პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი – 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, დარწმუნებული ვარ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო 2030 წელს გახდება ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრი

Nusagi

2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს და სტაბილურად განვვითარდით, 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო, ისევე როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობისთვის მზად არის.

„20/30 როცა დავაფუძნე, მაშინ 2030 წელი საკმაოდ შორს იყო. მაშინ ძალიან უპერსპექტივოდ ეჩვენებოდათ. ქართველები ცოტა სულსწრაფები ვართ. აქედან გამომდინარე, მაშინ გაბედულად ვერ ვამბობდი და ახლა შემიძლია ვთქვა, 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ძალიან დიდი ალბათობით, თუ ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ, სტაბილურად განვვითარდებით, ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია. ასევე, იცით კარგად, რომ ნატო-ს სჭირდება დემოკრატიული, ფინანსური ინსტიტუტები, ჯარის რაღაც დონე. ნატო-ს სტანდარტებს რაც სჭირდება, დღეს და გუშინაც, ჩემი აზრით, ვაკმაყოფილებდით. ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ევროპაში, იმ ორ პროცენტსაც არ იხდის საერთო შიდა პროდუქტიდან, რასაც ჩვენ. ჩვენ, ღარიბი ქვეყანა ამასაც კი ვიცავთ. დღეს თავისუფლად ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს, მაგრამ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუაზრებელმა ქმედებამ 2008 წელს, ბევრი კითხვები გააჩინა.

გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელი მეგობრები, გამოკვეთილი მხარდაჭერა გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა სტაბილური იყოს, პირველ რიგში, პოლიტიკურად. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოვახერხებთ, შევინარჩუნებთ სტაბილურობას და საქართველო გახდება ყველაზე დემოკრატიული, წარმატებული ქვეყნების ოჯახის წევრი. არც ისე შორსაა 2030 წელი. 2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე და თუ რამე უბედურება არ დავატეხეთ საკუთარ თავს, სტაბილურად განვვითარდით, ჩვენ 2030 წლამდე ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი. თუმცა, იქ ჩვენ ეკონომიკურად ვერ ვიქნებით ყველაზე მდიდრები, მაგრამ სხვა საშუალებები იხსნება და ვფიქრობ, მოკლე დროში ჩვენს ქვეყანასაც ისეთივე წარმატებულს გავხდით, როგორი წარმატებულიც ევროპის ქვეყნებია“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,787 ნახვა
%d bloggers like this: