მოპარული ცხოვრება – ჯეისი დუგარდის შოკისმომგვრელი ისტორია

Nusagi

„მოპარული ცხოვრება“ ასეთი სათაური აქვს წიგნს, რომელიც 1991 წელს, აშშ-ში მომხდარ შოკისმომგვრელ დანაშაულს ეხება. ამბავი, რომელმაც მსოფლიო აღაშფოთა, თავად ავტორს გადახდა თავს. 

საქმე ეხება მანიაკის მიერ 11 წლის სკოლის მოსწავლის, ჯეისი ლი დუგარდის მოტაცებას. 

ის სკოლისკენ მიმავალ გზაზე უცნობმა ქალმა და მამაკაცმა მანქანაში ძალით ჩატენეს და მოიტაცეს. მას შემდეგ ჯეისის შესახებ არავის არაფერი სმენია. მისი პოვნა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს მოხერხდა. მთელი ეს პერიოდი გოგო მანიაკის სახლში ცხოვრობდა. 

18 წლის განმავლობაში ჯეისის დედა არ კარგავდა შვილის პოვნის იმედს. თავად ჯეისი კი, დღიდან დღემდე სიცოცხლისთვის იბრძოდა და სჯეროდა, რომ ოდესმე კვლავ ნახავდა დედას… და მხოლოდ 29 წლის ასაკში მოახერხა დაერეკა და ეთქვა: „დედა, მე ცოცხალი ვარ“.

ჯეისის ოჯახი- დედა, 1 წლის და და მამინაცვალი, კალიფორნიის პატარა ქალაქ ტახოში გადავიდნენ საცხოვრებლად. ადრე ორინჯის ოლქში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელ სახლში ქურდები შევიდნენ და გადაწყვიტეს, უფრო წყნარ და უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. მათ მიაჩნდათ, რომ პატარა, წყნარი ქალაქი საცხოვრებლად იდეალური იყო ოჯახისთვის. კარგი სკოლები, ინფრასტრუქტურა და ულამაზესი ტბა ტახო გამჭვირვალე წყლითა და საუკეთესო სათევზაო ადგილებით. ქალაქი ცნობილი იყო კრიმინალის დაბალი დონით და საუკეთესო ეკოლოგიით. ასეთ სამოთხეში გადაწყვიტა ოჯახმა ცხოვრება, თუმცა ზუსტად 1 წელიწადში უდიდესი უბედურება დაატყდა თავს.

მოტაცება 

ჯეისი მე-5 კლასში სწავლობდა, 1991 წლის 10 ივნისს ჩვეულებრივი მზიანი დღე იყო, დედა სამსახურში წავიდა, გოგონა კი, სკოლისკენ გაემართა. ის თითქმის მიუახლოვდა ავტობუსის გაჩერებას, როდესაც სერი ფერის სედანი გაჩერდა, საჭესთან მამაკაცი იჯდა, გვერდით კი, ქალი. გოგონას ეგონა, რომ გზას ეკითხებოდნენ და მიუახლოვდა, ამ დროს ფანჯრიდან ვიღაცამ ხელი გადმოყო და ბავშვს ელექტროშოკი მიადო. უცნობმა ქალმა კი, მანქანაში შეათრია. ყველაფერი ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.

სწორედ ამ დროს ჯეისის მამინაცვალი ველოსიპედით იმავე გზაზე აღმოჩნდა და ყველაფერი დაინახა. მამაკაცი მანქანას ველოსიპედით გაეკიდა, მაგრამ სედანი ისე სწრაფად წავიდა, რომ ნომრის დანახვა ამ საშინელი სცენის მოწმეებიდან ვერავინ შეძლო. 

მოტაცებიდან მალევე გრანდიოზული სამძებრო ოპერაცია დაიწყო. პოლიციელები ამოწმებდნენ ქალაქიდან გამსვლელ ყველა მანქანას, ჰაერში ვერტმფრენები დაფრინავდნენ, მაგრამ სერი სედანი არსად ჩანდა. რამდენიმე საათში ჯეისის სახლში მედიის წარმომადგენლები მივიდნენ. გოგონას გატაცების ამბავი მთელ ამერიკას მოედო. ტელევიზიით აჩვენებდნენ ქალის ფოტორობოტს და ძებნაში მყოფი მანქანის ესკიზს, ჯეისის ძებნაში უამრავი მოხალისე იღებდა მონაწილეობას. არ დარჩენილა ქალაქის არცერთი მცხოვრები, ვინც ბავშვის საძებნელად არ იყო გარეთ გასული. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა ბავშვის ასობით ათასი ფოტო, მაგრამ სედანის კვალს ვერავინ მიაგნო. 

ეჭვმიტანილები

პოლიციამ დაკითხა ოჯახის ყველა მეზობელი, ნაცნობი, ჯეისის კლასელები და მასწავლებლები. პირველი ეჭვმიტანილი მისი ბიოლოგიური მამა იყო. შესაძლოა, მას ყოფილ მეუღლეზე შურისძიება უნდოდა, ან შვილის დაბრუნება განიზრახა, თუმცა მამაკაცმა თავისი უდანაშაულობა დაამტკიცა. მეორე ეჭვმიტანილი ჯეისის მამინაცვალი იყო. მოტივი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ მამაკაცს არ სურდა სხვისი შვილის რჩენა და თანამზრახველებს ბავშვი მოატაცებინა. თუმცა მან სიცრუის დეტექტორიც წარმატებით გაიარა და თავისი უდანაშაულობაც დაამტკიცა.

დედა

ჯეისის დედა ტერი პრობინი თავსდატეხილმა უბედურებამ გაანადგურა. ახალგაზრდა ქალი ვეღარ ჭამდა, არ ეძინა და მუდმივად კანკალი იტანდა. ვერ საუბრობდა შვილზე, მაშინვე ტირილს იწყებდა, ერთადერთი, რაც ძალას აძლევდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა, ეს იყო შვილის პოვნის სურვილი. ტერიმ მიატოვა სამსახური და მთელ დროს ბავშვის ძებნაში ატარებდა. შექმნა ფონდი ჯეისის ძებნაში ჩართული მოხალისეების დასახმარებლად, შემოწირულობით ათასობით მაისურზე დაბეჭდა ჯეისის ფოტოები.

უბედურ დედას ბევრმა მეგობარმა გამოუცხადა მხარდაჭერა. მათ ასევე დატოვეს სამსახურები და ეხმარებოდნენ ყველაფერში, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. უამრავი პოსტერი წარწერით „დაგვიბრუნეთ ჩვენი ანგელოზი“ გაიგზავნა და გამოიკრა მთელ შტატში. დაწესდა ფულადი ჯილდო 40 000 დოლარის ოდენობით მათთვის, ვინც ჯეისის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა. დაიწერა სიმღერა „ჯეისი ლი“, რომელიც შტატის ყველა რადიოსადგურში გაიგზავნა.

ტერის უნდოდა, რომ ეს სიმღერა მომტაცებლების ყურამდეც მისულიყო და ბავშვი გაენთავისუფლებინათ. ქალაქ ტახოს მცხოვრებლებმა ქალაქი ჯეისის საყვარელი ფერის, ვარდისფერი ბაფთებით მორთეს, ამ აქციით ისინი ოჯახს ამხნევებდნენ და ეუბენოდნენ, რომ ჯეისის ბედის მიმართ გულგრილები არ არიან.

1996 წელს ტერიმ ყველა შტატში გაგზავნა ჯეისის ფოტოს მილიონი ეგზემპლარი. პორტრეტზე ჯეისი იყო გამოსახული ისეთი, როგორიც სავარაუდოდ, 16 წლის ასაკში იქნებოდა. 

ქალი დილით მხნედ გრძნობდა თავს, მაგრამ როდესაც ღამდებოდა და შვილის შესახებ კვლავ არაფერი ისმოდა, სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა. ერთხელ. როდესაც უძილო ღამის დროს მთვარეს უყურებდა, ტერიმ გაიფიქრა, რომ შესაძლოა, სადღაც, მისი შვილიც სწორედ ამ მთვარეს უყურებს. ქალი ხვდებოდა, რომ მის შვილს ამ წუთში მასზე მეტად უჭირდა. დედას მიაჩნდა, რომ არ ჰქონდა დანებების უფლება და მეორე დღიდან ახალი ძალებით იწყებდა შვილის ძებნას.

წლები გადიოდა, მაგრამ ჯეისიზე არაფერი ისმოდა.

ფილიპ კრეიგ გარიდო

ფილიპ გარიდო 1951 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ პიტსბურგში დაიბადა. მეზობლების თქმით, ბავშვობაში კარგი ბიჭი იყო. 1969 წელს მან სკოლა დაამთავრა და ამავე წელს ნარკოტიკებს მიეჩვია. შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვისთვის დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 21 წლის ასაკში ის 14 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მივიდა. დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

1973 წელს ფილლიპ გარიდომ ცოლად თავისი ყოფილი თანაკლასელი კრისტინ მერფი მოიყვანა. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. კრისტი ამბობდა, რომ ქმარი არაადეკვატურია და ყოველგვარი მიზეზის გარეშე აგრესიას ავლენს. ფილიპი ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა. ქალმა თავს გაქცევით უშველა.

1976 წელს ფილიპი საცხოვრებლად ტახოში გადავიდა, იქ კაზინოს ხშირი სტუმარი გახდა, იღებდა ნარკოტიკებს და ბევრს სვამდა. ერთხელ კაზინოს 25 წლის თანამშრომელ გოგოს ღამე ქუჩაში თავს დაესხა. მოიტაცა და ნევადას შტატის ქალაქ რინოში, ერთ-ერთ შენობაში მიიყვანა. გარიდომ ქალი გააუპატიურა და არავინ იცის, რა ელოდა მსხვერპლს, რომ არა ბედნიერი შემთხვევა. შენობის კარზე გატეხილმა საკეტმა ადგილობრივი პოლიციელის ყურადღება მიიქცია. კაკუნზე კარი გარიდომ გააღო და მის უკან მაშინვე გაისმა ქალის განწირული კივილი. გარიდო კვალვ საპატიმროში მოხვდა, თუმცა ამჯერად სასჯელს ვერ გაექცა და 1977 წელს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

1981 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან ცოლად ნენსი ბოკანეგრა მოიყვანა.

1988 წელს ფილიპ გარიდო სხვა ციხეში გადაიყვანეს და რამდენიმე თვეში, პირობით ვადამდე ადრე გაათავისუფლეს!

გარიდო ცოლთან ერთად კალიფორნიის შტატის ქალაქ ანტიოკში, დედის სახლში დასახლდა. გარიდოს დედა მძიმე ფორმის ალცჰეიმერით იყო დაავადებული და ფაქტიურად, ვერავის ცნობდა. ოჯახში ფილიპ გარიდოსთვის უახლოესი ადამიანი მისი ცოლი ნენსი გახდა, რომელიც მართლაც თავდავიწყებით იყო მეუღლეში შეყვარებული. მას არ აშინებდა ქმრის დანაშაულებრივი ფანტაზიები და 1991 წელს დათანხმდა, მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა – სექსუალური ჟინის დასაკმაყოფილებლად  ბავშვის მოტაცებაში დახმარებოდა. 

ცოლ-ქმარმა „საჩუქრის“ ძებნა დაიწყო. შეიძინა კამერა ზუმით, წყვილი დადიოდა პარკებსა და საბავშვო მოედნებზე, ფილიპი გიტარაზე უკრავდა, ის ბავშვებთან ზურგით დგებოდა, ნენსი კი, თითქოს ქმარს უღებდა, სინამდვილეში კი, ქმრის უკან მოთამაშე ბავშვებს იღებდა. ასე შეამჩნიეს ჯეისი, გოგონა ოქროსფერი თმებით და ფაიფურის მსგავსი სახის კანით. ახლა ფილიპს მხოლოდ ის სჭირდებოდა და ივნისის ერთ მზიან დღეს ფილიპმა და ნენსიმ ბავშვი მოიტაცეს. მასშტაბური ძებნის დაწყებამდე მათ მოახერხეს თავიანთ სახლამდე მისვლა, რომელიც 200 კმ-ით იყო დაშორებული შემთხვევის ადგილიდან. დამალეს ავტომანქანა და თვითონ კი, სახლში შეიკეტნენ. 

ტყვეობა

ფილიპ დუგარდმა ჯეისი პირველივე დღეს შხაპის ქვეშ გააუპატიურა. შემდეგ ბავშვი სახლის უკანა ეზოში გაიყვანა, სადაც რამდენიმე კარავი, ფოთლებით სავსე აუზი და ძველმანებით სავსე ფარდული იყო. ტერიტორია 2 -მეტრიანი ღობით და ხეებით იყო შემოსაზღვრული. პატარა ბეღელი ჯეისის საცხოვრებლად იქცა. ფილიპმა ხმის იზოლაციაზეც იზრუნა. გარშემო მეზობლები ცხოვრობდნენ, თუმცა ჯეისის ყვირილი არასდროს არავის გაუგია. ბავშვს მუდმივად ხელბორკილები ეკეთა, ფილიპი ეუბნებოდა, რომ გარეთ ველური ძაღლები დარბიან და თუ გაქცევას მოახერხებდა, საშინელი სიკვდილი ელოდა. მანიაკი ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, შემდეგ კი ბოდიშს უხდიდა და ეუბნებოდა, რომ ხმები ესმოდა, რომლებიც ამის გაკეთებას აიძულებდნენ. მისი თქმით, ეს ანგელოზები იყვნენ ან სულაც, დემონები. ეუბნებოდა, რომ ის შეპყრობილია და რომ არა ჯეისი, სხვა პატარა ბავშვებს წამებით მოკლავდა. არწმუნებდა, რომ მისი წყალობით, უამრავი ბავშვი გადარჩებოდა.

ჯეისის თავის სამყოფელში მხოლოდ ღამის ქოთანი და დასაწოლი ადგილი ჰქონდა. თვენახევრის შემდეგ ფილიპმა ის მეზობელ ოთახში გადაიყვანა, სადაც ბავშვი საწოლზე მიაბა. დიდი ხნის განმავლობაში ფილიპი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჯეისი ხედავდა. კაცს მისთვის ხშირად მიჰქონდა ჰამბურგერები, კოქტეილები და მაკდონალდსიდან კარტოფილის ფრი. ეუბნებოდა, რომ მადლობელი უნდა ყოფილიყო ბედის, რადგან შესაძლოა, ცუდი ადამიანებისთვის მიეყიდა, ვინც საჭმელსაც აღარ აჭმევდა. ერთხელ ტელევიზორიც მიუტანა, მაგრამ მხოლოდ ორი არხის ყურების უფლება მისცა, სადაც ახალი ამბები არ გადაიცემოდა. 

ჯეისის ოთახს ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც დღისით მხოლოდ ხეები მოჩანდა, ღამით კი, ოთახში მთვარის სინათლე შემოდიოდა. ამ დროს გოგონა დედაზე ფიქრობდა. ახსენდებოდა, როგორ უყურებდნენ ერთად მთვარეს და როგორ ჰკითხა ერთხელ დედამ, ახალი მთვარე უფრო მოწონდა, თუ სავსე.

ტყვეობაში ჯეისისთვის მთვარე დედის განსახიერება გახდა. ყოველი დღე ტირილში აღამებდა, მაგრამ გავიდა დრო და ჯეისი მიხვდა, რომ აღარ შეეძლო ტირილი. 

7 თვის შემდეგ ფილიპმა ჯეისის თავისი ცოლი გააცნო. ქალმა ბავშვს რბილი სათამაშო და შოკოლადის რძე მიუტანა. ნენსიმ მას ბოდიში მოუხადა და მოეფერა. შემდგომში ქალი ბავშვს ხან თბილად ექცეოდა, ანებივრებდა, მზრუნველობას იჩენდა, ხან კი ქმარზე ეჭვიანობდა და გოგონასაც სასტიკად ექცეოდა. თუმცა ხშირად აცნობიერებდა, რომ ის უდანაშაულო ბავშვი იყო.

13 წლის ასაკში ჯეისი დაფეხმძიმდა. ფილიპმა უთხრა, რომ საავადმყოფოში ვერ წაიყვანდა. მიუტანა ჟურნალები, წიგნები და უთხრა, გაცნობოდა მშობიარობაზე სტატიებს, რადგან ბავშვის გაჩენა სხვისი დახმარების გარეშე მოუწევდა. 

როდესაც მშობიარობა დაეწყო, ჯეისი ოთახში ჩაკეტეს. 1994 წლის აგვისტოში 14 წლის ჯეისი დუგარტს ქალიშვილი შეეძინა.

1997 წელს ჯეისიმ მეორე ქალიშვილი გააჩინა. ის ბავშვებს მარტო უვლიდა. სატელევიზიო გადაცემებით მიღებული ინფორმაცია ბავშვების გაზრდაში ეხმარებოდა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ნენსიმ თავი ზედმეტად იგრძნო. ახლა მის ქმარს ახალგზრდა სყვარელი და ორი შვილი ჰყავდა. ნენსი ქმარს საყვედურებით ავსებდა. ფილიპმა ჯეისის განუცხადა, რომ ამიერიდან ის ბავშვების დედა კი არა, და იქნება, გოგონებს კი სხვა დედა -ნენსი ეყოლებათ და ის იზრუნებს მათზე. 

ჯეისის უფლება მისცეს, თავისი ოთახიდან ეზოში გასულიყო. ის ახლა თავის შვილებთან ერთად ეზოში დიდ დროს ატარებდა, ეთამაშებოდა და ასწავლიდა ხატვას, წერა-კითხვას.

ფილიპ გარიდოს ტიპოგრაფიული ფირმა ჰქონდა, სადაც სავიზიტო ბარათებს ამზადებდა. 2000 წელს ჯეისიმ მასთან ერთად დაიწყო ოფისში მუშაობა სამხატვრო დიზაინერად. ოფისი ეზოს უკანა მხარეს, მათსავე ეზოში მდებარეობდა. ჯეისის კლიენტებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ხელი მიუწვდებოდა არა მხოლოდ ტელეფონთან, არამედ ელექტრონულ ფოსტასთანაც. მაგრამ არასდროს არავისთვის უთქვამს, რომ მოტაცებული იყო.

ჯეისის შემთხვევას განიხილავენ, როგორც სტოკჰოლმის სინდრომის ტიპიურ შემთხვევას, როდესაც ძლიერი ემოციური ზემოქმედების შედეგად, მსხვერპლს უჩნდება თანაგრძნობა და ზოგჯერ, უყვარდება კიდეც თავისი მომტაცებელი. ასეთ დროს მსხვერპლი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თუმცა ამას ჯეისისთან საერთო არაფერი ჰქონდა. გოგონა ყოველდღე თავისუფლებაზე ფიქრობდა, მაგრამ ეშინოდა თავისი და შვილების სიცოცხლის გამო. 5 კლასის განათლების მქონე გოგო დარწმუნებული იყო, რომ ტოტალური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და მისი მოქმედების გამო მკაცრად იქნებოდა დასჯილი.  

გათავისუფლება

ამ ისტორიაში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჯეისის გადარჩენა ძალიან ბევრჯერ შეიძლებოდა. პირობით ვადამდე გათავისუფლებულები პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან და გარედოსთან სახლში პოლიციელები შესამოწმებლად ხშირად დადიოდნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ 18 წლის მანძილზე, როდესაც ჯეისი მანიაკის სახლში ცხოვრობდა, ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა 60 – ჯერ მოინახულეს გარიდო. ერთხელ მათ კარი თავად ჯეისიმაც კი გაუღო, თუმცა საეჭვო არაფერი მოეჩვენათ. გარიდომ თქვა, რომ გოგონა მისი ძმისშვილი იყო და პოლიციელები ამ პასუხმა დააკმაყოფილა. 2006 წელს მეზობელმა სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ ფილიპ გარიდოს სახლის უკან, ეზოში ბავშვები კარავში ცხოვრობდნენ. პოლიციის ოფიცერმა გარიდო მოინახულა, გააფრთხილა, რომ ბავშვებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები უნდა ჰქონდეთ და წავიდა. 

გადიოდა წლები. მოტაცებიდან 18 წლის შემდეგ, 2009 წლის 24 აგვისტოს გარიდო ბერკლის უნივერსიტეტის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ჭირდებოდა ნებართვა სპეციალური ქრისტიანული ღონისძიების ჩასატარებლად. მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიაგნო სექსუალური პრობლემების გადაჭრის გზას, რომელიც თავად, კრიმინალურ წარსულში ჰქონდა. განცახდებაში გარიდოს ეწერა, რომ შეუძლია მსგავსი პრობლემების გადაჭრაში სხვებსაც დაეხმაროს, რადგან ეს ცოდნა ზებუნებრივმა ძალებმა ჩაუნერგა. 

პოლიციის ოფიცერ ქალს არ მოეწონა ახლადგამომცხვარი მომხსენებელი და მეორე დღეს განყოფილებაში დაიბარა. გარიდო თავის ქალიშვილებთან ერთად გამოცხადდა. პოლიციის ოფიცრებმა ყურადღება მიაქციეს, რომ გოგონების ქცევა არ იყო ნორმალური. საღამოს გარიდოს სახლში სამართალდამცველებმა მიაკითხეს და ოჯახის ყველა წევრი განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ისინი სხვადასხვა ოთახებში გაიყვანეს. ჯეისი ბოლომდე არ ტყდებოდა, რომ ფილიპის ძმისშვილი არ იყო. იგონებდა სხვადასხვა ისტორიებს. საბოლოოდ თავად გარიდომ აღიარა, რომ წლების წინ ჯეისი მოიტაცა და გააუპატიურა. 

მხოლოდ ამის შემდეგ გაბედა ჯეისიმ ეთქვა თავისი ნამდვილი სახელი და გვარი, თუმცა ხმამაღლა წარმოთქმის შეეშინდა, პოლიციელებს ქაღალდი და კალამი მოთხოვა და დაუწერა, რომ 18 წლის წინ წინ მოტაცებული ჯეისი დუგარდი იყო. 

გარიდო და მისი ცოლი დააკავეს, ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა კი ჯეისი ტელეფონით დედას დააკავშირეს. 

წინა დღეს ჯეისის დედა, ტერი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ცაზე სავსე მთვარე დაინახა. სწორედ შვილის პოვნის წინა ღამეს ქალმა მთვარის ყურებისას ხმამაღლა წარმოთქვა „სად ხარ შვილო“. მთვარე ორივე ქალის იმედის სიმბოლო იყო, თუმცა შეხვედრამდე მათ ამის შესახებ არ იცოდნენ.

მეორე დღეს ტერის დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი მოიძებნა. ჯეისის ხმის გაგონებაზე ქალი მხოლოდ ტიროდა. ტერის ასევე შეატყობინეს, რომ ორი შვილიშვილი ჰყავს- 15 და 11 წლის გოგონები. 

„მან მე გული ამომგლიჯა, მეზიზღება იმისთვის, რაც ჩემს შვილს გაუკეთა, მან ჯეისის წაართვა ბავშვობა, ყმაწვილობა, პირველი სუფთა სიყვარული, სკოლის გამოსაშვები, ამას ვერასდროს დავიბრუნებთ, ჩვენ არ წავალთ სასამართლოში და მასზე ჩვენი ცხოვრების არცერთ წუთს აღარ დავხარჯავთ!,-განაცხადა ტერიმ სატელევიზიო ინტერვიუში.

ფილიპ გარიდოს და მისი მეუღლის დაკავების ამბავი საინფორმაციო საშუალებებით გადაიცა. ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში დარეკა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჯერად ყველაფერს გააკეთებდა, რომ გარიდო სამუდამოდ დარჩენილიყო ციხეში. მისი თქმით, გარიდომ, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა წვენში, რის შემდეგაც გააუპატიურა. გარიდოს სასამართლო პროცესზე ეს შემთხვევაც იქნა მხედველობაში მიღებული. 

2011 წელს ნენსი ბოკაანეგრას 36 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ფილიპ გარიდოს კი, 431-ით.

დღეს ჯეისი და მისი შვილები სწავლობენ, მოგზაურობენ და თავისუფლებით ტკბებიან. ჯეისიმ შტატისგან კომპენსაციის სახით 20 მილიონი დოლარი მიიღო იმის გამო, რომ სამართალდამცველებს 60-ჯერ შეეძლოთ მისი გადარჩენა და ეს ვერ შეძლეს.

მას ახლა ლამაზი სახლი და ცხენების ფერმა აქვს, ხშირად მონაწილეობს საჯარო ღონისძიებებში. 

„ნუ შეგეშინდებათ, რომ სულელურად გამოიყურებით, როდესაც შეამჩნევთ, რომ ბავშვი უცნაურად იქცევა, მიუახლოვდით და ჰკითხეთ, რაშია საქმე. ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიძლება შეცდეთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მშობლებთან ერთად იყოს, მაგრამ მის ქცევაში რაღაც უცნაური დაინახეთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ, და აუცილებლად მიმართეთ პოლიციას, თუ რაღაცაში ეჭვი შეგეპარათ. შესაძლოა, ამ ბავშვს ეძებენ. ნურასდროს იქნებით გუგლგრილი“,-განაცხადა ჯეისიმ ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას.  

ის ჟურნალ People-ის ყდაზე რამდენჯერმე მოხვდა, ასევე სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარია. მისი ისტორია არ არის მხოლოდ მრავალწლიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამცირებაზე მოგონებები, არამედ საოცარი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ბავშვობაში მიყენებული უმძიმესი ტრავმებისა, ადამიანს წარსულისგან გათავისუფლება და ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. 

Facebook Comments
%d bloggers like this: