საბა ბუაძე პოლიტიკურ აქტორებს ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისადმი დამორჩილებას ურჩევს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ქმედებები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს არ შეიცავდეს.
„ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღესაც აწესებს, არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ გადაადგილების და ბევრი სხვა შეზღუდვის დაწესება იმ ფორმით, როგორც ამას აკეთებენ პარლამენტის, პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე. სწორედ ეს არის არაკონსტიტუციური და ვერანაირ სამართლებრივ ტესტს ვერ უძლებს. სამართლებრივი თვალსაზრისით აქ არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ამიტომ თუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკურ აქტში მიიღოს მონაწილეობა, ეს ადამიანები არიან თავისუფლები, თუმცა, ყველას მინდა ვურჩიო, რომ დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც არსებობს და ნუ მივცემთ საშუალებას ნურც ხელისუფლებას და ნურც სხვებს, რომ ეს გამოიყენონ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა ბუაძემ.