ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს.
„ამ გაზაფხულზე დავწერე -ბაზარში ეთერა შემხვდა, იდგა აბუზული გაუთენებელში, თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა და ზემოდან თავშალი შემოეხვია. კვერცხი ჩამოეტანა გასაყიდად და ჩემთვის ხარისთვალა დაეკრიფა.
- იმ შაბათს ყვითელგულა ნარცისები უნა წამოგიღო და ჩამო… ეს კვერცხებიღა დამრჩა, იაფად გავცემ და მალე უნა წავიდეე, საფლავზე ვარ ასასვლელი, ვარდები უნა დავრგოოო – გამიბა ლაპარაკი.
- – ეთოო, ვერდები სადაც არ დავრგე, არ გაიხარა და თავი დავანებე – შევჩივლეეე.
- – ჩვენი სასაფლაო ტყის პირასაა, ნეშომპალა მიწაა და იქ ვარდი კი არა, მიცვალებულებიც კარქა ხარობენ.
- -რაააა?
- – ხოო, სუ ერთად არიან , ჩემი დედამთილ-მამამთილი და მაგათი მშობლები, ჩემი მაზლები, ძალოები, ჩემი ქმარი, სუუ ერთად არიან , 11 სულიიი … რომ ავდივარ, ერთი დღე არ მყოფნის საფლავის გასაწმენდად. ბალღები კი მეუბნებიან, ბაბო, მანქანით წაგიყვანთო, მაგრამ არ მინდა, სასაფლაოზე ფეხით უნა წახვიდე, გზაში ხომ უნდა ვიფიქრო..
- -რა უნდა იფიქრო, ეთოო?
- – რადაა. მე რომ წამიყვანენ ამ გზით, თუ წვიმიანი იქნა, გაუჭირდებათ ცოცხლებს, ტალახი იქნება…აბა, მე რაი მენაღვლება, ჩემებთან მივალ და მერე ჩემებიც ჩემთან მოვლენ…
- მივხვდი, ეთერას, სიკვდილ შეგუებულს მიქელ გაბრიელი დამარცხებული ყავდა და შემშურდაააა!!!
- p.s. . ამ შაბათს ბაზარში, სადაც ეთერა დგებოდა, ის დახლი ცარიელი დამხვდა და არც არავინ გაჰკარებია, წასულა ეთერა თავისიანებთან “გასახარებლად”. ტალახს არავინ შეუწუხებია, წინა ღამით სოფელში მოუთოვია!!!“
Facebook Comments Box