სამართალი

გელა მამუკაშვილი: ქ-ნი ნათია მეზვრიშვილის არგუმენტები ალოგიკურია და მარტივად იკითხება განაწყენებული ადამიანის პოზიცია

Nusagi

ადვოკატთა ასოციაციის წევრი, გელა მამუკშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის სტატუსს ეხმაურება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა.

გელა მამუკაშვილის თქმით, ნათია მეზვრიშვილის მსჯელობაში ბევრი რამ დაუსაბუთებელია, გარკვეული წიაღსვლები კი, წინააღმდეგობრივია და ადვილად იკითხება განაწყენებული ადამიანის პოზიცია. 

„ქ-ნი ნათია მეზვრიშვილი, როგორც მინიმუმ, ცდილობს სამართლებრივ ნიუანსებში ჩაუხედავი პირების შეცდომაში შეყვანას. პირველ აბზაცში ქალბატონი ნათია გვპირდება, რომ მიმოიხილავს თემას, თუ როგორ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, ანუ, როგორც თავად უთითებს, ბრალდებული პატიმრობის გარეშე დარჩენილიყო.

ამ ორ მოვლენას შორის ტოლობის ნიშნის დასმა იმთავითვე მიგვანიშნებს, რომ სტატუსის ავტორი ცალმხრივი განსჯით ეცდება საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას.

მეორე აბზაცი სრულიად გასაზიარებელია და აღნიშნულზე არც არავინ აპირებს დავას.

მესამე აბზაცი, სადაც ქ-ნი მეზვრიშვილი მოგვიწოდებს, დროებით გვერდით გადავდოთ აღსრულების, ანუ დ ა კ ა ვ ე ბ ი ს თემა, უკვე მიგვანიშნებს ან პროფესიონალიზმის დეფიციტზე, ანაც შეგნებულ უტრირებაზე, რადგან ამ შემთხვევაში დ ა კ ა ვ ე ბ ა არაფერ შუაშია. სახეზეა არა დაკავება, არამედ დ ა პ ა ტ ი მ რ ე ბ ა. აღნიშნულ ორ ტერმინს შორის უზარმაზარი სხვაობაა, რადგან დაკავება ხდება პირველ ეტაპზე და მისი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კი ხდება ან გათავისუფლება, ანაც სასამართლოს მიერ პ ა ტ ი მ რ ო ბ ი ს შეფარდება.

ციტატა ქ-ნი ნათია მეზვრიშვილის სტატუსიდან – “აღსრულებამდე მთლიან პროცესში იყო არაერთი კითხვის ნიშანი”…

უკაცრავად, ქ-ნო ნათია! აღსრულებამდე თუ სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანამდე?!

ციტატა ქ-ნი ნათია მეზვრიშვილის სტატუსიდან- “ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლების შესახებ რაიმე სმენია”…

ბატონოო! ეს რა არგუმენტია?! მინისტრის მოადგილე ვიყავი და ესეც კმარა ოპონენტების დასადუმებლადო( მგლის და კრავის არ იყოს)?!

ციტატა ქ-ნი ნათია მეზვრიშვილის სტატუსიდან- “...და ვინც კარგად იცნობს ამ მხრივ პრაქტიკას”

…ჩიქორთულ ქართულზე თვალს ვხუჭავთ და ავტორს ვთხოვთ, ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკიდან დაასახელოს თუნდაც ერთი ანალოგი, რომელიც მელიას მიერ სასამართლოს მოთხოვნათა აგრერიგად უგულვებელყოფას ოდნავ მაინც მიესადაგება.

ციტატა ქ-ნი ნათია მეზვრიშვილის სტატუსიდან–“ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმების განმარტება, ასეთ საქმეზე, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყნისათვის დამღუპველი იყო”

ისევ თვალს ვხუჭავთ ჩიქორთულ ქართულზე და “არსში” შევდივართ…მაგრამ სად არის აქ არსი?! რას ნიშნავს “ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილი კანონის ნორმების განმარტება?!” ხომ არ უნდა იყოს -” ვიწროდ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებზე დაყრდნობით, კანონის ნორმების განმარტება?!” აზრი გამართულად რომ დაეწერა, შეიძლებოდა მსჯელობა, თუმცა, ავტორი ასეთ შემთხვევაშიც კი ვერ დაასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ფაქტების კონტექსტიდან ამოგლეჯა. სასამართლოს მხრიდან ფაქტების შეფასებაც მოხდა და სამართლებრივი შეფასებაც, ფაქტების და შეფასებების აღრევა კი ექსვიცე-მინისტრს არ შეშვენის.

აბზაცის ბოლო ნაკვესში კი, სრულ აზრობრივ აღრევას ვაწყდებით. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული გარემოება(რომც დავეთანხმოთ) როგორ უნდა შეიქნას “ქვეყნისათვის დამღუპველი”?! ქვეყნისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის ფართო მასებში დანერგავს უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ი ს  მ წ ვ ა ვ ე  გ ა ნ ც დ ა ს. მოცემულ შემთხვევაში კი, პირიქით მოხდა.

ციტატა–“კანონი არ განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიებების იერარქიას”…ეშხში შესული ავტორი დიდ შეცდომას უშვებს და, როგორც მინიმუმ, არასწორად ეწევა აღკვეთის ღონისძიებათა იერარქიის არსის გადმოცემას(უფრო მძიმე ეპითეტებისგან თავს შევიკავებ). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის თავში აღკვეთის ღონისძიებათა იერარქია გადმოცემულია, ასე ვთქვათ, აღმავალი ხაზით, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღკვეთის ღონისძიებების სახეები გადმოცემულია ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე მძიმემდე, ანუ პატიმრობამდე. ქ-ნი ნათია საკუთარ ზედაპირულ და დაუსაბუთებელ მიდგომებთანაც კი აშკარა ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის, როდესაც ასკვნის, ერთის მხრივ, კანონში აღკვეთის ღონისძიების საშუალებების იერარქიის არარსებობის, მეორეს მხრივ კი, თავდებობის ან სხვა მსუბუქი ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობაზე.

საკითხავია, თუ სასამართლოს არ ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი, როგორ უნდა შეეფარდებინა უფრო მსუბუქი ღონისძიება, თუნდაც თავდებობა?! ავტორი, ეხება რა აღსრულებას(აქვე აღსრულებას ისევ “დაკავებას” ეძახის), აღნიშნული აქტის ხარვეზის უმთავრეს “არგუმენტად” მოჰყავს “აღსრულებამდე პროცესში უამრავი ხარვეზის” არსებობა.

უკაცრავად, ეს არგუმენტიც კი აღარ არის, არამედ ცნებებისა და კატეგორიების სრული აღრევაა. დასკვნა სრულიად ცალსახაა–ქალბატონი ნათია მეზვრიშვილი უსუსური და ალოგიკური არგუმენტებით ასკვნის, რომ “ქვეყანამ წააგო “კანონის აღსრულების სახელით”. რა სახის და ფორმის დასაბუთებათა წყებაც წარმოადგინა ავტორმა, დასკვნაც შესაბამისია“,-წერს გელა მამუკაშვილი. 

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა და შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ  „ქვეყანა დახია უკან“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: