Uncategorized

ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ შსს სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება

Nusagi

მედიასაშუალებების მიერ, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ბრიფინგზე გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

„ყოველდღიურად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ამას უკვე საზოგადოებაც ხედავს, რომ  მიზანი ერთადერთია, შესუსტდეს საზოგადოების ნდობა იმ უწყების მიმართ, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოებისთვის. ყველამ კარგად იცის, რა პირობებში უწევთ მუშაობა ჩვენს პოლიციელებს. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრი მათგანი საკუთარ ოჯახებსაც ვერ ნახულობს თვეების განმავლობაში და ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, ყოველდღიურად ხდება მათზე თავდასხმა მედიაში. რა თქმა უნდა, არის ერთეული გადაცდომის შემთხვევები, რაზეც სამინისტრო რეაგირებს და ამის შესახებ ჩვენ თავად ვაწვდით ინფორმაციას მედიას“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.  

მისივე თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე მხოლოდ რამდენიმე ცილისწამებას შეეხება, რადგან ყველას ჩამოთვლას რამდენიმე საათი არ ეყოფა. 

„ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური, გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, ჩვენმა დეპარტამენტმა კი, სიუჟეტის ავტორს აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, მაინც გავიდა სიუჟეტი, რაც იყო ფეიკ ნიუსის პირდაპირი მაგალითი. ასევე ერთ-ერთი ტელევიზიით მოვისმინეთ უმძიმესი ბრალდება, თითქოსდა პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. ინფორმაცია ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავამოწმეთ და ვუთხარით, რომ დასახელებული პირები არ იყვნენ შსს-ს თანამშრომლები, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა. მათ ასევე, შს მინისტრის კომენტარის ინტერპრეტაცია მოახდინეს, თითქოსდა, პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან. 

დეზინფორმაციის ნათელი მაგალითია შიდა ქართლის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუდ-ში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციების ტირაჟირებას. 

არ შემიძლია არ აღვნიშნო მედიასთან თანამშრომლობის კარგი მაგალითები. ასეთი მაგალითია კასპის შემთხვევა, როდესაც ყველა მედიასაშუალებამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სპეცოპერაციის დამთავრებამდე არ გადაუცია სიუჟეტი, რისთვისაც მე მათ მადლობა გადავუხადე“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო  სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახება. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,435,761 ნახვა
%d bloggers like this: