ლევან გოგიჩაიშვილი – ივანიშვილს სამჯერ მეტი „გირჩი“ ურჩევნია პარლამენტში, ვიდრე ლევან გოგიჩაიშვილი

Nusagi

ივანიშვილი თავს გრძნობს წმინდანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, მაგრამ ის ვერ იგრძნობს ჩვენთან მიმართებაში ვერაფერს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მოუწევს ხელახალი არჩევნების დანიშვნა, რადგან წარმოუდგენელი დისკომფორტი ექნება.

„ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჭკუით, დაგვსაჯა. სამჯერ მეტი „გირჩი“ ურჩევნია პარლამენტში, ვიდრე ლევან გოგიჩაიშვილი, იმიტომ, რომ ბევრთან ის მორალურ უპირატესობაშია და ჩვენთან – არა. ის თავს გრძნობს წმინდანად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, მაგრამ ის ვერ იგრძნობს ჩვენთან მიმართებაში ვერაფერს. შტოებს შორის დაბალანსებული ურთიერთობა, ეკონომიკური განვითარება და კანონის უზენაესობა – ყველაფერი მოშლილია. ერთი ადამიანის ხელში როდესაც ექცევა ინსტიტუციები, რა მნიშვნელობა აქვს მას სააკაშვილი ერქმევა თუ ივანიშვილი?“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და დასძინა: „ჩვენი ხმები დაწვეს, ჩვენი ხმები შერეულია „ქართული ოცნების“ ბიულეტენებში“.

„იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი ვადამდელი არჩევნები, საჭიროა არ მოხდეს 91 დეპუტატის ლეგიტიმაცია. ეს არის მთავარი ამოცანა. ეს წარმომიდგენია მხოლოდ იმ დეპუტატების არშესვლით პარლამენტში, ვინც თქვა რომ არ შევა, რადგან არჩევნები გაყალბდა. რასაც ჩვენ ვუსმენთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი აპირებს საკუთარი სიტყვის გატეხვას, რადგან ომახიანი პოზიციები აღარ იგრძნობა. მე არ დავასახელებ კონკრეტულ გვარებს, მაგრამ ასე ჩანს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები სიტყვას გატეხავენ, შეიძლება ძალიან მძიმე პერიოდში შევიდეთ; დემოკრატიულობის პროცესი ძალიან დაზიანდება.

„ვაშაძის წინააღმდეგ მე ვიღებდი კამპანიაში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად და კიდევ ის არჩევანი რომ იყოს, იგივენაირად მოვიქცეოდი, რადგან მისი წარსულით და „ნაციონალური მოძრაობის“ ბექგრაუნდით ამ ადამიანზე ვარ ყველაზე ცუდი შთაბეჭდილებით. მე არ მაინტერესებს ვაშაძე, მაინტერესებს ისინი, ვინც თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივართ, რამდენად აქვს მათ სიტყვას ფასი და რამდენად შეიძლება აქედან რამე გამოვიდეს. თუ ისინი სიტყვას გატეხავენ, ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე პერიოდში შევიდეთ. დემოკრატიულობის პროცესი ძალიან დაზიანდება, თუ ყველას ყველაფერი შერჩა. დღევანდელი ხელისუფლება რატომ არის ასეთი? იმიტომ, რომ თავის დროზე ლევან თარხნიშვილი არ მისცეს პასუხისგებაში და ყველა ის ადამიანი, ვისაც არჩევნები აქვს გაყალბებული. პროკურორებს და მოსამართლეებს არ ვაგებინეთ პასუხი. თუ ყველას ყველაფერი შერჩება, ბიუჯეტის ქურდებს არ ვაგებინეთ პასუხი, იგივეს გააკეთებს კალაძე, იგივეს გააკეთებს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და პროკურორიც იგივენაირად მოიქცევა და სახელმწიფოს ვერასდროს შევქმნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერს აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში, ვიქნებით ტერიტორია, სადაც იქნება ნახევრად მაფიოზურ, ნახევრად კარტელური სიტუაციაა, ლათინური ამერიკის პატარა დიქტატორული ქვეყანა, რომელიც ფულს მარიხუანით შოულობს, კაზინოებით და მოსახლეობის 95% სიღატაკეშია, დანარჩენ 5%-იან ელიტას უჭირავს სიტუაცია ხელში“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: