ისტორია

ბათუმი-კრასნოდარის რეისი – სსრკ-ში თვითმფრინავის გატაცების პირველი შემთხვევა, რა ბედი ეწია ტერორისტ მამა-შვილს

Nusagi

1970 წლის ოქტომბერში ბათუმში, 244 რეისის მგზავრები, რომლებიც კრასნოდარში მიფრინავდნენ, თვითმფრინავში ჩასხდნენ. იმ პერიოდში „აეროფლოტის“ შიდა ხაზებზე მგზავრებს გაფრენის წინ მკაცრად არ ამოწმებდნენ, არ იყო დამონტაჟებული მეტალოდეტექტორის ჩარჩოები. ტერორისტებმა დაუბრკოლებლად შეძლეს ბორტზე იარაღის და ხელყუმბარის შეტანა. 

ფრენის დროს მოხდა სსრკ-ში პირველი ტერორისტული აქტი, დაიღუპა ბორტგამცილებელი გოგო, ეკიპაჟის თითქმის ყველა წევრი დაიჭრა. 46 წლის პრანას ბრაზინსკასმა და მისმა 15 წლის შვილმა, ალგირდასმა სსრკ-ს ისტორიაში პირველად გაიტაცეს თვითმფრინავი. ინციდენტის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გამოცემა  „კულტუროლოგია“ აქვეყნებს. 

ტრაგედია ბორტზე 

თვითმფრინავის აფრენიდან 10 წუთში ორმა მგზავრმა, მამა-შვილმა ბორტგამცილებელ ახალგაზრდა ქალს იარაღის მუქარით მოთხოვეს, ეკიპაჟის წევრებისთვის წერილი გადაეცა. წერილში ეწერა, რომ თვითმფრინავი თურქეთში უნდა გაფრენილიყო. ბორტგამცილებელი, 19 წლის ნადეჟდა კურჩენკო კაბინისკენ გაიქცა, რათა ეკიპაჟი გაეფრთხილებინა, მაგრამ კაბინის კარებთან პრანასი დაეწია და მოკლა. მოგვიანებით, პრანასი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს იტყვის, რომ მან ბორტგამცილებელი მოკლა, რადგან ის „გზაზე გადაეღობა“.

ნადეჟდა კურჩენკო

კურჩენკოს მკვლელობის შემდეგ ტერორისტებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს, მძიმედ დაიჭრა ეკიპაჟის ყველა წევრი გარდა მეორე პილოტისა, რომელსაც აიძულეს თურქეთის მიმართულებით გაფრენა და ტრაბზონის აეროპორტში თვითმფრინავის დასმა. ფრენის განმავლობაში მამას ეკიპაჟი ჰყავდა მიზანში ამოღებული, შვილი კი, მგზავრებს აკონტროლებდა.

ამ დროისთვის პრანასს საკმაოდ ბევრი „დამსახურება“ ჰქონდა. მათ შორის, ომის პერიოდში გერმანელებთან თანამშრომლობა, „ტყის ძმების“ ხელშეწყობა. ციხეში 5 წელი გაატარა სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის, გათავისუფლების შემდეგ, ყაზახეთში ცხოვრობდა, ქვეყნიდან გაქცევის მოტივი ის იყო, რომ ბოლო პერიოდში მისი საქმიანობით უშიშროების სამსახური დაინტერესდა, რადგან სპეკულაციით იყო დაკავებული. 

  ბრძოლა ტერორისტების გადასარჩენად

დაფრენის შემდეგ მამა-შვილი მაშინვე დააპატიმრეს. თურქეთის ხელისუფლებამ მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს თურქეთში დარჩენა შესთავაზა, თუმცა ყველამ უარი განაცხადა. მგზავრები სამშობლოში დააბრუნეს, ეკიპაჟის წევრებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით კი, მოკლული გოგონას ცხედარი სხვა რეისით გაგზავნეს, თვითმფრინავი კი, საბჭოთა კავშირს დაუბრუნეს.

საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნა ტერორისტების გადაცემაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, მათ გადასარჩენად აქტიურად იბრძოდნენ ამერიკელი დიპლომატები, მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები, რაც თავისთავად, უპრეცედენტო შემთხვევა იყო.

პრანასი ამ ისტორიაში ფიგურირებდა არა როგორც დამნაშავე, არამედ ლიტვის გათავისუფლების წევრი და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ მებრძოლი. მისი თქმით, 19 წლის ბორტგამცილებელი სინამდვილეში КГБ-ს გამოცდილი აგენტი იყო და სწორედ ამიტომ გაუხსნეს ცეცხლი. და საერთოდ, ბრაზინსკასების თქმით, ბორტზე მათ ცეცხლი КГБ-ს შეიარაღებული აგენტების გასანეიტრალებლად გახსნეს.

საბოლოოდ, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მამა-შვილი დამოუკიდებლად გაესამართლებინა. პრანასს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მის შვილს კი, 2 წლით. 4 წლის შემდეგ მამა ამნისტიით გაათავისუფლეს.

მამა-შვილმა თავდაპირველად, აშშ-დან პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მიიღო, მალე ისინი ვენესუელიდან კანადისკენ გაემგზავრნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩავიდნენ, ნიუ-იორკში გაჩერებით ისარგებლეს და აშშ-ში დარჩნენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აშშ-ში არალეგალური დარჩენა სინამდვილეში, დაგეგმილი ოპერაცია იყო. აშშ-ს მიგრაციის სამსახურმა ლიტვის მოთხოვნა მამა-შვილის გადაცემაზე, არ დააკმაყოფილა და ბრაზინსკასებს, როგორც საბჭოთა რეჟიმთან მებრძოლებს, აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცა. ამ დროიდან პრანასმა და ალგირდასმა გვარი შეიცვალეს. მამა ფრენკ უაითი გახდა, შვილი კი, ალბერტ-ვიქტორ უაითი. ისინი სანტა-მონიკაში დასახლდნენ, სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ლიტვური დიასპორა იყო. 

ტერორისტებთან ასეთ დამოკიდებულებას  მარტივი ახსნა ჰქონდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ბრაზინსკასების საქმე განსაკუთრებული იყო. მათ დასავლეთში ტერორისტებად არ მიიჩნევდნენ. 1982 წელს გამოცხადდა, რომ ბრაზინსკასებს უარი უთხრეს პოლიტიკურ თავშესაფარზე და ქვეყნიდან გააძევეს, რაც სიმართლე არ იყო.

რეალურად, ბრაზინსკასები მშვიდად ცხოვრობდნენ კალიფორნიაში, გამოსცეს წიგნი, რომელშიც მოთხრობილი იყო თვითმფრინავის გატაცების ამბავი, როგორც ლიტვის გათავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი. უმცროსი ბრაზინსკასი ბუღალტერი გახდა და ცოლად სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, ლიტვის ყოფილი მოქალაქე მოიყვანა. მამა ბრაზინსკასმა ინგლისური ენის შესწავლა ვერ შეძლო. მისი საქციელი კი, წლითი წლობით აგრესიული ხდებოდა.  

მეზობლები იხსენებენ, რომ პრანასი ერთი პერიოდი იარაღით ვაჭრობდა, აგრესიული იყო და ყველა გამვლელში КГБ-ს აგენტს ხედავდა. ერთ-ერთმა მეზობელმა პოლიციასაც კი მიმართა და განაცხადა, რომ ფრენკ უაითის მხრიდან ფიზიკური ძალადობის საფრთხეს გრძნობდა.

მამა-შვილის მიმართ ლიტვური დიასპორა საკმაოდ ფრთხილი იყო, რადგან იცოდნენ,  მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. თუმცა დროთა განმავლობაში, საერთოდ დაივიწყეს.ბრაზინსკასებმა მათ თავი 2002 წელს შეახსენეს, როდესაც ალგირდასმა მამამისი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, პრანასმა შვილში КГБ-ს აგენტი „ამოიცნო“, რომელიც მის მოსაკლავად იყო მისული და მოკვლა დაუპირა.

ალგირდასმა ფიზიკური განადგურების შიშით, მამა მოკლა, შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახა, თუმცა  24 საათის დაგვიანებით. 

ალგირდას ბარზინსკასს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 2018 წელს უნდა გამოსულიყო ციხიდან, თუმცა მისი შემდგომი ბედის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,460,485 ნახვა
%d bloggers like this: