პოსტები სოციალური ქსელიდან

ალო, ტაქსი!-ვახტანგ ხარჩილავა

Nusagi

,,ამ ოცდაათი წლის წინათ, 90-იან წლებში, როცა თბილისში საქალაქო ტრანსპორტი გაქრა, თბილისის ქუჩებში უცნაური მძღოლი გამოჩნდა, რომელიც მგზავრებს უფასო მომსახურებას სთავაზობდა.
ეს ამბავი, როგორც წესი, საღამოს საათებში ხდებოდა, როცა შეგვიანებულ მგზავრს, ფაქტობრივად, შინ დაბრუნების ერთადერთი შანსი ჰქონდა – ფეხით გაჰყოლოდა სახლისკენ მიმავალ გზას.
– დაბრძანდით, ბატონო! სადაც მეტყვით, იქ მიგიყვანთ. მომსახურება უფასოა, – ეუბნებოდა მძღოლი მოულოდნელი შეთავაზებით შეცბუნებულ, უფრო ზუსტად, შეშინებულ მგზავრს.
დრო იყო ისეთი – ქუჩაში ათასი ჯურის ბანდიტი და ყაჩაღი დაძრწოდა და უცხო მანქანაში ჩაჯდომა სარისკო და სახიფათო საქმე იყო.
– ნუ გეშინიათ, ბატონო, დაბრძანდით! – ისევ იმეორებდა თხოვნას მძღოლი და დამფრთხალი მგზავრი კიდევ თუ გაჯიუტდებოდა, მანქანიდან გადმოდიოდა.
ხომ წარმოგიდგენიათ, რაოდენ დიდი იყო მგზავრის გაკვირვება, მერე კი საოცარი შვება და სიხარული, როცა „მოძალადე“ მძღოლში თავის საყვარელ მსახიობს კახი კავსაძეს ამოიცნობდა.
ასე ემსახურებოდა ბატონი კახი გაჭირვებაში ჩავარდნილ თავის თანაქალაქელებს, სანამ სიმწრით ნაშოვნი ბენზინი ბოლო წვეთამდე არ ამოიწრიტებოდა.

***
30 წლის შემდეგ, 2020-ში, კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისში ისევ გაქრა საქალაქო ტრანსპორტი და გადაადგილების ერთადერთ უალტერნატივო საშუალებად ტაქსი შეგვრჩა ხელში.
სამწუხაროდ, XXI საუკუნის ახალ საქართველოში ახალი კავსაძეები არ გამოჩენილან, სამაგიეროდ, ტაქსისტებმა იმწამსვე იყნოსეს, რომ სერიოზული ფულის გაკეთების შანსი გაჩნდა და ტარიფები გააორმაგეს – ხუთი ლარის ნაცვლად 10 ლარს ახდევინებდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, ათი ლარის ნაცვლად 20 ლარს ითხოვდნენ.
მგზავრს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ან უნდა ჩამჯდარიყო ამ დასაწვავ ტაქსში, ან ჩვეული, ნაცადი „ხერხისთვის“ უნდა მიემართა და ფეხით წაჩანჩალებულიყო სახლში, თუმცა, ამ შემთხვევაში, ახალი საფრთხის წინაშე დგებოდა: თუ 9 საათამდე ვერ მიაღწევდა სახლამდე, 2000-ლარიან ჯარიმას „აირტყამდა“ დაწესებული აკრძალვის დარღვევის გამო.
ამ ჩიხურ სიტუაციაში სახელმწიფო აშკარად ტაქსისტის მხარეს იყო, ხოლო მგზავრი, ისიც იმავე სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქე, ფაქტობრივად, დაუცველ, უუფლებო არსებად იქცეოდა, რომელსაც წინიდან მისი მშობლიური სახელმწიფო აწვებოდა, უკნიდან ტაქსი და ორივე გაჭყლეტით ემუქრებოდა.
გასაგებია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ანუ, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობაა.
მაგრამ არ შეიძლება, ომი მოსახლეობის ერთი ფენისთვის ფულის კეთების ეფექტურ საშუალებად იქცეს მოსახლეობის მეორე ფენაზე ძალადობისა და ყაჩაღობის ხარჯზე.
კარგია, თეთრად რომ გადავღებეთ, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, თეთრი ტაქსი გაგვაძრობს ტყავს თუ შავი?
რატომ ვერ მოხერხდა აქამდე, რომ სავალდებულო იყოს, ყველა ტაქსს მრიცხველი ეყენოს და დადგენილი ტარიფის მიხედვით ვიხდიდეთ მგზავრობის ღირებულებას?
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო ზუსტად, ყველაზე მთავარი საკითხი – ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც ტაქსის საჭესთან ზის და მზად არის, იტვირთოს პასუხისმგებლობა ადამიანების კომფორტულ და უსაფრთხო მოსახურებაზე.
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს, ძალიან სერიოზული თემაა, თუმცა ამ სერიოზულ თემას სერიოზულად არავინ ეკიდება.
მგზავრი, სანამ ის ტაქსში ჩაჯდება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მანქანაში მკვლელი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწოდებელი პიროვნება არ დახვდება და შინ მშვიდობით მივა.
არადა, ამის გარანტიას მას ვერავინ მისცემს, რადგან ამ კუთხით ტაქსის მძროლს არც არავინ ამოწმებს _ მთავარია, მძღოლმა მართვის მოწმობა წარადგინოს, ლოცენზიის ღირებულება გადაიხადოს, მანქანის ტექდათვალიერების დამადასტურებელი ცნობა ჰქონდეს და „ტაქსაობის“ უფლებას უპრობლემოდ მიიღებს.
მანქანის ტექდათვალიერება ნამდვილად საჭიროა, მაგრამ რატომ არ არის საჭირო ამ მანქანის მძღოლის „ტექდათვალიერება“, ანუ იმის გარკვევა, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეს ვანდობთ?
ხშირად მიწევს ტაქსით სარგებლობა და მერწმუნეთ, ტაქსის საჭესთან ხშირად მინახავს ინვალიდები, მინახავს 80 წელს გადაცილებული მძღოლები, მინახავს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, არაადეკვატური ადამიანები, მინახავს ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქალაქი და იმან კი არა, შენ უნდა მიიყვანო დანიშნულების ადგილამდე.
შემხვედრია მძღოლი, რომელმაც არ იცოდა სად იყო მთავრობის კანცელარია, არ იცოდა, სად არის ოპერის თეატრი.
ეს ამბავი სხვა ტაქსის მძღოლს რომ ვუთხარი, გაეცინა და ამ თემაზე ერთ სასაცილო, მაგრამ ნამდვილ ამბავს მოგიყვებიო, მითხრა.
– „ბირჟაზე“ ვდგავართ… ჩემს წინ ერთი ტაქსი იდგა. ვიღაც ქალბატონი მივიდა და მძღოლს რაღაცას ელაპარაკება, მერე კი უცებ მთელი სიმძლავრით მიუჯახუნა კარი და ყვირილი დაიწყო: _ მე შენ ვინ გგონივარ, შე დამპალო! ეს როგორ მაკადრე, შე იდიოტო!
აღელვებული ქალბატონი ჩემს მანქანაში ჩაჯდა. იმდენად აღელვებულია, ვერ წყნარდება და გაოგნებული იმეორებს და იმეორებს: ეს რა მაკადრა მაგ მათხოვარმაო.
– ასეთი რა გაკადრათ, ქალბატონო? – ვკითხე ფრთხილად.
– ოპერის თეატრთან მიმიყვანეთ-მეთქი და ის კიდევ, რომელი ოპერის თეატრთან მიგიყვანოთო, მეუბნება. ბოზი ვგონივარ მაგ გათახსირებულს. რა მიგავს მე ბოზს? ოჯახის ქალი ვარ, შვილები მყავს, შვილიშვილები მყავს…
– არა, ქალბატონო, დამიჯერეთ, იმას თქვენი შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლია. ერთი მივარდნილი სოფლიდან არის ეგ კაცი ჩამოსული და გულწრფელად ჰგონია, ალბათ, რომ თბილისში რამდენიმე ოპერის თეატრია…
***
ყველა ტაქსის მძღოლს არ ეხება ის, რაც ამ წერილში ვილაპარაკე.
უამრავ ტაქსის მძღოლს ვიცნობ – შესანიშნავი ადამიანები არიან, განათლებული, ნაკითხი, თავაზიანი ადამიანები, რომლებიც უკადრებელს არ იკადრებენ.
ამ ნახევარი წლის წინათ ჩემს ახლობელს ტაქსში საფულე დარჩა. შვიდას ლარამდე ფული და საბუთები იყო საფულეში.
– ფულს ვინ დამიბრუნებს, მაგრამ, იქნებ, საბუთები მაინც დააბრუნონო, – წუხდა ჩემი ახლობელი.
მეორე დილას ვიღაცამ დაურეკა, ჩემს მანქანაში თქვენი საფულე ვნახე. მითხარით, რა მისამართზე ხართ, მოვალ და მოგიტანთო.
ცოტა ხანში 35 წლამდე ახალგაზრდა კაცი მოვიდა, საფულე მოიტანა და, ფული გადათვალეთ, თუ შეიძლებაო. სთხოვა ჩემს ახლობელს.
ფულს, რა თქმა უნდა, ერთი თეთრიც არ აკლდა.
ჩემმა ახლობელმა დიდი მადლობა გადაუხადა და ცოტათი გაკვირვებულმა თქვა: სხვა თქვენს ადგილას შეიძლებოდა სხვანაირად მოქცეულიყო – ამ ფულს ჯიბეში ჩაიდებდა, საბუთებს კი სადმე დააგდებდაო.
– სამი კვირის წინ მეუღლე დამეღუპა. სახლში ორი პატარა ბავშვი მელოდება – ერთი ხუთი წლის, მეორე სამი წლის. მართალია, უამრავი პრობლემა მაქვს, ფულიც ძალიან მჭირდება, მაგრამ ასეთი გზით ნაშოვნ ფულს ჩემს ობლებს ვერ მივუტან – არ შეერგებათ! – თქვა მძღოლმა და წასვლა დააპირა, მაგრამ ჩემმა ახლობელმა არ გაუშვა. – ძმურად გთხოვ, ნახევარი შენს ობლებს წაუღე, ნახევარს მე დავიტოვებ. ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრაო.
დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მძღოლმა მხოლოდ ასი ლარი დაიტოვა.
დღეს ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.
ადამიანი სიკეთისთვის არის მოვლენილი ამ ქვეყანაზე და არა იმისთვის რომ განსაცდელში ჩავარდნილ მეორე ადამიანს დრო უშოვოს, ყელში წვდეს და მოგუდოს.
როგორც იმ ტაქსის მძღოლმა თქვა, არ შეერგება ადამიანს ასეთნაირად ნაშოვნი ფული.
ორმაგს და სამმაგს რომ ახდევინებთ კლიენტს, არ გეკუთვნით ის ფული თქვენ, ძმებო ტაქსისტებო, ხოლო ის, რაც არ გეკუთვნით, არც შეგერგებათ.
კამდენი მძიმე ისტორიების შემდეგ ერთ სახალისო ისტორიასაც მოგიყვებით და ამით დავამთავრებ.
ვარკეთილის მეტროსთან ტაქსი გავაჩერე და პლეხანოვზე, ძველ კინოსტუდიასთან მიყვანა ვთხოვე.
ფასზე შევთანხმდით და დავიძარით.
საჭესთან საშუალო ასაკის კაცი ზის, წვერით და შავი სათვალით.
სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და მოვდივართ ტაატით – ქუჩაში ბევრი მანქანაა.
უცებ მძროლი ასეთ რაღაცას მეუბნება: დანიშნულების ადგილას რომ მიგიყვანთ, თქვენ, ცხადია, ფულს შემომაძლევთ, ხომ?
– აბა, რას ვიზამ? – ვპასუხობ ამ უცნაური კითხვით ცოტათი გაკვირვებული.
– თქვენ კი შემომაძლევთ, მაგრამ მე ფულის აღებაზე უარს გეტყვით, თქვენ კიდევ არაფრით არ დამიჯეროთ და ფული მომეცით.
– მეღადავებით, პატივცემულო?
– არა, როგორ გეკადრებათ, მაგას როგორ გაგიბედავთ, მაგრამ ისე გააკეთეთ, როგორც მე გთხოვეთ.
…მივედით კინოსტუდიასთან.
მძღოლს ფულს ვაწვდი, მაგრამ ის ფულს არ მართმევს… როგორ გეკადრებათ, ჩაბრძანდით, ბატონო, მე თქვენ ფულს ვერ გამოგართმევთ, – ჯიუტობს მძღოლი, მაგრამ მეც ჯიუტად მივყვები მისგან წინასწარ მოცემულ ინსტრუქციას: – კი, მაგრამ, ამდენი დრო დახარჯეთ, ამდენი ბენზინი დაიწვა, რას ჰქვია, ფულს არ მართმევთ. აიღეთ ფული, თორემ ძალიან მეწყინება. უხერხულ სიტუაციაში ნუ მაგდებთ! – კატეგორიული ტონით ვეუბნები მძღოლს და წინა სავარძელზე ოცლარიანს ვუგდებ.
– ეხ, ბატონო ვახტანგ, მე თქვენ მართლა არ უნდა გართმევდეთ ფულს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარი – საბურავები მაქვს გამოსაცვლელი და ასე კაპიკ-კაპიკ ვაგროვებ ფულს, – მძღოლმა შავი სათვალე მოიხსნა და ხელთ ძველი ნაცნობი მირზა შემრჩა, რომელიც დიდი ხანი არ მენახა.
ოცლარიანიდან 12 ლარი ხურდა მეკუთვნოდა, მაგრამ ახლა მე გავჯიუტდი და ხურდა არ გამოვართვი.
მირზა თვითონ რომ არ გამომცნაურებოდა, მე ვერ ვიცნობდი, აქედან გამომდინარე, მას შეეძლო მშვიდად აეღო ფული და წასულიყო, მაგრამ მან საკუთარ თავს არ აკადრა, გლახაკივით, „ჩმორივით“ „გაპარულიყო“.
მართლაც არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე უფრო მშვენიერი და დიდებული, ვიდრე კაცობა და ადამიანურობაა…”

ვახტანგ ხარჩილავა-წყაროსაერთო გაზეთი”

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,441,639 ნახვა
%d bloggers like this: