როინ შავაძის მეუღლე: ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, გაგვწირესო და ეს არ აპატიეს

Nusagi

2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როგორც იქნა სამართალმა იზეიმა.

თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოში როინ შავაძის საქმეზე 12 წლის განმავლობაში სამართალი არ დადგა.

„ახლა დამირეკა ადვოკატმა, ჯერ არაფერი წამიკითხავს. რა უნდა ვთქვა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს პატრიოტს პატივს არავინ სცემს და დღემდე არავის გახსენებია. სავალდებულო იყო, რომ საზღვარგარეთიდან მოსულიყო ეს პასუხი? ნუთუ, ამ ქვეყნის მოქალაქე არ იყო, რომ მის ქვეყანას დაეცვა და მთავრობას რამე ეთქვა. როგორ ვთქვა, რომ მიხარია, მას ხომ არაფერი დააბრუნებს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალმა იზეიმა.

მიზეზები ჰქონდა მთავრობას, იყო მებრძოლი, ვაჟკაცი, არ იყო ხელქვეითი და ადვილად მოსაბრუნებელი. სამშობლოს სიყვარული დანაშაული თუ იყო, არ ვიცოდი. 18 წლიდან ფორმა არ გაუხდია, რატომ მოხდა ეს, რისთვის? თუ დამნაშავე იყო, რატომ ვერ დასაჯეს, დაესაჯათ კანონით და არა ისე წამებით მოეკლათ. ამასაც კი უარყოფდნენ, რომ წამებით იყო მოკლული. კარგი, ის მთავრობა უნამუსო იყო, მაგრამ ახლანდელმა რა გააკეთა? მკვლელების მფარველები არიან? 12 წელი რა გააკეთეს, ძალიან მტკივა გული, სამართალი ხომ უნდა დამდგარიყო.

ხელახალი გამოძიებისთვის რამდენჯერ მივმართე, ყოველ მეორე თვეს, უამრავჯერ მივმართე. ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. დაავიწყდათ, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე და ვაჟკაცი გამოაცალეს ქვეყანას. საერთოდ არაფერს გვეუბნებოდნენ, პირიქით, ჩვენ გვკითხავდნენ. დაკითხულია 400 კაცი. არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, დანაშაული არაფერი იყო და რა ექნებოდათ, მხოლოდ მათი შეცდომები“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

მისივე თქმით, როინ შავაძის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი.

„ჩემი მეუღლის მკვლელობით დაინტერესებული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ახალაიები და მერაბიშვილი, მეტი არავინ. იქედან მოდის, მათი დანაშაული ვიღაცაზე ხომ უნდა დაებრალებინა. აიღეს ვაჟკაცი, რჩეული ბიჭები და დანარჩენს აჩვენეს, რომ თქვენ თუ რამეს იტყვით, ამაზე უბედურად მოგექცევითო. მან იცოდა ისეთი რაღაცა, რომელიც არ აწყობდათ და ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, დაგვყარეს, გაგვწირესო. აი, ეს არ აპატიეს.

ორჯერ მიბრუნდა და მიცვალებულები გამოიტანა. იქ დარჩენა უნდოდა და მოღალატე იყო? იქ ვერ დარჩებოდა, მიცვალებულები და დაჭრილები რომ ჩამოიყვანა? იმ მთავრობამ იცოდა, რომ ის არ გაჩერდებოდა და ეს არ აწყობდათ. იცოდნენ, ბიჭებისთვის უთქვამს და არის ჩანაწერები, რომ ყველა შევიკრიბებით, ყველაფერს ვიტყვით და ვერავინ გამაჩერებსო. წყალი არ დაულევია ისე მოკვდა. ყავა რომ მოვუხარშე, მითხრა, ვერ ვსვამო. ბიჭები ისე მოკვდნენ, წყალი არ ჰქონდათ, რომ დაელიათ და მე ყავა დავლიოო? შოკში იყო, ძალიან ცუდად იყო. ომიდან რომ დაბრუნდა, სამხედრო ნიშნები არ ჰქონდათ, ბაზაზე შესვენებაზე გამოვიდა, ძველი ოქროს ბირჟის ტერიტორიაზე, სადაც სამხედროებისთვის ეს ნიშნები იკერებოდა და იქ აუყვანიათ.

ვიდრე ამ ფაქტს გავიგებდი, ბაზიდან დამირეკეს, შესვენებაზე გავიდა და არ დაბრუნებულაო. დღეს რომ ვფიქრობ, ეს იცოდნენ და იმიტომ განგებ დამარეკინეს. ჩემი ბოლო ზარი იყო მასთან, ვკითხე, თუ რატომ იგვიანებდა სამუშაოზე და რატომ მირეკავდნენ მე. ე.ი. ისინი ჩემი დახმარებით გავიდნენ კვალზე და დაადგინეს მისი სამყოფელი. რომ აიყვანეს, შემდეგ უკვე ჩვენ, მთელი საგვარეულო, 4-5 მანქანა დავდიოდით და დავეძებდით ყველგან. საღამოს გვითხრეს, რომ აიყვანეს და თბილისში წაიყვანეს. საღამოს უბნის რწმუნებული მოვიდა და გვითხრა, რომ რესპუბლიკურში იყო რეანიმაციაში, სადაც უნდა მივსულიყავით. იქ მისულს ძალიან ბევრი ფორმიანი დაგვხვდა, ის კი უკვე პროზექტურაში იყო გადასვენებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

1tv.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: