გიორგი ვაშაძე – არავინ აპირებს​, მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს

Nusagi

იმედი მაქვს, მაიკ პომპეოსთან ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ იმ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება მისი გავლენები და აშშ-ს როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და დაველოდოთ. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც ექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ვისაუბრებთ უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბების შემდეგ. თუმცა, მე პირადად დავადასტურებ, რომ შეხვედრები მაქვს მათი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ასევე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, სადაც მან აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს აქციებით უნდა დახვდნენ.

„არავინ აპირებს, რომ მაიკ პომპეოს აქციით დახვდეს, რა სისულელეა, შეიძლება, რაღაც სიმბოლური ღონისძიება გვქონდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რაც აბსოლუტურად ჯდება ყველა ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ნებისმიერი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: