სილამაზე

რატომ “ფლავდება” დიეტები

Nusagi

კარანტინში მომატებული წონის დასაკლებად საუკეთესო საშუალება შესაძლოა, განტვირთვა იყოს. ახალი კვლევის თანახმად, დიეტის შემდეგ ჩვენი ტვინი უფრო მგრძნობიარე ხდება სტრესის მიმართ, რის გაქარწყლებასაც მაღალკალორიული და უზომოდ ცხიმიანი სასუსნავებით ცდილობს.

ცვლილებები ტვინში დიეტის დასრულების შემდეგაც დიდხანს გრძელდება და ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჯანმრთელ ადამიანებს უზომო კვებისკენ მოუწოდებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, ტრეისი ბეილის მიხედვით, სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სისხლს ენერგიას აწვდის შაქრის სახით. ეს სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვაში გვეხმარება. თუმცა, დროთა განმავლობაში, სტრესის მაღალი დონის გამო, კორტიზოლიც უხვად გამოიყოფა, რამაც შესაძლებელია, მადის და წონის მატება გამოიწვიოს.

ბეილის აზრით, დიეტაზე მყოფი ადამიანები ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკული სტრესის მიმართ უფრო მოწყვლადები არიან და მათ შორის ყველაზე ძლიერებსაც კი შეიძლება ხელი “წაუცდეთ” ნაყინსა თუ პიცაზე. რა თქმა უნდა, ერთი გადაცდენით არაფერი შავდება, თუმცა განგრძობადი სტრესის შედეგად, ადამიანები ხშირად მიმართავენ უზომო ჭამის სესიებს, რაც წყალში ყრის მთელ დიეტას.

ვარაუდის შესამოწმებლად, მკვლევარებმა თაგვებს დღიური კალორიები 25%-ით შეუმცირეს. 3 კვირის განმავლობაში მათ თავდაპირველი წონის 10-15% დაიკლეს. სტრესის მსუბუქი ფორმების გამოწვევის შემდეგ (მაგ: ხმაური), დიეტაზე მყოფ თაგვებს კორტიზოლის უფრო მაღალი დონე დანარჩენებთან შედარებით, უფრო დიდხანს აღენიშნებოდათ. ეს იმას მიანიშნებს, რომ მოდიეტე თაგვები მეტ სტრესს განიცდიდნენ და დასამშვიდებლადაც უფრო დიდი ხანი დასჭირდათ.

ამის შემდეგ, თაგვებს საშუალება მიეცათ, საწყის წონას დაბრუნებოდნენ, რათა მკვლევარებს იო-იო დიეტის (კლება-მატების დაუსრულებელი ციკლი) მსგავსი სიტუაცია შეექმნათ.

ჩვეულებრივ კვებაზე დაბრუნებიდან ერთ კვირაში, მეცნიერებმა ისევ გამოიწვიეს მსუბუქი სტრესი. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ ყოფილი მოდიეტეები უფრო მგრძნობიარეები იყვნენ სტრესის მიმართ და მეტად მიდრეკილები დიდი ოდენობით ცხიმიანი საკვების ჭამისკენ. ეს ხანმოკლე, მსუბუქი შეზღუდვაც კი, საკმარისი აღმოჩნდა გენების ექსპრესიაში გრძელვადიანი ცვლილებების შესატანად.

ცვლილებები გენების ექსპრესიაში შესაძლოა იყოს მიზეზი, თუ რატომ “ფლავდება” ამდენი დიეტა. დიეტა სტრესს იწვევს, სტრესი კი “ჯილდოდ” ცხიმიან და კალორიულ, სანუგეშო საკვებს (“Comfort food”) გვთხოვს. 

დიეტა საკმაოდ რთული პროცესია, ამ დროს ჩვენი ტვინი თითქოს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იწყებს მოქმედებას. თუმცა, დადებითი მხარე ისაა, რომ უკვე ინფორმაციით ვართ აღჭურვილები და შეგვიძლია, სტრესს სხვა გზებით გავუმკლავდეთ. ასევე შეგვიძლია, წონა ისე ვმართოთ, რომ ჩვენს საყვარელ კერძებზე უარი არ ვთქვათ და, შედეგად, სტრესი თავიდან ავირიდოთ. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,286 ნახვა
%d bloggers like this: