ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, – ამის შესახებ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია თავისი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო და თავად განსაზღვრას, რა არის კანონი.
„ვნახეთ, რომ ოპონენტები, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან, ახლა ვაკვირდებით, რომ კანონისა და სამართლებრივი სივრციდანაც გავიდნენ, ამას ვერ დავუშვებთ. როგორც მაშინ ვერ დავუშვით დემოკრატიული სივრციდან მათი გასვლა, ახლა პარლამენტი ვერ დაუშვებს სამართლებრივი სივრციდან მათ გასვლას.
ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს, რა არის კანონი და რა – არა. შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და ეტყვის მას – ამ სახელმწიფოს ნიკა მელია არ ჰქვია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და მისი ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.