საზოგადოება

ზვიად კირტავა: ძველ წელსაც, ახალ წელსაც და ყოველთვის – ჯანმრთელობა ყველაზე დიდი საჩუქარია!

Nusagi

ქვეყანაში კოვიდინფიცირების სტატისტიკის გაუმჯობესებას პროფესორი ზვიად კირტავა ეხმაურება. პროფესორი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მეტი შეგნება, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, საკუთარი და საკუთარი ახლობლების სიცოცხლის რისკი გაითავისოს და უპასუხისმგებლო ქცევით და რეკომენდაციების დაუცველობით წყალში არ ჩაყაროს სამედიცინო სექტორის თავგანწირვა

„1,972 შემთხვევა!

3 ნოემბრის შემდეგ, ეს პირველი დღეა (თუ უქმე დღეებს არ ჩავთვლით), როცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ორი ათასზე ნაკლებია!

ბოლო 50 დღის განმავლობაში საქართველოში დღიურად უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ვიდრე მანამდე, პანდემიის პირველი 6 თვის განმავლობაში ჯამურად გვქონდა! ამან მიგვიყვანა 2,276 გარდაცვლილამდე…

ახალ წლამდე ერთი კვირაა დარჩენილი… ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, ეპიდემიოლოგები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების დისპეტჩერები და მძღოლები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში გმირულად და თავგანწირვით უპირისპირდებიან ვერაგ მტერს და არა მარტო მას, არამედ სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, უფრო მძიმე დაუნახავობას თუ უმადურობასაც…

ახლა სწორედ მათი წყალობით, 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობისათვის ტრაგიკული ბრძოლის ისტორიის მქონე პატარა ქვეყანა, მწირი რესურსებით და სრულყოფილებისგან შორს მყოფი ჯანდაცვის სისტემით, მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, ამ მორიგ უთანასწორო ბრძოლაში ცდილობს და, უფლის წყალობით, ჯერჯერობით ახერხებს, არ დამარცხდეს…

და როცა მედპერსონალის დაუღალავი გმირობა მადლიერებას და მოწიწებას იმსახურებს, იქნებ ის მაინც მოახერხოს საზოგადოებამ, რომ მეტი შეგნება, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ელემენტარულად – საკუთარი და საკუთარი ახლობლების სიცოცხლის რისკი გაითავისოს და უპასუხისმგებლო ქცევით და რეკომენდაციების დაუცველობით წყალში არ ჩაყაროს გვარდიად ქცეული სამედიცინო სექტორის თავგანწირვა?!

ძველ წელსაც, ახალ წელსაც და ყოველთვის – ჯანმრთელობა ყველაზე დიდი საჩუქარია! არც თოვლის პაპა, და ვერცერთი “მოლი” ვერ გაჩუქებთ მის სანაცვლოს…

დავიცვათ წესები – ვატაროთ პირბადე! დავიცვათ დისტანცია… იმ დროსაც, როცა თქვენი საყვარელი ადამიანების გასახარებლად საყიდლების რიგში დგეხართ, გაიხსენეთ ისინიც, ვინც ახლა სიკვდილ-სიცოცხლის რიგში დგას, თუ იმათზე არ იფიქრებთ, ვინც მათ გადასარჩენად იბრძვის…

სამშვიდობო პერიოდშიც, მაგრამ განსაკუთრებით კი – ომის დროს, საზოგადოების სამოქალაქო პასუხისმგებლობა აუცილებელია. ამის გარეშე თავგანწირულთა თავგანწირვა ფუჭი შეიძლება აღმოჩნდეს…

#ატარეპირბადე #დაიცავიდისტანცია“,-წერს ზვიად კირტავა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,053 ნახვა
%d bloggers like this: