პეტერბურგის მცხოვრებმა The North Face -ის ფეხსაცმელში ჩინელი პატიმრის წერილი იპოვა

Nusagi

 

 პეტერბურგში მცხოვრებმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ინტერნეტით შეკვეთილ The North Face ​ ბრენდის სპორტულ ფეხსაცმელში იპოვა წერილი, რომლის ავტორიც დახმარებას ითხოვდა. ამანათის ფოტო გამოცემა Бумага-მ გამოაქვეყნა.

წერილი მიმაგრებული იყო მარჯვენა ფეხსაცმლის ზედა ნაწილზე და ინგლისურად ეწერა: „მიშველეთ, მე ჩინეთის ციხეში ვარ, გთხოვთ, დაეხმაროთ უიღურს“.

The North Face-მა თავდაპირველად მყიდველს ინსტაგრამზე გასცა პასუხი და წერილს „სპამი“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით, კომენტარი წაშალა, მამაკაცს კი, ოფიციალური პასუხი გაუგზავნა. პასუხში ნათქვამია, რომ The North Face ფეხსაცმლის წარმოაბეისას არ იყენებს იძულებით შრომას.

„გარწმუნებთ, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოების დროს არ ვიყენებთ იძულებით შრომას, თქვნს მიერ ნაყიდი ფეხსაცმლის წარმოებისას პატიმრების შრომა არ გამოგვიყენებია, ფოტოზე წარმოდგენილი ფეხსაცმელი ჩინეთში არასდროს ყოფილა“,-ნათქვამია წერილიში. მათივე თქმით, ფეხსაცმელი ვიეტნამშია შეკერილი, შემდეგ გაიგზავნა კომპანიის ფაბრიკაში, რომელიც ბელგიაში მდებარეობს, იქიდან კი, რუსეთის სადისტრიბუციო ცენტრში.

ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ სიტუაციას სერიოზულად მიუდგება და შიდა გამოძიებას ჩაატარებს. The North Face-მა მყიდველს მოთხოვა, უკან გაუგზავნოს ფეხსაცმელი, ქვითარი და წერილი. 

გამოცემის ინფორმაციით, ყუთზე, რომელშიც ფეხსაცმელი იყო მოთავსებული, მწარმოებლად მითითებულია შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია VF International SAGL.

უიღურები თურქული წარმოშობის ეთნოსია, რომლის სარწმუნოებაც ისლამია, მათი დიდი ნაწილი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ავტონომიურ ოლქში ცხოვრობს. 2020 წლის მარტში სტრატეგიული პოლიტიკოს ავსტრალიურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უიღურებს ჩინეთში იძულებით ამუშავებენ მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მწარმოებელ ფაბრიკებში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინელი პატიმრები შეტყობინებებს მალავენ პროდუქტებში, რომლებიც ევროპაში იგზავნება. 2012 წელს ამერიკელმა ქალმა იპოვა წერილი, რომელშიც ჩინელი პატიმარი წამებისა და იძულების შესახებ წერდა. წერილი დამაგრებული იყო კოსტიუმზე, რომელიც ქალმა ჰელოუინისთვის იყიდა. 2014 წელს ირლანდიაში ქალმა ახალი შარვლის ჯიბეში იპოვა წერილი: „ჩვენ ციხეში ექსპორტისთვის ვამზადებთ მოდურ ტანსაცმელს. ვმუშაობთ დღეში 15 საათს, საკვებს კი, რომელსაც გვაძლევენ ძაღლებიც არ მიეკარებიან“,-ეწერა წერილში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: