პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – „ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დათანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა

Nusagi

„ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ „აბსოლუტის“ შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორც აქციონერს, „ქართუ“ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.  მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ“ ბანკს, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

იგი ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება. 

„ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ  entrepreneur-მა ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები „სოციალური მეწარმეობის“ საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად ბიძინა ივანიშვილი კი სოციალურ ანტრეპრენერად მოიხსენია. 

„ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც „პარაგრაფის“ გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,838 ნახვა
%d bloggers like this: