სახალხო დამცველი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

Nusagi

“ჩანაწერების გამოქვეყნება ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას და კითხვებს აჩენს მათ შესაძლო მონაწილეობაზე ან მათი საქმიანობის ეფექტურობაზე“, – ამის შესახებ სახალხო დამხველის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის სალომე სამადაშვილის პირადი კომუნიკაციის ამსახველი აუდიო ჩანაწერის გავრცელებას ეხმიანება. 

სახალხო დამცველი გმობს პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას. 

მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხზე ქვეყანაში და მოქალაქეებში აღრმავებს განცდას, რომ მათი პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია არ არის დაცული კონსტიტუციური გარანტიების შესაბამისად.

განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.

უკანონო ფარული მიყურადება და ჩაწერა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის წესით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის აუცილებლობაზე, რადგან არსებული საკანონმდებლო ჩარჩო შეიცავს უკანონო მიყურადების რისკს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითზე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წლის წინ დასრულდა, საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მათი კომპეტენციის შესაბამისად, დაიწყონ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს, მიმდინარეობდა თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩანაწერის მონაწილე პირების მიმართ.

Facebook Comments
%d bloggers like this: