პოლიტიკა

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართება

Nusagi

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართება. ფასილიტატორების ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის აუდიენცია 11:00 საათზე დაიწყება.

ipn-ს ინფორმაციით, ოპოზიციურმა სპექტრმა მათ მიერ შეთავაზებულ 4-პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდის საპასუხო წერილი უკვე მიიღო და 6 დეკემბრის შეხვედრაზე სწორედ მასზე იმსჯელა.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციის 4 შეთავაზებიდან 3-ზე სავარაუდოდ, უარს ამბობს. კერძოდ, მმართველი გუნდი სავარაუდოდ, არ თანხმდება ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რადგან კონკრეტული პირების საქმეებს წმინდა სამართლებრივად მიიჩნევს და პოლიტიკურ კონტექსტს გამორიცხავს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელ ხაზად რჩება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მათ შორის საკითხზე პლებისციტის ჩატარებაც. იმაზე, რომ “ქართული ოცნება“ არ აპირებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების რაიმე ფორმით კითხვის ქვეშ დაყენებას და რომ ამ კუთხით პარტიის პოზიცია კვლავ შეუვალი და მტკიცეა, ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი მათი მხრიდან არ განიხილება.

მმართველი გუნდი შესაძლებლად მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობას მიიჩნევს და საკითხზე დისკუსიის გახსნის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა სავარაუდოდ, ემიჯნება ოპოზიციის მოთხოვნას ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე. „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე არაპოლიტიკური პირია, არაპოლიტიკური პირის თანამდებობა კი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და 1%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ამ ნაწილში დათმობისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებისთვის შეთავაზებული 4-პუნქტიანი გეგმა ასეთია:

1. უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

2. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა 2021 წელს ან პრემიერ-მინისტრის მიერ პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ

3. ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ.

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები.

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება.

ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,036 ნახვა
%d bloggers like this: