პოლიტიკა

სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ  ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ.

როგორც გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სამადაშვილმა და გოცირიძემ  დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

„ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. მე არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. ისინი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ამ ხალხს და თავს დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს. მათ მხრებზე ვდგავართ პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი გვეწოდება და არ გვაქვს უფლება ქვემოთ ვიფურთხოთ. პირიქით, უნდა ჩავიდეთ თუ მათთან ლაპარაკი გვინდა და დიდი პატივისცემით და თავის დახრით უნდა ვუთხრათ შენიშვნა. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც მათ მიმართ აუგს იტყვის და ამ შეცდომას დაუშვებს, ბოდიში უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია პარტიის ლიდერებმა მათ მხარდამჭერებს ბრბო უწოდონ.

„პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხანდახან გვიწოდებენ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენს მომხრეებზე და გულანთებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ისინი რაღაც ისეთს არ გააკეთებენ, რასაც ჩვენ არ მოვუწონებთ და თუ ჩვენ გავკადნიერდებით და შენიშვნას მივცემთ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პატივისცემით, მათდამი სიყვარულით და მადლიერებით, იმიტომ, რომ ფიზიკურ ბრძოლაში ეს ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს აკეთებენ. დღისით და ღამით ყინვაში არიან და მაგალითად, ბათუმში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მავნებელ პუტინისტურ რეჟიმს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ჩვენ დიდი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ და ამდაგვარი ეპითეტით შევამკოთ და ვთქვათ, რომ სამარცხვინოა“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა, თუმცა დღეს გათავისუფლდა. ინციდენტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენი უწოდა.

„ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – დაწერა სოციალურ ქსელში მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,472,246 ნახვა
%d bloggers like this: