გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

Nusagi

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

“დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებულები ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს”, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ გორის რაიონულ სასამართლოში “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

როგორც ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებდა, ეს საქმე არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხვდება უდანაშაულო ადამიანი ბრალდებულის სკამზე. მისი თქმით, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, ვიდეო კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ მერაბ კობიაშვილს 5-დან 10-მდე პირმა რამდენჯერმე  ჯგუფურად მიაყენა სხვადასხვა დაზიანება. წააქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ – ურტყეს, აგინეს, აფურთხეს. მერაბ კობიაშვილი ცდილობდა, გარიდებოდა ამ პირებს, მაგრამ მისდევდნენ და აგრძელებდნენ მის ცემას.

 მერაბ კობიაშვილმა გამოიჩინა გასაოცარი მოთმინება. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, თავი დაეცვა და თავიდანვე სასიკვდილო დაზიანებები მიეყენებინა თავდამსხმელებისთვის, მან ეს არ გააკეთა და რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი თავი. დაინდო თავდამსხმელები, რომლებმაც ყველანაირ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯეს. უდიდესი შეურაცხყოფის მიუხედავად, გარდაუვალი თავდასხმის მომენტშიც კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, რის გამოც საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე. შედეგად მის მიმართ განხორციელდა მორიგი თავდასხმა, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა იარაღის წართმევის მცდელობას და თავად მერაბ კობიაშვილის საკუთარი იარაღით დაჭრას. 

Facebook Comments
%d bloggers like this: