საზოგადოება

დავით ხახალეიშვილმა, გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.

Nusagi

სამგზის ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში, დავით ხახალეიშვილმა, გუშინ, 3 დეკემბერს, ქალაქ მინსკში, გულის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც დავით ხახალეიშვილის ოჯახის წევრებმა, ,,ინფო ფოსტალიონს” განუცხადა, ოპერაცია 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, კარგად ჩაიარა და ამ ეტაპისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დავით ხახალეიშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

,,ძვირფასო მეგობრებო! როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, შემექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დამიდგინეს გულის ძალიან რთული დაავადების უმძიმესი დიაგნოზი. ჩემი მდგომარეობა თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში კრიტიკულად შეაფასეს. სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა გულზე ძვირადღირებული და ურთულესი ოპერაციის ჩატარება იყო. ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის 250 ათასი აშშ დოლარი მესაჭიროებოდა. იძულებული გავხდი თქვენთვის მეთხოვა დახმარება. გვერდში დამიდგნენ ჩემი ახლობლები, მეგობრები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.

თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ამ თანხის შეგროვება თითქმის წარმოუდგენელი იყო… ამ უმძიმეს ვითარებაში დახმარების ხელი საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამომიწოდა. ფონდმა, რომელიც წლებია გვერდში უდგას ქართულ სპორტს და უპრეცედენტო ქველმოქმედებას ახორციელებს, ამჯერად მიზნად ჩემი სიცოცხლის გადარჩენა დაისახა. „ქართუ“ სრულად დააფინანსებს ოპერაციასა და მკურნალობას. სიტყვებით რთულია გამოვხატო ჩემი მადლიერება.

მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ მე სიცოცხლის შანსი მომეცით და ჩემს ოჯახს იმედი ჩაუსახეთ! მადლობა ჩემს ოჯახს, ახლობლებს, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, ჟურნალისტებს, ქართული ძიუდოსა და მთლიანად ქართულ სპორტულ ოჯახს. მეამაყება, რომ მეც ამ ოჯახის წევრი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გმირებს – ექიმებს!

მე უკვე მინსკში ვარ, დაწყებულია ჩემი მკურნალობის პირველი ეტაპი, პარასკევს კი ოპერაციაა დანიშნული. მალე აუცილებლად დაგიბრუნდებით ახალი სიცოცხლითა და ენერგიით!”-წერს დავით ხახალეიშვილი!

შეგახსენებთ, რომ დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და ის გულის მძიმე დიაგნოზით დიდი ხანია ებრძვის სიცოცხლეს.

ინფო ფოსტალიონი გამოჯანმრთელებას უსურვებს ქართველ ტიტულოვან სპორტსმენს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,047 ნახვა
%d bloggers like this: