საზოგადოება

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

Nusagi

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზალკალიანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

„2020 წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით. ვულოცავ გოჩას და ჩვენს ქვეყანას ამ დიდ გამარჯვებას!

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა-ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრი პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის მადლობს უხდის.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭესრითვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის“, – დასძინა ზალკალიანმა.

18 დეკემბერს არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც არჩეული იქნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები.
არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი 4 მოსამართლის ასარჩევად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული.

ინფორმაციისთვის, 18 დეკემბერს გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრად წარადგინეს. გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,662 ნახვა
%d bloggers like this: