მედიცინა

ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენთვის გამოჯანმრთელება მოელოცათ და მოგფერებოდნენ

Nusagi

ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიკავშირდა უბრალოდ იმისთვის, რომ თქვენთვის გამოჯანმრთელება მოელოცათ და მოგფერებოდნენ,-ასე დაიწყო ინტერვიუ პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანმა მარი მალაზონიამ ინფექციური საავადმყოფოს მთავარ ექიმთან, პროფესორ თენგიზ ცერცვაძესთან. 

მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში, არ ახსოვს, რომ თენგიზ ცერცვაძეს პირობა გაეტეხა და გადაცემაში მონაწილეობა არ მიეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

გადაცემაში, რომელიც ეხებოდა აივ-ინფექციას, შიდსსა და კოვიდ-19-ს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ განსხვავებით ც ჰეპატიტის ვირუსისგან, აივ-შიდსის ვირუსი მოხვდება რა ორგანიზმში, ის მას არასდროს ტოვებს, ამიტომ აუცილებელია,  დროული გამოვლენა.  ეს ვირუსი ორგანიზმში მოხვედრისთანავე არ იწვევს დამანგრეველ მოქმედებას, არ აზიანებს იმუნურ სისტემას, წლების მანძილზე ის შესაძლოა, მშვიდობიანად თანაარსებობდეს ადამიანის ორგანიზმთან. ცერცვაძის თქმით, ამ სტადიას ეწოდება აივ-ინფექცია, ხოლო ტერმინი შიდსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვირუსი დაიწყებს იმუნური სისტემის დაზიანებას.

„ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის განიარაღება, ის რჩება იმუნური სისტემის გარეშე. შიდსის სტადიაზე პაციენტს უჩნდება უამრავი დაავადება, მას შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერი დაავადება. მეტ-ნაკლებად ეფექტური მედიკამენტების შექმნის შემდეგ მას, ვინც პირველ სტადიაზე იწყებს მკურნალობს, აქვს დიდი შანსი, რომ დარჩეს ინფიცირებული, მაგრამ არ დაემართოს შიდსი. საქართველოში არის ყველა პირობა იმისა, რომ ნებისმიერი რისკის მქონე ადამიანმა გამოიკვლიოს თავი. ც ჰეპატიტიანის სრული განკურნება მოხდება, მაგრამ შიდსის ელიმინაცია არ მოხდება, რადგან ის განუკურნებელია, მაგრამ ინფიცირებული ადამიანი ვერავის ვეღარ გადასცემს ვირუსს. 2025 წლისთვის მოხდება ც ჰეპატიტის ელიმინაცია და შიდსის ეპიდემიის დასრულება. თუ ევროპასა და აშშ-ში ეს იგეგმება 2030 წლისთვის, საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, რომელიც დაამთავრებს ორივე ეპიდემიას 2025 წლისთვის. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნის 2 მთავარ ეპიდემიას დაამარცხებს. აივ ინფიცირებულებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი, ჩაიტარონ გამოკვლევა და არასდროს დაემართოთ შიდსი“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კოვიდ-19-ს, თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეს საქართველო პიკშია და სავარაუდოდ, 2-3 კვირაში უნდა მოხდეს ახალი შემთხვევების რიცხვის შემცირება.

„მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვიცი, რომ არის დაძაბულობა, შფოთი, მოლოდინი, რომ შესაძლოა იქნეს სიკვდილიანობის დრამატული ზრდა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ბევრია და საქართველო პირველ ადგილზეც კი გავიდა მოსახლეობის ინფიცირების პროცენტული მაჩვენებლით, მინდა მიუხედავად ამისა, ქვეყნის ჯანდაცვა ახერხებს კლინიკურ მართვას. თქვენ ალბათ შემეკამათებით, როგორ ახერხებს, როდესაც სასწრაფო იგვიანებს, ტესტების პასუხი აგვიანებს, მაგრამ მინდა მივმართო თხოვნით ყველას და ვუთხრა, რომ შეფერხებების მიუხედავად, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მისი სიცოცხლე დაცულია. საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, როდესაც უცხოეთში ასეთი ასეულობით შემთხვევებია. ნუ ვაიგივებთ ამას სასწრაფოს დაგვიანებასთან, ან 1-2 დღეს საავადმყოფოში დაწვენის შეფერხებასთან. შვედეთშიც კი, იყო გაცემული მითითება, რომ 65 წლის ზემოთ არ მომხდარიყო ადამიანის გადაყვანა საავადმყოფოში, ასეთი რამ გინახავთ საქართველოში? აქ კოვიდით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელია, 0,92 %-ა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 ინფიცირებულიდან 1-ზე ნაკლები გარდაცვალება ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზაცია, გავუსწოროთ თვალი სიმართლეს, რომ ნამდვილად არის შეფერხებები, მაგრამ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მისი სიცოცხლე დაცულია“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,892 ნახვა
%d bloggers like this: