ეკონომიკა

შავიზღვისპირა მოკავშირეების მხარდასაჭერად კონგრესმა არ უნდა დაუშვას კრიტიკული მნიშვნელობის სავაჭრო პროგრამის დასრულება-უცხოური მედია

Nusagi

პრეფერენციების განზოგადებული სისტემა გახლავთ პრეფერენციული ვაჭრობის პროგრამა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას აშშ-ის ბაზარზე კანონის უზენაესობის განმტკიცების, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სანაცვლოდ. 2019 წელს ამ სისტემამ ხელი შეუწყო 21 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტს თითქმის 100 ქვეყნიდან, ასრულებდა რა კრიტიკული მნიშვნელობის ინსტრუმენტის როლს საზღვარგარეთ ამერიკული ეკონიმიკური ფასეულობების დამკვიდრების და ეკონომიკური ზრდის გზით აშშ-ის მოკავშირეთა მხარდაჭერის პროცესში,- გამოცემა ,, the hill” სტატიას სახელწოდებით შავიზღვისპირა მოკავშირეების მხარდასაჭერად კონგრესმა არ უნდა დაუშვას კრიტიკული მნიშვნელობის სავაჭრო პროგრამის დასრულება აქვეყნებს. 

როგორც სტატიაშია აღნიშნული,  ეს პროგრამა, რომლის მოქმედების ვადა 31 დეკემბერს იწურება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მოკავშირეებისთვის შავი ზღვის რეგიონში. 

სტატიის ავტორის, რაიან ოლსონის თქმით, 2019 წელს იმპორტმა საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აქვე აღნიშნულია, რომ იმის მიუხედავად, რომ პროგრამის ტრადიციულად ყველაზე მსხვილი მონაწილის – თურქეთის შემთხვევაში 2019 მაისში მოხდა დისკვალიფიკაცია მისი ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მიზეზით, შავი ზღვის ქვეყნებმა მაინც მოახერხეს შარშან ამერიკელი ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის თითქმის 200 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება და კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, რომელმაც გლობალური ვაჭრობა მთლიანობაში ღრმა კრიზისში ჩააგდო, შავიზღვისპირა ქვეყნებმა 2020 წლის მე-3 კვარტალში განახორციელეს 110 მილიონი დოლარის ოდენობის პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში.

,,ბევრისთვის პრეფერენციების განზოგადებულ სისტემას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა პოსტკომუნისტური სისტემიდან რეგიონის გამოსვლის პერიოდში. რუმინეთი და ბულგარეთი, მაგალითად, სტაბილურად მონაწილეობდნენ პროგრამაში 1900-იან და 2000-იან წლებში, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებად გარდაქმნის პერიოდში, როცა პროგრამის ფარგლებში იმპორტი ორივე ქვეყნიდან აშშ-ში სტაბილურად იზრდებოდა და 2006 წელს ერთობლივად მიაღწია 300 მილიონ დოლარს, ანუ იმ წელს, როცა მოხდა ორივე ქვეყნის დისკვალიფიკაცია ევროკავშირში მათი შესვლის მიზეზით. ბულგარეთი და რუმინეთი წარმოადგენენ პროგრამის წარმატების ნათელ მაგალითს. ორმხრივმა სავაჭრო და ეკონომიკურმა კავშირებმა წვლილი შეიტანეს ეკონომიკურ განვითარებაში და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. დღეს ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ამერიკის, ალბათ, უახლოესი მოკავშირეებისთვის: უკრაინისა და საქართველოსთვის. ორივე ქვეყანაში რუსული ოკუპაცია არის პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, რომელიც ძირს უთხრის ზრდას და ეკონომიკურ პოტენციალს. მიუხედავად ამისა, პრეფერენციების პროგრამა უმნიშვნელოვანესია უკრაინისა და საქართველოსთვის აშშ-ის ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფის და გლობალური მიწოდების ჯაჭვში მონაწილეობის შესაძლებლობის კუთხით – ეს პროცესი კი ხელს უწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში შეჭრის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ექსპორტმა (საბაჟო გადასახადების გარეშე) შეადგინა 280 მილიონი დოლარი, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ტერიტორიის 7%-ის დაკარგვის შედეგების დაბალანსებაში.

 დღეს საქართველო არის პრეფერენციების სისტემის ყველაზე მსხვილი ბენეფიციარი რეგიონში. მისი წილი მხოლოდ აშშ-ში განხორციელებულ რეგიონულ ექსპორტში შეადგენს 60%-ს. ზოგადად, საქართველო არის პროგრამის ფარგლებში სულ მოსახლეზე აშშ-ის ბაზარზე წვდომის მხრივ სიდიდით მე-3 ბენეფიციარი მსოფლიოში. 2019 წელს სისტემის ფარგლებში აშშ-ში განხორციელებულმა ექსპორტმა დამატებით 30 მილიონი დოლარი მოუტანა საქართველოს, ანუ ყველაზე მეტი მსოფლიოში კამბოჯისა და ტაილანდის შემდეგ“,- წერს გამოცემა. 

როგორც ავტორი აღნიშნავს, ბაზარზე წვდომამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, არამედ წაახალისა ადგილობრივი ბაზრის რეფორმის დღის წესრიგი ევროკავშირში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის პროცესში. 

მისი თქმით, პრეფერენციების სისტემის მონაწილე ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ 15 მოთხოვნას, რომელთა შორისაა „მშრომელთათვის საერთაშორისოდ აღიარებული შრომითი უფლებების უზრუნველყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები“.

,, ამერიკის შრომის ფედერაციის და ინდუსტრიული ორგანიზაციების კონგრესის მიერ 2012 წელს საქართველოში მშრომელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით შეტანილმა სარჩელმა გამოიწვია აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს შრომითი პრაქტიკის კვალიფიციურობის 8-წლიანი განხილვა. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სექტემბერში დაამტკიცა შრომის რეფორმები, რის შედეგადაც ადგილობრივი კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლმა სექტემბერში დახურა განხილვები და აღნიშნა, რომ ხსენებულმა რეფორმებმა და „განხილვების პერიოდში მშრომელთა უფლებების დასაცავად მიღებულმა სხვა სამართლებრივმა ზომებმა დააკმაყოფილეს აშშ-ის მთავრობის კითხვები მშრომელთა უფლებებთან დაკავშირებით“. ამ ტიპის განხილვებს, როგორც პროგრამის პირობებზე დაფუძნებული საბაზრო წვდომის არსებით კომპონენტს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრეფერენციების სისტემის წარმატებისთვის და მოკავშირეების დახმარებისთვის ორმხრივი ეკონომიკური კავშირების რეფორმირების და მშენებლობის პროცესში. უფრო ფართო კონტექსტში კი რეგიონში პრეფერენციების სისტემის წყალობით უზრუნველყოფილი სარგებლის დაკარგვა იქნება ჩინეთის მიერ თავისი მზარდი ეკონომიკური საქმიანობის გაფართოების ტოლფასი. ჩინეთს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ხსენებული სარგებლის დაკარგვა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ქართული ექსპორტის ნაწილის გადაგზავნას ჩინეთის ბაზარზე და მასთან ორმხრივი კავშირების გაძლიერებას. გარდა ამისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის ვაჭრობა პრეფერენციების სისტემის კვალიფიციურ ქვეყნებთან მთლიანობაში იზრდება – 70%-ით 2010-2019 წლებში. პრეფერენციების სისტემით შეთავაზებულის სარგებლის შეკვეცამ შეიძლება უბიძგოს შავიზღვისპირა ბიზნესებს, სხვაგან ეძებონ საექსპორტო ბაზარი, რითაც როგორც აშშ-ის ბიზნესებისთვის, ისე აშშ-ის ეკონომიური ფასეულობების საზიანოდ კიდევ უფრო განმტკიცდება ჩინეთის ეკონომიკური კავშირები“,- აღნიშნულია სტატიაში. 

ავტორის მიიჩნევს, რომ  მაშინ, როცა 116-ე მოწვევის კონგრესის მე-2 სესია მიწურულს უახლოვდება, მან პრეფერენციების სისტემის პროგრამის გაგრძელების გზით მხარი უნდა დაუჭიროს აშშ-ის მოკავშირეებს შავიზღვისპირეთში და მის ფარგლებს გარეთ. 

,,1974 წელს დამტკიცებიდან მოყოლებული პრეფერენციების სისტემა, ძირითადად, წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, ხოლო შავიზღვისპირეთში იგი დღესაც წარმოადგენს აშშ-ის ინტერესების განმტკიცების და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის არსებით ინსტრუმენტს. ისევე, როგორც წარსულში რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, დღეს აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეები: საქართველო და უკრაინა ეყრდნობიან ამ პროგრამას დივერსიფიკაციის გზით რუსული და ჩინური ბაზრების გვერდის ავლის, ადგილობრივი რეფორმების მხარდაჭერის და აშშ-ის ბიზნესებთან ორმხრივი კავშირების განვითარების პროცესში. შავი ზღვა სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებისთვის. ასე რომ, კონგრესმა უნდა მიიღოს ეს ახალი რეალობა და მხარი დაუჭიროს სავაჭრო კავშირების განმტკიცებას ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა პრეფერენციების განზოგადებული სისტემა“,- ნათქვამია გამოცემის ,,the hill” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,249 ნახვა
%d bloggers like this: