოგინი…

აჯანყდნენ ნერვები…

გაისმა კივილი…

_ რომელი სჯობია?!

სიცოცხლე, სიკვდილი?..

სიცოცხლე ტკბილია

თუ გწყალობს ბედი…

ზოგჯერ სიკვდილშიც არის იმედი!..

                                   *****

ჰაერში მოკვდა ძერა!

ეს იყო ძერას წერა…

გული გაუპო ტყვიამ

და მიიბარა წერამ…

მაშინ ვიქეცი ფიქრად

და ვიწყე ლექსად წერა,

ვერ გავექცევით, ვერა,

საკუთარ ბედის წერას!..

*****

გაზაფხული _ სიხარულია,

ზაფხული _ სიყვარული,

შემოდგომა _ სინანულია,

ზამთარი _ დასასრული…

შავი თვალები ღამეა,

თავბრუს გახვევს და გკლავს…

ლურჯი თვალები დაგახრჩობს

და გაგიყოლებს ზღვას…

წვიმა ბუნების ცრემლია,

თოვლი ბუნების სევდა…

ბუნების რისხვა ქარია,

მზე კი ყველაფრის დედა…

*****

შიში _ გაქცეული წლების,

შიში _ დაბრუნება…

შიში _ დარხეული ხმების,

შიში _ დადუმება…

შიში _ მოციქული მიწის,

შიში _ მოციქული ცისა,

შიში _ ჭეშმარიტებისა,

შიში _ სიყვარული ღვთისა…

*****

სიკვდილი _ შვება, როგორც დაბადება…

შვება _ დუელში ტყვია აცდენილი…

დარდი _ ვირუსია, იცის გადადება…

ბედი _ მერცხალია მოფრენილი…

ვნება _ ბახუსია, სულის დასათრობი…

სული _ უკვდავი, ყველაფრის მნახველი…

ადამიანი _ ღმერთის გასართობი…

სიკვდილი _ სიცოცხლის მეორე სახელი…

*****

„კლიენტურას“ უცდიან ქუჩის ქალები…

და ჟინმორეული ღამე იჩოქებს,

არაყს გაიყოფენ მაწანწალები…

და ძებნას დაუწყებენ გადაყრილ „ბიჩოკებს“…

*****

ნუ დაღონდები, ნუ…

ნელა მომეფერე, ნელა,

თავს ჩამოვიხრჩობ ღამით,

როცა დაიძინებს ყველა.

ნუ დაღონდები, ნუ…

ვიცი განშორება არ გსურს,

მაშინ ნუ წახვალ, ნუ!..

ერთად შევუერთდეთ წარსულს…

*****

ქალს უხდება სიხარული,

ქალი _ გაზაფხულის დღეა…

ქალს უხდება გაგიჟება,

ქალი _ მედეა…

ქალს უხდება დაფიქრება,

ქალი _ შემოდგომის ტყეა…

ქალს უხდება მორცილება,

ქალი _ ტყვეა…

ქალს უხდება სიჯიუტე,

ქალი _ კლდეა…

ქალს უხდება მოსართავი,

ქალი _ ნაძვის ხეა…

ქალს უხდება დედამიწა,

ქალი _ გეა…

******

მივყვები ზემელზე ჭადრების რიგს,

თბილისში წვიმს…

სულ ცოტა რჩება ვერამდე,

ვპოულობ და    კარგულ ფიქრს…

გული ვის მივცე, ვის?..

მოდი, შენ გაჩუქებ, მისს!..

მასველებს ცრემლები ცის,

ვერაზე სიკვდილიც ღირს…

*****

პატარა რუ,

ყოფილა ცრუ…

არ ჰქონდა შნო,

გამქრალა ტო…

P.S. კიდევ ბევრი ლექსი მაქვს ანანია სალუქვაძესი და მინდა, რომ წელს, მისი დაბადებიდან 60 წლისთავზე პატარა კრებულის სახით გამოვცე და ამით მოვიხადო ბოლო ვალი ჩემი ძმობილის წინაშე…

ავტორი: დავით მხეიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: