პოლიტიკა

ვცდილობ, პროცესს გავემიჯნო, ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ

Nusagi

წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით, ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა უაბჯროდ რევოლუცია. ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მზად არის, შეხვდეს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა პარტიებსაც, ოღონდ შეხვედრაზე საქმის კეთებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.

„ ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა იგრძნობა იმაშიც, რომ საგანგებო სხდომას ნიშნავენ, რათა ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან, გეგონება, სადმე გაიქცეოდნენ. ოპოზიცია, რომელიც ასე იქცევა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ სცემს პატივს, რევოლუციას ამბობენ და 60 იმუნიტეტიან ადამიანზე ამბობენ უარს. წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით, ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა და ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია, ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ. მზად ვარ, „ქართულ ოცნებასაც“, „ნაცმოძრაობასაც“ და სხვა პარტიებსაც შევხვდე. ზოგადად, ასეთი შეხვედრებისთვის დახურული შეხვედრები სჯობს, მედიამაც რომ არ იცოდეს. იქნება ეს საჯარო სივრცე, თუნდაც თქვენი ეთერი, ან არასაჯაროდ, საიდუმლოდ შევხვდებით, ოღონდ ამ შეხვედრის დროს საქმის გაკეთება უნდოდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონაისტერიას“.

„მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეითქვა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და სულელურ #დარჩისახლში კამპანიაში.

მაშინ ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.

სხვა საკითხია, დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან.

ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც ოცნებას და არც ნაცებს არ უნდათ, ეს პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.

ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ, ჩვენზე არაა დამოკიდებული, შედგება თუ არა ეს პარლამენტი.

ქოცებზე და ნაცებზეა დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა, რომ შედგეს.

ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ, რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია.

მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზად არის, საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი.

დარჩენილ დღეებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კოლეგების აზრზე მოსაყვანად, გამოვიყენებთ ამისათვის NDI კვლევის შედეგებსაც, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც ქოცების და ნაცების 9-წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა“, – წერს იაგო ხვიჩია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,350 ნახვა
%d bloggers like this: