საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გადადგომას ითხოვს

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი ჭედიშვილს​ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს და ითხოვს, მან თანამდებობა დატოვოს.

„ის ყოველთვის გამოირჩევა აგრესიითა და ძალის გადამეტებით ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ. გუშინ მომხდარ ეპიზოდთან დაკავშირებით, ერთადერთი შემიძლია ვთქვა: ისინი ყოველგვარი კანონიერი ჩარჩოებიდან იყვნენ გამოსულები, პოლიციელებზე მაქვს საუბარი. თუ მაინც და მაინც აქციის მონაწილეები არღვევდნენ კომენდანტის საათს, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება უნდა მომხდარიყო, მაგრამ მათმა აგრესიულმა ქმედებებმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ აქციის მონაწილეები უსასტიკესი მეთოდებით დააკავეს. ძირს ათრიეს ადამიანები, დააკავეს ქალბატონები, სრულიად უმიზეზოდ და ამის უკანონო მომწოდებელი ირაკლი ჭედიშვილი იყო, იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აქციის მონაწილეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევით არის აღძრული საქმე და არამ ხულიგნობის ბრალდებით. ეს ცხადყოფს, რომ მშვიდობიან მსვლელობას ჰქონდა ადგილი, რომელიც ირაკლი ჭედიშვილმა დაარბია, ამიტომ თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. მისი საქმიანობა არ შეესაბამება პოლიციის მუნდირს. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, რომ ის აჭარას და შესაბამის სამსახურს მოაცილონ. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თუ არ იქნება გამოძიებული, მომდევნო ხელისუფლების პირობებში, ეს აუცილებლად მოხდება და ყველა დამნაშავე პოლიციელი აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.

ბათუმში, ღამით, მსვლელობისას დაკავებული 11 პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. იქამდე, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო, აქციის მონაწილე 11-ვე პირი დააჯარიმეს.

გვიან ღამით, მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 11 პირი, მათ შორის ფირუზ წულუკიძე და ხათუნა ბერიძე, დააკავა. სიტყვიერი დაპირისპირება გმირთა ხეივანში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ჭედიშვილმა ისინი პროვოკაციაში დაადანაშაულა. დაკავების მიზეზად კი მსვლელობის მონაწილეთა მხრიდან პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და აგრესია დაასახელა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,456,381 ნახვა
%d bloggers like this: