პოლიტიკა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს

Nusagi

რომელ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყდებათ პარლამენტის წვერის უფლებამოსილება უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს. სწორედ ამ ვადაში უნდა გადახედონ ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარ გადაწყვეტილებას და მოლაპარაკების პირობებს. უფლებამოსილებაზე უარის განცხადებით პარლამენტს 50-ზე მეტმა დეპუტატმა უკვე მიმართა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და პარლამენტში შესვლას ისინი არ აპირებენ.

„ჩვენი პოზიცია არის მარტივი. პირველი – ბოიკოტი გრძელდება, მეორე – ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვინაიდან მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ამ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ კრიზისიდან გამოსვლის გზა. მესამე – ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს თვისობრივად ახალმა ცესკომ, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ასევე აცხადებს, რომ მისი პოზიცია უცვლელია.

„მე აქამდე რატომ არ შემიჩერეს მანდატი, ესეც არ მესმის. დაახლოებით ერთი თვეა, რაც განცხადება დავწერე და აქამდეც შეეძლოთ შეეჩერებინათ ჩემთვის უფლებამოსილება. ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა, როცა განცხადება დავწერე მანდატზე და უარი ვთქვი, მაშინ რა რეალობაც იყო, ზუსტად იგივე რეალობაა ქვეყანაში“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე თვლის, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება, რათა ბოლო მოეღოს ყველანაირ სპეკულაციას ამ საკითხზე.

„ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტი დროულად დააკმაყოფილებს ჩვენს განცხადებებს, ვინაიდან ამით ბოლო მოეღება სპეკულაციებს, ჭორებს და მსჯელობას იმაზე, შედის თუ არ შედის ესა თუ ის პოლიტიკოსი. ეს ჩვენთვის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უკვე გადაწყვეტილია“, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

პარტია „ლელოში“ ასევე აცხადებენ, რომ მათი მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობას ადგილი არ აქვს და ვერ ექნება.

„ველოდებით, როდის გააუქმებს ხელისუფლება ამ სადეპუტატო მანდატებს, ეს ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,763 ნახვა
%d bloggers like this: