საზოგადოება

31 წლის ექთანი ბიჭი – რაჭის სოფლის სასწრაფო და მაშველი

Nusagi

ორ მეტრამდე სიმაღლის თოვლი ხშირად გაუკვალავს რაჭის თითქმის დაცლილ სოფელში. გაჭირვებულის დახმარება იქამდეც ვალდებულებად მიაჩნდა, ვიდრე ექთანი გახდებოდა. სოფელში შემოვლას დილით იწყებს და კარგ შემთხვევაში საღამომდე ასრულებს. სამედიცინო დახმარების გარდა, თხმორში შემორჩენილ მოხუცებს საოჯახო საქმეებშიც არ ეუბნება უარს. სოფლის სასწრაფოც ის არის და მაშველიც.

„ბოლო წლებია, რაც დიდი თოვლი აღარ მოდის, თორემ მანამდე კი იყო 2 მეტრამდე. იკეტებოდა სოფელი, რამდენიმე თვითაც ჩაკეტილა.

რომ დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, ცუდად არის ადამიანი, მიმქონდა წნევის აპარატი, მედიკამენტები და მივდიოდი. მაღალი თოვლია და ვერ მოვალ მეთქი, ხომ ვერ ვეტყოდი?

ამბროლაურიდან ჩვენამდე 32 კილომეტრია. ცუდი გზაა. ყოფილა შემთხვევები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 2.5 საათი დასჭირვებია აქ ამოსასვლელად. როცა არც თოვლია და გზაც ცოტა მოწესრიგებულია, საათნახევარი მაინც უნდა. ვიდრე სასწრაფო მოვა, ვცდილობ, რომ როგორმე შევინარჩუნო სიცოცხლე“, – 31 წლის გიორგი შავლაძე, რომლის მთელი აღჭურვილობაც წნევის აპარატი და რამდენიმე დასახელების მედიკამენტია, ბევრ შემთხვევას იხსენებს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები რომ გადაარჩინა. „ბევრის უფლება კი არ მაქვს როგორც ექთანს, მაგრამ როცა ვხედავ, რომ კვდება, ხომ არ დავჯდები და არ ვუყურებ? სასწრაფოს ბრიგადის მოსვლამდე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გადავარჩინოთ. მერე ისინი მიხედავენ“.

სოფლის ექთნის ანაზღაურება 550 ლარია. გიორგის მამაც მისახედი ჰყავს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს და ვერ გადაადგილდება. 2014 წელს, როცა თხმორში, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, ნერვიულობის შემდეგ ჯერ დედა დაეღუპა, მერე კი მამა გახდა ავად. „ტყეში ვიყავი სამუშაოდ წასული. რომ ჩამოვედი, სახლს მთლიანად ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მშობლები გარეთ იყვნენ. სახანძროც მოსულა, მაგრამ ვეღარაფერი უშველეს. არაფერი დაგვრჩა, ყველაფერი შიგ ჩაიფერფლა“, – ახლა გიორგი თავს მეზობლის პატარა ოდას აფარებს.

ოჯახის მოსაღონიერებლად ბოსტანში 500 ძირი უეკლო მაყვალი დარგო. მოსავალიც მოიწია, მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო, საკონსერვო საწარმოში აღარ ჩაიბარეს. ნაწილი სახლში დააკონსერვა, ზოგი მეზობლებს აჩუქა. ახლა მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. ათიოდე სკა ფუტკარი ჰყავს და გამრავლებას კი ფიქრობს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ თაფლის რეალიზაციის პრობლემაც ექნება.

„ჩიხში ვართ. ერთი გზა ჭრებალოდან მოდის. თითქმის 8 კილომეტრი უფრო მაღალი გამავლობის მანქანით არის გასავლელი. მეორე მხარეს გზა გოგოლათისკენ მიდის, მაგრამ უარესია. ყოველგვარ სოციალურ კავშირს ვართ მოწყვეტილები. აქ, ჩემთან ცოტა არაუშავს ინტერნეტს, იჭერს, ანძა გვიყურებს და აღწევს, მაგრამ სხვა უბნებიდან ბიჭები აქ ჩამოდიან ხოლმე, რომ ინტერნეტი მიიღონ, პატარა ინფორმაცია გაიგონ, თორემ ამ ტელევიზორის გადამკიდე, კორონას მეტს არაფერს ლაპარაკობენ. კი თქვეს, რომ უნდა გაკეთებულიყო, ყველა სოფელს უნდა ჰქონდა მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, მაგრამ, აბა, სადაა? არჩევნების დროს მოვლენ, შეგვპირდებიან, გავაკეთებთ, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთ. გინდა გზა იყოს, არავინ არაფერს აკეთებს. სკამზე დაჯდებიან და არიან“, – გიორგის გარდა თხმორში კიდევ ერთი ახალგაზრდაა, დათუნიკა. მასზე 4 წლით უფროსია. სატყეო სააგენტოს რეინჯერია.

მოსახლეობის ბოლო, 2014 წლის აღწერა თხმორში 36 ადამიანს ითვლის. ახლა, აღწერიდან 6 წლის შემდეგ ხალხი კიდევ უფრო ცოტაა. „12 ოჯახი მოაკლდა სოფელს, დაბრუნებით კი არავინ მოსულა. რატომ დაბრუნდებიან? ნორმალური გზა არ გვაქვს, ინტერნეტი არ გვაქვს, სკოლა აქ არაა, ბაღი აქ არ არის, მაღაზია აქ არ არის, კვირაში ერთხელ მარშუტკა დადის და იქიდან თუ ვიყიდით რამეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ მოდის. რეინჯერად და ექთნად კიდევ რამდენი იმუშავებს? არიან 60 წელს ზემოთ ადამიანები. ბოსტნეულს და რძის ნაწარმს უგზავნიან ქალაქში შვილებსა და შვილიშვილებს და ეხმარებიან აქედან.

რა იქნება 10 წლის შემდეგ?

ნამოსახლარი. ამდენიც არ უნდა, ამ ტემპით თუ გაგრძელდა. ხელშეწყობა ყველას უნდა, მაგრამ პენსიაზე რამდენიმე ათეული ლარის დამატებით, სოფლებში ახალგაზრდებს ვერ დავამაგრებთ“.

„მთის ამბები“ იწყებს კამპანიას გიორგის მხარდასაჭერად. თუ შევძელით და მისთვის თანხა შევაგროვეთ, გიორგი ნასახლარზე პატარა სახლს ააშენებს, რითაც მას კიდევ უფრო გავამაგრებთ ამ სოფელში.

შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #გიორგისმხარდასაჭერად

მთის ამბები

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,155 ნახვა
%d bloggers like this: