ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე – უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 2012 წლის დონის მხოლოდ 57 პროცენტია

Nusagi

საქსტატმა წარმოადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული დასაქმებისა და უმუშევრობის ახალი მეთოდიკა და მის საფუძველზე ბოლო ათწლიან პერიოდზე გადაანგარიშებული შესაბამისი მონაცემები.

ახალი მეთოდიკის მთავარი განმასხვავებული ნიშანი საბაზრო ფაქტორის უფრო მეტად გათვალისწინებაა. კერძოდ, ამიერიდან თვითდასაქმებულის სტატუსი აღარ გავრცელდება ბაზარზე არაორიენტირებულ საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში დასაქმებულ პირებზე, შესაბამისი ორიენტირების კრიტერიუმად კი მიჩნეულია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნახევარზე მეტის ბაზარზე რეალიზაცია, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ.

დასაქმებისა და უმუშევრობის ახალ მეთოდიკაზე საუბრისას ექსპერტმა თავის პოსტში, ფეისბუქ გვერდზე ყურადღება გაამახვილა 2012 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში შრომის ბაზარზე არსებითი გაუმჯობესების სამ უმნიშვნელოვანეს ნიშანზე.

მათ შორის, პირველია, დასაქმების სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესება – დაქირავებით დასაქმებულთა წილი 2012 წელთან შედარებით გაიზარდა ¼-ით და მეტად და 2019 წელს 69.3 პროცენტს მიაღწია (ძველი სტანდარტით იყო 50.3%). ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა აბსოლუტურმა ზრდამ 138 ათასი შეადგინა, რაც 5 ათასით მეტია ძველი მეთოდიკით გაანგარიშებულზე.

„თვითდასაქმებულთა რაოდენობა ახალი სტანდარტებით, შემცირდა თითქმის 2-ჯერ – 442.5 ათასით, რომლის 12.6% შეემატა უმუშევართა რიგებს, 10.9% – დაქირავებით დასაქმებულებს, დანარჩენი კი გადავიდა ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიაში. ამჟამად თვითდასაქმებულთა წილით საქართველო იმყოფება ისეთი ქვეყნების დონეზე, როგორებიცაა თურქეთი, სერბეთი და საბერძნეთი,“ – განაცხადა ექსპერტმა.

მეორე ფაქტორია დასაქმებულთა საერთო რიცხვი, რომელიც ახალი მეთოდიკით გაიზარდა 5.2 პროცენტით (აბსოლუტურად – 84 ათასით – ნაცვლად ძველი მეთოდიკით 31-ათასიანი ზრდისა), იმავე პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობის ფაქტობრივად უცვლელობის პირობებში.

„რაც შეეხება მესამე ფაქტორს, ახალი სტანდარტით გაანგარიშებული უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობა, მართალია, ძველი სტანდარტებით გაანგარიშებულს აღემატება, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვნად – 166 ათასი კაცით (ძველი სტანდარტით – 124 ათასით) ნაკლებია, ვიდრე იყო 2012 წელს.

ამჟამად უმუშევართა რაოდენობა საქართველოში 2012 წლის დონის მხოლოდ 57 პროცენტია. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდიკით საქართველოს მონაცემების გაანგარიშება განხორციელდა დანიის სტატისტიკის სამსახურის აქტიური მხარდაჭერით, რაც მონაცემთა მაღალ სანდოობას, უტყუარობას და საერთაშორისო შედარებადობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ბალტიის ქვეყნების შემდეგ, პირველია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც სრულად მოახდინა აღნიშნულ სფეროში ახალ სტანდარტებზე გადასვლა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ კურსს ევროკავშირისაკენ. უშუალო მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი – აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლას ჯერ მხოლოდ განიხილავენ და საშუალოვადიან პერსპექტიულ ამოცანად მიიჩნევენ. „აღნიშნული პროგრესი ეფუძნება ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ თანმიმდევრულ ეკონომიკურ რეფორმებს, აქტიურ სოციალურ პოლიტიკას, დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვისათვის გატარებულ კომპლექსურ ღონისძიებებს,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,978 ნახვა
%d bloggers like this: