მზიურში მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობაში თანამედროვე გალერეა მოეწყობა,-ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
„ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება „მზიურის“ პარკში. შარშან დავასრულეთ პარკის სრული რეაბილიტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ ეს ნაგებობა – საბაგიროს ყოფილი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოწესრიგდებოდა და აღდგებოდა. აქაურობა ნაგვით იყო სავსე, დღეს კი გასუფთავებულია და პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
ეს იქნება თანამედროვე გალერეა. მინდა, ანა გოგუაძეს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის და მზიურის პარკის გულშემატკივრობისთვის. ანა თავიდანვე ჩართული იყო პროექტის დაგეგმარებაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შინაარსობრივად ეს ყველაფერი. ძალიან სასიამოვნოა, რომ აპრილში პროექტი უკვე დასრულებული იქნება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ სივრცით.“,- წერს კახა კალაძე.

