თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გირაოს თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გირაოს თანხის გადახდა მოხდება.
„ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, აქ არის საქმე კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მისი მეგობრების მხრიდან. თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარიათ. ეს ნამდვილად არაა სასიხარულო. მაგრამ, როცა დანაშაული გაქვს ასეთი მძიმე, გვახსოვს 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ყველაფერი რაც მოხდა და იმედი მაქვს, რომ მომავალში არ განმეორდება“, – განაცხადა მან.