პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაცმოძრაობას“, პარტია იყო და „ევროპელი სოციალისტები“ რომ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოეყვნენ რატომ არ არიან პარტია?

Nusagi

ალბათ, გიგა ბოკერია ხუმრობის ხასიათზე იყო როცა თქვა, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა, რადგან ცალსახაა, პარლამენტში შემოვიდა ახალი პარტია და ერთს რომ ერთი მიუმატოთ ორის ტოლია, – ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლით საკანონმდებლო ორგანო კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა.

როგორც სამხარაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბოკერია ამ განცხადებით საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება.

„ალბათ, გიგა ბოკერია ხუმრობის ხასიათზე იყო როცა თქვა, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა, რადგან ცალსახაა, პარლამენტში შემოვიდა ახალი პარტია და ერთს რომ ერთი მიუმატოთ ორის ტოლია. სერიოზულად ამას ვერ აღვიქვამთ, თან მგონი, თავის თავსაც ეწინააღმდეგება – როდესაც „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ ის პარტია იყო და „ევროპელი სოციალისტები“ რომ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოეყვნენ რატომ არ არიან პარტია?

თავისივე მოქმედებებს შეეწინააღმდეგა ბოკერია, ამიტომ ვფიქრობ, ეს უფრო ირონიული განცხადება იყო და სერიოზული არა. რაც შეეხება ევროპარლამენტარებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილ შეტყობინებას, პარტია „ქართული ოცნება“ ყოველკვირეულად, რეგულარულად უშვებს ახალი ამბების ფურცელს, სადაც ასახულია საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ამ შეტყობინებაზე რაიმე საპასუხო რეაქციას არც ველოდებოდით, რადგან ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სიახლის შეტყობინება“, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძე ასევე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომელიც მისივე შეფასებით, ანტიდასავლური და ანტიევროპულია.

„შალვა ნათელაშვილმა დღეს კიდე ერთი ანტიდასავლური, ანტიეროვნული განცხადება გააკეთა, როდესაც დაადანაშაულა ელჩები და მოსთხოვა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ელჩები გაიწვიონ საქართველოდან. ამ განცხადებასც სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა, დიაგნოზისთვის, რა ხდება ოპოზიციურ ერთობაში, ესეც ნათელი მაგალითია. ოპოზიციას ჰყავს ერთ-ერთ ლიდერი, რომელიც უაპელაციოდ ესხმის თავს ელჩებს და შეურაცხყოფას აყენებს მათ, თან იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის. ამ განცხადებების შემდეგ კი ნათელაშვილთან იკრიბებიან ისევ ადამიანები, რომელბსაც პრეტენზია აქვთ რომ ლიბერალები, დემოკრატიულები და დასავლეთზე ორიენტირებულები არიან“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ ფასილიტატორი ელჩების პრეროგატივაა, როდის მიიწვევენ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„როდესაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, რომ მხარეები მოიწვიონ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენი მხრიდან ნებისმიერ დღეს და დროს სრული მზადყოფნაა რომ ამ შეხვედრას დავესწროთ“, – აღნიშნა სამხარაძემ.

გარდა ამისა, სამხარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან ან ცალკეულ წარმომადგენელთან საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გაემიჯნენ ანტიდასავლურ და დესტრუქციულ ქმედებებს და პოლიტიკას. ამ ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების სივრცე ბევრად უფრო მეტია. რეალურად დესტრუქციულ სცენარს დღეს ვინ ავითარებს – „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები დესტრუქციულ, ანტიდასავლურ განცხადებებს გაემიჯნენ მკაფიოდ. დანარჩენი პარტიები ღიად აცხადებენ, რომ ძალადობრივ სცენარში მონაწილეობას არ მიიღებენ. შესაბამისად, ამ პარტიებთან მოლაპარაკების და შეთანხმების მეტი რესურსია. ვიმედოვნებთ, რომ მათთან ერთად გამოვძებნით ფორმულას, რომელიც მათთვისაც მისაღები იქნება და ქვეყნისთვისაც სასიკეთო, წაადგება მომავალ არჩევნებს საქართველოში“, – განაცხადა სამხარაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

„ახლა პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიულია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ისინი ქართულ პოლიტიკაში არანაირ ადგილს არ დაიკავებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,452 ნახვა
%d bloggers like this: