რელიგია

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმას – უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

Nusagi

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში ლამპრობის შემორჩენილი ძველი წესი აღდგა.

„პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ თავისი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი წესის მიხედვითაც გავამშვენებთ.

სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოსა და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები… და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს.​

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,457,897 ნახვა
%d bloggers like this: