სამართალდამცველებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 49 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 49 წლის კაცს 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდა. მან რამდენიმე თვის წინ იმშობიარა და ახლა 13 წლისაა. თბილისის სოციალურ სააგენტოს ფაქტის შესახებ დედაქალაქის ერთ-ერთმა სამშობიარო სახლმა აცნობა. ამ დროისთვის მოზარდი ჩვილთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარშია გადაყვანილი.
გოგონას მშობლები დევნილები არიან და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაასახლეს, სადაც 10 წელი გაატარეს. თუმცა ბოლო პერიოდი ოჯახი ძირითადად თბილისში ცხოვრობდა. სოფელს კი ხშირად სტუმრობდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდის დედას დედობის უფლება შეუჩერდა.