საზოგადოება

მეზობელი ოჯახს წლების განმავლობაში ატერორებდა, თუმცა საშინელი საიდუმლო ბოლოს გაირკვა

Nusagi

ბირმინგემის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქის გარეუბნის წყნარ ქუჩაზე მომხდარმა ამბავმა რამდენიმე წლის წინ მთელი ბრიტანეთი შეძრა. 40 წლის უორენისა და 38 წლის შერი სმიტების ოჯახის საქმე კრიმინალურ ისტორიებში შევიდა, როგორც ერთ-ერთი შოკისმომგვრელი ამბავი.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 14 და 4 წლის შვილები რამდენიმე წლის განმავლობაში ნამდვილი ტერორის ქვეშ ცხოვრობდნენ, თუმცა საშინელი საიდუმლო მოგვიანებით გაირკვა.

ყველაფერი 2008 წელს დაიწყო. შერი სახლში მარტო იყო, როდესაც ფანჯრიდან ასაკში შესული მამაკაცი დაინახა, რომელიც იქაურობას ყურადღებით ათვალიერებდა. იხედებოდა ეზოებში, მათ შორის, სმიტების ნაკვეთშიც. შემდეგ მათი სახლისკენ გაემართა და კარზე დააკაკუნა. შერიმ კარი გააღო. 

მამაკაცი მას გაეცნო, როგორც ჰარი სტრიტი, წარუდგინა თავისი მეუღლე და 7 წლის ქალიშვილი და უთხრა, რომ მეზობლად სახლის ყიდვა შესთავაზეს. შერის ოჯახი ძალიან მოეწონა, უთხრა, რომ თვითონაც ცოტა ხნის წინ შეიძინეს აქ სახლი და ყველაფრით კმაყოფილია, მისი თქმით, ეს ძალიან კარგი, წყნარი ადგილია საუკეთესო მეზობლებით. 

სიტყვა „წყნარზე“ ჰარიმ შვებით ამოისუნთქა და უთხრა, რომ სწორედ წყნარ ადგილს ეძებს, რადგან მისი ახლანდელი მეზობლები ძალიან ხმაურიანი ხალხია და ოჯახს მოსვენება აქვს დაკარგული, განსაკუთრებით ღამის საათებში. „64 წლის ვარ და ამ ხმაურმა ნერვები დამიავადა. წყნარი ადგილი ეს არის ის, რასაც მე ვეძებ“,-განუცხადა მან შერის.

შერიმ უპასუხა, რომ მსგავსი რამ ამ ქუჩაზე არ ხდება და მისი აქ ცხოვრების განმავლობაში წესრიგი არავის დაურღვევია.

რამდენიმე კვირის შემდეგ შერიმ დაინახა, რომ მეზობელ სახლში ახალი მცხოვრებლები გადმოდიან. ქალმა მათში სტრიტების ოჯახი ამოიცნო და მაშინვე გავიდა შესახვედრად.

სმიტებს ახალი მეზობლები ძალიან მოწონდათ, მათი შვილებიც დამეგობრდნენ და ეზოში ერთად თამაშობდნენ. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 2 თვის შემდეგ, ღამით სმიტებს პოლიციამ მიაკითხა და უთხრა, რომ მეზობლებს ხმაური აწუხებთ.

შერიმ და უორენმა ოფიცერს უთხრეს, რომ ბავშვებს დიდი ხანია სძინავთ, ისინი კი, ოთახში რადიოს დაბალ ხმაზე უსმენდნენ. პოლიციელმა უთხრა, რომ სავარაუდოდ, ეს გაუგებრობა იყო, დაემშვიდობა და წავიდა, მაგრამ რამდენიმე დღეში იგივე განმეორდა. პოლიციელები ისევ ვიღაცამ გამოიძახა და უთხრა, რომ სმიტები ხმაურობენ. ადამიანი, რომელიც სამართალდამცველებს დახმარებას თხოვდა, ამბობდა, რომ სმიტები სახლში რემონტს აკეთებენ და რაღაცას მუდმივად აბრახუნებენ. როდესაც პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ეს ტყუილი იყო, წავიდნენ, თუმცა ზარები არ წყდებოდა და ჰარი სტრიტი მათ თითქმის ყოველდღე იძახებდა.

პოლიციელები იმ დროსაც კი მიდიოდნენ სმიტებთან, როდესაც მათ უკვე ეძინათ. სიტუაცია უკვე ძალიან უცნაური იყო და უორენმა ჰარისთან დალაპარაკება გადაწყვიტა. მან ჰარის თავისი ტელეფონი დაუტოვა და უთხრა, რომ თუ ხმაური კვლავ შეაწუხებდა, ჯერ მისთვის დაერეკა და დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად მათგან მოდიოდა ხმები.

მოგვიანებთ უორენმა შეამჩნია, რომ ჰარი ისეთივე  ნივთებს ყიდულობდა, რაც სმიტებს ჰქონდათ. ააშენა ზუსტად ისეთივე ფარდული, როგორიც სმიტებს ჰქონდათ, დადგა ისეთივე გასაბერი აუზი, ეზოში ეყარა ისეთივე სათამაშოები, როგორითაც სმიტების ბავშვები თამაშობდნენ. 

ერთი წლის შემდეგ, ღამით, როდესაც ყველას ეძინა, შერიმ გაიგო, როგორ ეხეთქებოდა მათ სახლს რაღაც ნივთები. დილით ცოლ-ქმარმა ეზოში მიმობნეული გოლფის ბურთები ნახა. მიხვდენენ, რომ ეს ჰარის ნამოქმედარი იყო. რამდენიმე დღეში მათთან ისევ სამართალდამცველები მივიდნენ. პოლიციელის თქმით, მეზობელმა დარეკა და შეატყობინა, რომ სმიტების სახლიდან ქალის კივილი ისმის. როდესაც დარწმუნდნენ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ.

უორენი ცდილობდა ჰარის დალაპარაკებოდა, რამდენჯერმე მივიდა და ჰკითხა, რატომ აკეთებ ამას, რატომ ამბობ, რომ ჩვენგან ხმები ისმის, მაგრამ ჰარი პასუხს არ სცემდა და სახლში იკეტებოდა.

2009 წელს, როდესაც სმიტებს ეძინათ, დაახლოებით ღამის სამ საათზე ისინი საშინელმა ხმამ გააღვიძა; თითქოს ვიღაცა კედლის შემტვრევას ლამობდა. შეშინებულმა ბავშვმა გაიღვიძა და მშობლების ოთახში გაიქცა. როდესაც ოჯახი დაწყნარდა და ისევ დაიძინა, ჰარი თითქოს ამას ელოდაო, საშინელი ხმები კვლავ განახლდა. დილით პოლიცია უკვე უორენმა გამოიძახა. სამართალდამცველები ჰარის გაესაუბრნენ, თუმცა ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. 

რამდენიმე წლის განმავლობაში სმიტების ოჯახი გამუდმებული ხმაურით იტანჯებოდა, რომელსაც ჰარი მათ რეგულარულად უწყობდა. ამასთან, ჰარი კვლავ აგრძელებდა პოლიციაში რეკვას და ჩივილს, რომ მეზობლები არ აძინებენ. უორენი ხშირად ცდილობდა მეზობელთან დალაპარაკებას, მაგრამ უშედეგოდ. ერთი საუბარი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. უორენმა ჰკითხა ჰარის- რატომ ურტყამ ჩემს სახლს, რატომ აკეთებ ამას? რაზეც ჰარიმ უპასუხა- მე კი არა, შენ ურტყამ და თუ ეს შენ არ ხარ, მაშინ მოჩვენებაა და შენც მალე მოჩვენებად გადაიქცევი.

ამ საუბრის შემდეგ უორენმა ცოლს უთხრა, რომ ჰარი უბრალოდ არანორმალური მოხუცია და არ ღირს ყურადღების მიქცევა. მას რომ სცოდნოდა, რეალურად ვინ იყო მისი მეზობელი, რა წარსული ჰქონდა და რა ხდებოდა მის თავში, უორენი დაუყოვნებლივ მოცილდებოდა ოჯახთან ერთად იმ ადგილს.

პოლიცია არანაირად არ რეაგირებდა და სმიტებმა გადაწყვიტეს, უცნაური მეზობლისთვის ყურადღება აღარ მიექციათ და ცდილობდნენ მისი საქციელის იგნორირებას, შეეჩვივნენ კიდეც არანორმალურ პენსიონერს, თუმცა ბავშვი მუდმივად სტრესში იყო. ბიჭს ეშინოდა ოთახში მარტო ყოფნის, ეშინოდა სიბნელის და ხმაურის. ბავშვის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. შერიმ ჰარის ცოლთან დალაპარაკება გადაწყვიტა, როდესაც მეზობელთან მივიდა, ჰარი სახლში არ იყო. მისმა მეუღლემ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მეზობლებთან კონტაქტს თავს არიდებდა, უთხრა, რომ არ იცის, რატომ იქცევა ასე ჰარი. „ის ღამე 2-3 საათზე იღვიძებს და რაც ხელთ მოხვდება, ურტყამს თქვენს კედლებს. მე ვეკითხები, რატომ აკეთებს ამას, ის კი მპასუხობს, რომ უორენია დამნაშავე, რადგან ის იწყებს ხმაურს“,-უთხრა ქალმა. შერის კითხვაზე, ხომ არ აქვს ჰარის ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები, ქალმა უპასუხა – არა.

დრო გადიოდა, მაგრამ ჰარის აგრესია სულ უფრო იმატებდა. ერთხელ უორენი თავის ეზოში იდგა და სტუმრად მისულ მეგობარს ესაუბრებოდა, ამ დროს ღობიდან თავი გადმოყო ჰარიმ, ხელში პნევმატური იარაღი ეჭირა და ყვიროდა, „შენ არ იცი მე ვინ ვარ, არ იცი რა შემიძლია“. უორენზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. „წადი აქედან“ უყვირა მან ჰარის და ისიც ღობის იქით გაუჩინარდა.

ჰარის მხრიდან გამუდმებული აგრესია უკვე აუტანელი ხდებოდა ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის. სმიტებმა საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტეს. 2013 წელს შერი, უორენი და მათი შვილები სახლიდან საცხოვრებლად  უორენის მამასთან გადავიდნენ, რომელიც მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. 

ორი კვირის შემდეგ ბავშვმა დედასთან მიირბინა და უთხრა, რომ გარეთ ჰარის მანქანა იდგა, ბავშვი შიშისგან კანკალებდა. თავიდან შერიმ არ დაიჯერა, პირველ კართან მივიდა და გააღო, თუმცა გარეთა, შუშის კარი კვლავ დაკეტილი იყო, საიდანაც ჰარის სახე დაინახა. კაცმა წარმოთქვა: „გიპოვე!ახლა ვეღარ დამემალები, შენ არ იცი, რა შემიძლია“ და წავიდა.

გაოგნებულმა შერიმ ქმარს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. უორენი მაშინვე ავტომობილში ჩაჯდა და ყოფილ მეზობელთან გაემგზავრა. კარი ღია დახვდა, ჰარი სახლში იყო. „არ გაბედო ჩემს ოჯახთან მიახლოება“ ყვიროდა უორენი, პასუხად კი ჰარიმ ცხოველის ხმა ამოუშვა პირიდან. არაფერი უთქვამს, იდგა და ღმუოდა. 

უორენმა პოლიციას შეატყობინა, რომ მის ოჯახზე უკვე პირდაპირი მუქარა ხორციელდებოდა. ამჯერად, სამართალდამცველები ჰარის საქციელით სერიოზულად დაინტერესდნენ. მეორე დღეს უორენს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა და სასწრაფოდ უნდა დატოვონ სახლი. უორენის კითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, ოფიცერმა უთხრა, რომ ჯერჯერობით არ არის საჭირო ამის ცოდნა, მაგრამ დროებით დაუყოვნებლივ უნდა წასულიყვნენ სადმე შორს ამ ადგილიდან, რადგან საქმე ძალიან სერიოზულადაა.

6 წლის განმავლობაში პოლიცია პირველად მიხვდა, რომ სმიტების ოჯახი საფრთხეში იყო. ამ დრომდე უორენი ჰარის სერიოზულად არ აღიქვამდა, მას არ ეშინოდა უცნაური მეზობლის და მიაჩნდა, რომ უბრალოდ, ჭკუანაკლული პენსიონერი იყო. თუმცა ამჯერად, პირველად შეეშინდა თავისი ოჯახის გამო. 

როგორც გაირკვა, 1977 წელს, სმიტების სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით საშინელი დანაშაული მოხდა. ერთ-ერთ წყნარ ქუჩაზე დასახლდა 4-სულიანი ოჯახი, ცოლ-ქმარი, 19 წლის ვაჟი და 17 წლის ქალიშვილი. ოჯახმა ბევრი მეგობარი გაიჩინა. მეზობლები საღამოებს ერთად ატარებდნენ, დადიოდნენ პიკნიკებზე და მორიგეობით პატიჟებდნენ ერთმანეთს ბარბექიუზე. 

ერთხელ, შობის ღამეს ოჯახი ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც მათ პოლიციელებმა მიაკითხეს და განუცხადეს, რომ ერთ-ერთ მეზობელს მათი ხმაური აწუხებს. მეგობრულ სამეზობლოში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვისაც შეიძლებოდა პოლიცია ხმაურის გამო გამოეძახებინა – 33 წლის ბარი უილიამსი, რომელიც გვერდით სახლში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო იყო. მას ასევე კონფლიქტი ჰქონდა 19 წლის ფილიპ ბერკიტთან, რომელსაც უამრავი მეგობარი ჰყავდა, მხიარული და მოძრავი ახალგაზრდა იყო. ბარის აღიზიანებდა მისი დანახვაც კი. პოლიციაში რეგულარულად შედიოდა ზარები, ბარი უკმაყოფილო იყო ნებისმიერი ხმაურის, რომელიც მეზობლის ეზოდან ან სახლიდან ესმოდა. იქნებოდა ეს მანქანის ხმა, სიცილი თუ მუსიკა. განსაკუთრებით კი, ფილიპის ხმა აღიზიანებდა.

1978 წლის აპრილში ეს ყველაფერი საშინელი ტრაგედიით დასრულდა. საღამოს 7 საათზე ბარი შევიდა ბერკიტების სახლში. ორივე ხელში იარაღი ეჭირა. მან ადგილზე მოკლა ოჯახის მამა, დედა და 19 წლის ფილიპი. გადარჩა მხოლოდ 17 წლის ჯილი, რომელსაც ბარიმ 6-ჯერ ესროლა. სანამ გონებას დაკარგავდა, გოგონამ დედის უკანასკნელი ამოსუნთქვა გაიგო. ყველაზე მეტი ტყვია ფილიპს ჰქონდა მოხვედრილი. ამის შემდეგ ბარი ღობეზე გადახტა და მეზობლად მცხოვრები ცოლ-ქმარი და მათი ქალიშვილი დაცხრილა. ამის შემდეგ დაიწყო ახლომდებარე სახლების ფანჯრებში სროლა, დაცხრილა ყველა მანქანა, რომელიც ქუჩაზე იყო გაჩერებული. 19:15 სთ-ზე ბარი ჯდება საკუთარ ავტომობილში და მიდის. გზაში ესვრის 10 და 11 წლის ორ ბიჭს, რომლებიც სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა ააცილებს. იგივე ქუჩაზე ბარი ესვრის მოხუც ქალს, თუმცა მასაც ააცილებს. ბარი აგრძელებს გზას და ესვრის ყველას, ვისაც დაინახავს, მათ შორის ბავშვებს.   შემდეგ მიდის ბენზინგასამართ სადგურზე და კლავს მის მეპატრონე ცოლ-ქმარს. ბარის დაკავება მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ის პოლიციელებს პისტოლეტს უმიზნებდა, თუმცა არ უსვრია. საბოლოოდ, თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს.

ბარი უილიამსმა იმ დღეს 6 ადამიანი მოკლა და დაახლოებით ამდენივე დაჭრა. დაკავებისას მან პოლიციელებს განუცხადა: „ჩემს ადგილზე თქვენც ასე მოიქცეოდით. ეს არ იყო ხალხი, ეს იყო ნივთები, რომლებიც მუდმივად ხმაურობდნენ. მე წესრიგი დავამყარე და უკეთ ვარ“.

1979 წელს ბარი, რომელსაც შიზოფრენიის დიაგნოზი დაუდგინდა, იორკშირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და სულ რაღაც 15 წელიწადში გაათავისუფლეს. 1994 წელს ის საზოგადოებისთვის უსაფრთხოდ მიიჩნიეს. ჯილი, რომელმაც საავადმყოფოში 6 თვე გაატარა, შოკირებული იყო. მან წლები გაატარა გამუდმებულ შიშში, რომ ბარი ოდესმე დაბრუნდებოდა და მასაც მოკლავდა. 

ბარი საერთო საცხოვრებელში დასახლდა, რომელიც 10 კილომეტრით იყო მოშორებული იმ ადგილს, სადაც მან სისხლისღვრა მოაწყო. ხმაურის გამო მალე იძულებულ გახდა, ჩრდილოეთ უელსში გადასახლებულიყო,  იქ მან სახელი და გვარი გამოიცვალა და ჰარი სტრიტი გახდა. სწორედ ამიტომ გაუჭირდა პოლიციას წლების მანძილზე, იდენტიფიკაცია მოეხდინა და შესაბამისი რეაქცია ჰქონოდა მის საქციელზე. ბარიმ ცოლი მოიყვანა, რომელთანაც გოგონა შეეძინა. მალე ოჯახი ბირმინგემში დასახლდა, სადაც ჰარიმ ახალი ოჯახის ტერორიზება დაიწყო.

უორენმა და შერიმ ამის შესახებ მხოლოდ პოლიციელის გაფრთხილებიდან 3 დღის შემდეგ შეიტყეს. მეზობელმა მათ შეატყობინა, რომ ქუჩა პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი და ჰარის სახლიდან იარაღის მთელი არსენალი გამოჰქონდათ. მათ შორის იყო თვითნაკეთი ბომბებიც.

მალე სმიტებს შეატყობინეს, რომ ჰარი დაკავებულია. შერონმა და უორენმა მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, რამხელა საფრთხე ელოდა მთელ ოჯახს, ისინი წლების განმავლობაში მკვლელის სამიზნეები იყვნენ და ოდესმე იგივე ბედი ელოდათ, რაც ჰარის ძველ მეზობლებს.

უორენი აპირებს გაარკვიოს, რატომ მიეცა მკვლელს უფლება გვარი გამოეცვალა და რატომ არ ცდილობდა პოლიცია, რომელსაც ის წლების მანძილზე მიმართავდა, გაერკვია ვინ იყო ჰარი სტრიტი სინამდვილეში. 

2014 წელს ჰარი სტრიტი იარაღის შენახვისთვის, მუქარისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის გაასამართლეს, ის იმავე წელს, შობის დღეს მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა 70 წლის ასაკში. 

სპეციალისტების თქმით, ჰარის მართლაც აწუხებდა ხმაური, თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაც ნამდვილად ხმაურობდა. ეს ხმები მის თავში იყო და საშინლად აწუხებდა…  როდესაც სმიტები სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად, ჰარის ეგონა, რომ ისინი ღამით ბრუნდებოდნენ, რათა ეხმაურათ და მისთვის ნერვები მოეშალათ. 

„ადამიანი, რომელმაც ჩემი ოჯახი დახოცა, მკვდარია, ამიერიდან წყნარად გავაგრძელებ ცხოვრებას“,-უთხრა ჯილი ბერკიტმა ჟურნალისტებს, როდესაც ბარის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,897 ნახვა
%d bloggers like this: