მამამ კოვიდი გადააგორა, გამოწერეს და როდესაც ძალიან ბედნიერი იყო, მაშინ გარდაიცვალა-ლადო კოკაიას შვილი

Nusagi

საქართველოს რადიოს ყოფილი ხელმძღვანელი, პოეტი ლადო კოკაია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კოვიდ 19 დაამარცხა, ინსულტით გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილმა, ბექა კოკაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, როდესაც ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო და გამოწერეს საავადმყოფოდან, უეცრად ინსულტი დაემართა.

„გუშინ მამაჩემი გარდაიცვალა.
კოვიდი და გულის უკმარისობა გადააგორა. გამოწერეს. კარგად იყო.

როცა გვეგონა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ინსულტი დაემართა.

ბევრი არასდროს დამიწერია მამაზე. კეთილი კაცი იყო. საინტერესო კაცი იყო.

გუშინდელის მერე გული მაქვს ჩაწყვეტილი. ბევრი ემოცია იცვლება ტვინში.

საიდანღაც გამოჩნდა ეს ინსულტი, არავინ რომ არ ველოდებოდით.

ნათიამ მითხრა, არ ვიცი ეს რამდენად დაგამშვიდებს, მაგრამ მამაშენი ბედნიერი გარდაიცვალაო.

მეც ჩავეჭიდე ამ ხავსს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ძალიან უნდოდა ბუნებაში გასეირნება. შაკო და შაკოს მეგობრები მიდიოდნენ ტყეში საპიკნიკედ და მამაც გაყვა. მთელი გზა სხვადასხვა ამბებს ყვებოდა მანქანაში. მოწონდა მამას ამბების მოყოლა და ძალიან ბედნიერი იყო, როცა ყველა უსმენდა.

პიკნიკზე ცეცხლის დასანთებად ფიჩხიც შეუგროვებია. ბიჭებს უთქვამთ, არ დაიღალოო, მაგრამ მამამ პირიქით, ენერგიაზე ვარო. ძალიან ბედნიერი იყო. პატარა ბავშვივით უხაროდა.

უკანა გზაზე ჩაეძინა. საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ არც გაღვიძებია.

ესაა ჩემი ხავსი. მამას ბოლო დღე ბედნიერი იყო. რაც ყველაზე მეტად სიამოვნებდა იმას აკეთებდა მთელი დღე და ისე გარდაიცვალა, ვერ იგრძნო. ექიმმაც ასე მითხრა.

სულ მეშინოდა ეს საავადმყოფოში არ მომხდარიყო. იქ ალბათ ცოტა შეეშინდებოდა, უცხო გარემოში.

მე კარგი მამა მყავდა 💔

მე, თათია, ალეკო და ირინა აღარ ვართ ბავშვები, მაგრამ მაინც მგონია, რომ დავობლდით.

მშვიდობით, მა. ძალიან მომენატრები 🖤

პანაშვიდები – ხუთშაბათს და პარასკევს.
დაკრძალვა – შაბათს.

პაატა სააკაძის 13ა.“,-წერს ბექა კოკაია.

Facebook Comments
%d bloggers like this: