ბექა დავითულიანი: „ნაცმოძრაობის“ დაანონსებული კამპანია დემოკრატიასთან შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედებაა

Nusagi

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია მხარდამჭერებს აქეზებენ, რომ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა განახორციელონ.

დავითულიანის თქმით, აღნიშნული ქმედება დემოკრატიასთან შეუთავსებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.

„უკანასკნელი დღეების მანძილზე, „ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ. თუმცა, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.

გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იმავეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოველად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.

მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: