საზოგადოება

ვინ არის პატრიკ დაუნი, რომელიც ივანიშვილებს „გუტალაქსით” მოწამვლაში ადანაშულებს

Nusagi

„2008 წლის ოქტომბერში, ურეკში, ბერამ და უტამ ზაფხულის დასრულებასთან დაკავშირებულ შეკრებაზე მიმიპატიჟეს, სადაც მომწამლეს”, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის შვილების ინგლისურის მასწავლებელმა პატრიკ დაუნმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან განაცხადა.

დაუნის თქმით, მან მხოლოდ მოწამვლის შემდეგ გაიგო, რომ „გუტალაქსის” 20-ჯერ მეტი დოზა ჰქონდა მიღებული. მას ივანიშვილის კარდიოლოგმა ზვიად მათაშვილმა უმკურნალა.

ვინ არის პატრიკ დაუნი, როგორ მოხვდა ის საქართველოში, რა უნდა რუსეთში და რატომ ეძებენ ამერიკაში? „აიპრესმა“ უცხოელი პედაგოგის ბიოგრაფიას გადაავლო თვალი.

აშშ-ში ძალადობის, რასიზმის და ჰომოფობიის ბრალდებით ძებნილი, ირლანდიიდან დეპორტირებული და 2012 წლის 2 მაისიდან რუსეთში მცხოვრები პატრიკ დაუნი დაიბადა 1968 წლის 11 ივნისს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში. იყო საზღვაო ქვეითი, მაგრამ ერთ-ერთი წვრთნის დროს ტრავმა მიიღო, რამდენიმე თვე ჰოსპიტალში გაატარა და შემდეგ კომისიური წესით დაითხოვეს როგორც ვეტერანი.

1992 წლიდან 1997 წლებში სწავლობდა ირლანდიის ნაციონალურ ინსტიტუტში სოციოლოგიის და ისტორიის სპეციალობით, 2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის იანვრის ჩათვლით იყო მოსკოვში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი, შემდეგ ასწავლიდა ინგლისურს ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლაში და მუშაობდა ირლანდიაში, პოლონეთში, იტალიაში, უკრაინასა და საქართველოში.

2006 წლიდან პატრიკ დაუნი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც, მისი თქმით, ჯერ 9-თვიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდა, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახში უტა, ბერა და გვანცა ივანიშვილებს ინგლისურს ასწავლიდა.

2012 წლის დასაწყისში, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის და შესახებ განცხადების გაკეთების და პარტიული სტრუქტურის შესაქმნელად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, ჯერ ქართული (დრონი.ჯი, აიტივი.ჯი, პრესა.ჯი, რეალტივი და რიგი სხვა), შემდეგ კი რუსული საინფორმაციო წყაროები აქვეყნებენ წერილების სერიას, სადაც პატრიკ დაუნი ივანიშვილების ოჯახში უტას და ბერას მხრიდან მისთვის საჭმელში კუჭის ამშლელი წამლის ჩუმად ჩაყრაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ქართული საინფორმაციო საშუალებები პატრიკ დაუნის ბიძინა ივანიშვილის შვილების შესახებ ნაამბობზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რუსული გამოცემები კი ძირითადად პატრიკ დაუნის იმ განცხადებების ტირაჟირებით იყვნენ დაკავებულები, სადაც იგი მის ხელში „ჩავარდნილ” იმ დოკუმენტაციაზე საუბრობს, რომელიც თითქოსდა აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ანტირუსული საქმიანობის მიზნით დაფინანსებას ადასტურებს.

მას საქართველოსთვის დამაზიანებელი არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული.

„ივანიშვილის საბანკო ანგარიშზე 12 მილიონი დოლარის ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ, ამერიკის ფინანსური დახმარებით, მათ შორის ივანიშვილის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულით თანხით, (გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია წერილი, სადაც ერთ-ერთ წინადადებაში საუბარია EBRD-ის მიერ „ქართუ ბანკისთვის” მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების მიზნით 12 მილიონი დოლარის გამოყოფაზე – „აიპრესი”) ამერიკის მიერ გაწვრთნილი ქართული ჯარი შევიდა „სამხრეთ ოსეთში” – აცხადებდა პატრიკ დაუნი.

იქვე დასძენდა, რომ ივანიშვილის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, აშშ-ში დაბრუნებისას, მან სცადა მოპოვებული მასალის გამოქვეყნება, მაგრამ ვერ შეძლო და აშშ-ის სპეცსამსახურებიდან გადაჭარბებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ამის შემდეგ, ის ირლანდიაში წავიდა, სადაც ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ დეპორტაცია გაუკეთეს აშშ-ში, იქედან კი, 2012 წლის 2 მაისს, რუსეთში ჩავიდა.

„რუსეთი დიდი სახელმწიფოა, დიდი მომავლით. მე არ მესმის, რატომ ხედავს მასში მტერს შეერთებული შტატები. მე აქ ძალიან მომწონს”, – ამბობს პატრიკ დაუნი ვიდეოჩანაწერში.

მისი თქმით, მის მიერ რუსეთის ერთი ნახვით შეყვარება არ მომხდარა და ამას სამშობლოთი გაწბილების არაერთი შემთხვევა უძღოდა წინ. აშშ რუსეთის განადგურებას გეგმავს, მას დიდი დანაშაულებრივი სინდიკატის წევრი ბანკები მართავენ. ყველაფერი რაც მათ საქმიანობას უკავშირდება, მიჩუმათებულია.

იქ არაა თავისუფალი პრესა, არ იცავენ კონსტიტუციას, ირღვევა ადამიანის უფლებები. ყვავის კორუფცია და ჯაშუშობა. ჩემ სიცოცხლეს აშშ-ში საფრთხე ემუქრება, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ვცდილობ, – აცხადებს ვიდეოში პატრიკ დაუნი, რომელიც იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, ქვეყანაში რომლის პრეზიდენტზეც იგი უაღრესად აღმატებული აზრისაა. რუსეთში მან იქორწინა, ჰყავს ორი შვილი, მუშაობს ინგლისურის მასწავლებლად.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ქართულ საინფორმაციო საშუალებებში პატრიკ დაუნის შესახებ მასალის გამოქვეყნება მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ჟურნალ „ტაბულას” რედაქტორმა, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილმა. მან პატრიკ დაუნის მონათხრობი ბოდვად შეაფასა. მისი სტატუსის სქრინი მოგვყავს იმ სახით, რა სახითაც იდო ფეისბუკზე გამოქვეყნებიდან ორი საათის შემდეგ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: