მედიცინა

ინფექციის გავრცელების შეჩერება შევძელით, წელს ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო ოჯახის წრეში

Nusagi

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, რაც მთავრობას ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას აძლევს.

„მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ციფრები მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა ინფიცირების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთუ ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ საახალწლო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც“, – განაცხადა გახარიამ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს. მისივე თქმით, ქვეყანაში მომავალი ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელობა ექნება, მათ შორის იმას, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65% გაიზარდა, თუმცა მიზანია, რომ მოსახლეობის 90-95%-მა ატაროს ის ინტენსიურად და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, გარდამავალი შედეგი არის პირბადის ტარება ქვეყანაში. ის გაზრდილია, დაახლოებით, 65%-მდე, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს 90-95% – ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, ქრონიკული დაავადებების მატარებელ მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება და გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,244 ნახვა
%d bloggers like this: