„სტაბილიზაციის მიუხედავად დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მან საზოგადოებას ახალი წლის დღეებში მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„გთხოვთ, რომ ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, დღესასწაულები და ხალხმრავალი წვეულებები.
ვიყოთ წელს ბევრად მოკრძალებული, რადგან საქმე გვაქვს პანდემიასთან. არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან აგრეთვე გაიხსენა „შავი პარასკევი“, როდესაც მოხდა ინფიცირებულთა მატება.
„თუ 24-ის შემდეგ შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება მოხდა და იგივე გამეორდა, რაც „შავ პარასკევს“ იყო, შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკები.
ამიტომ გთხოვთ, წლევანდელი შობა-ახალი წელი ბევრად მოკრძალებულად გადავიაროთ“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ დღეს, 16 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.