მედიცინა

დავით მრელაშვილი: სამი მითი ვაქცინაციაზე

Nusagi

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის დაწყება პანდემიის დასრულების დასაწყისია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მრელაშვილი პანდემიასთან დაკავშირებით გავრცელებული მითების შესახებ წერს და აცხადებს, რომ უკვირს ხალხის, ვინც ასეთ „შამანებს“ უსმენს.


„ამ ერთ პოსტსაც დავდებ მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, რეალური სამედიცინო ფაქტები გაიგოს რიგითი ადამიანისთვის (არა ექიმისთვის) გასაგებ ენაზე. იმედია, ნაკლებად მოუსმენენ ინტერნეტ-შამანებს, რომლებიც შარშან გამოიჩეკნენ ამ სფეროში და მათ მიმართ ყურადღების დეფიციტის შესავსებად ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დეფორმირებული ინფორმაცია, რომელიც უფრო მეტად სენსაციურად ჟღერს (და მათ პოპულარობას უწყობს ხელს), მიაწოდონ მოსახლეობას. მე უფრო იმ ხალხის გამკვირვებია, რომლებიც ამ შამანებს უსმენენ, და არა იმ ექიმებს და მეცნიერებს, რომლებიც 10,20 და ზოგიერთი 40+ წელი სწავლობენ მედიცინას და ლეგიტიმური ცოდნა აქვთ სფეროში“, – წერს მრელაშვილი.

მითი #1 – „ასტრაზენეკა” ცუდი ვაქცინაა, ევროპამ მისი გამოყენება შეაჩერა“ – ეს არის მტკნარი ტყუილი (და სოციალურ ქსელში არსებული ახალი ამბების დეფორმირებული და მცდარი ინტერპრეტაცია).

„პრეპარატის ან ვაქცინის დროებით დაპაუზება აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რაც ნებისმიერი წამლის გამოყენებისას ხდება, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანას ამისთვის განკუთვნილი კანონმდებლობა განსხვავებული აქვს (და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი, საკმაოდ მოძველებული და ხისტი აქვს ეს კანონმდებლობა). ზოგი აჩერებს, ზოგი მიმდინარედ აკვირდება და ა.შ.

ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება (ის თრომბოზის სავარაუდო შემთხვევები მართალიც რომ გამომდგარიყო უარეს შემთხვევაში), თუ ვაქცინაციის გაგრძელება და შედეგად გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა.

მინდა, ასევე გითხრათ, რომ მე პირადად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომბოზული გართულება მაქვს ნანახი თვითონ კოვიდისგან, ვიდრე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში, ჯამში, აღწერილი „სავარაუდო შემთხვევები“ (რომელიც ბოლოს დამტკიცდა, რომ არ ყოფილა კავშირში). დარწმუნებული ვარ, ასევეა არაერთი ჩემი კოლეგა საქართველოშიც, ვინც კოვიდიან პაციენტებს ნახულობს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით მეტი თრომბოზი გველის კოვიდისგან, ვიდრე – ვაქცინისგან“.

მითი #2 – ვაქცინა კლავს, ბევრი ცუდი გართულება აქვს, მათ შორის სიცოცხლესთან საშიში ალერგია

პენიცილინს, რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს მიღებული, ახასიათებს ანაფილაქსია 10,000 ადამიანში – 2-დან 5 შემთხვევამდე (https://bit.ly/3ezpZMx ). ის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვაქცინებს აქვს, არის მილიონში 2-5 შემთხვევამდე.

ანუ „პენიცილინს“  ვაქცინის ყველაზე ცუდი გართულებაზე100-ჯერ უფრო ხშირი გართულება აქვს! ყოველ წელს „პენიცილინის“ უეცარი ალერგია 500 ადამიანს კლავს აშშ-ში. რატომ ვაგრძელებთ მის გამოყენებას? და რატომ არის „პენიცილინი“ გასული საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა მედიცინაში? იმიტომ, რომ ყოველ წელს 500 უიღბლოს თუ კლავს – მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ინფექციებისგან.

„ანალგინი“ – მედიკამენტი, რომელიც ასევე თითქმის ყველას გვაქვს „ნაყლაპი“ (უკაცრავად ჟარგონზე) ჩემი ჩათვლით, ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ უფრო ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება აგრანულოციტოზი (ძვლის ტვინის ფუნქციის დაკარგვა) https://bit.ly/3ewDjS1 , რის გამოც იგი წლებია აკრძალულია (და არა 2 კვირით დაპაუზებულია) აშშ-ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ასე შემდეგ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი სააფთიაქო ყუთიდან ამოიღოთ „ანალგინი“, დახედეთ რამდენიმე წამი და შემდეგ გადაწყვიტეთ რომლის მიღება გირჩევნიათ – „ანალგინის“ თუ ვაქცინის.

ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ მათთვის, ვისაც ეს მათემატიკა და „ნულიანები“ აბნევს. ამაზონის ჯუნგლებში ან აფრიკის საჰარაში რკინის გისოსებით გადახურული „ჯიპით“ თუ მოგზაურობთ, შეიძლება მძღოლი ხეს დაეჯახოს და ამის შედეგად ხალხი დაიღუპოს. ალტერნატივაა ფეხით იაროთ (ხეს სასიკვდილედ ვერ დაეჯახებით ფეხით მოსიარულე), თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შანსია ლომის ან სხვა რომელიმე მტაცებლის სადილი გახდეთ, ხომ? აქედან გამომდინარე, რკინის გისოსებიან “ჯიპს” ირჩევს ნებისმიერი ჭკუათმყოფელი. ჰოდა აქ “ჯიპი” ვაქცინაა და უვაქცინობა ფეხით სიარული კოვიდის პანდემიის ჯუნგლებში.

მითი #3 – ვაქცინა სულ რაღაც თვეების შექმნილია და არავინ იცის, რა გართულებები ექნება მომავალში

დავით მრელაშვილი: „უკაცრავად, ჯერ ერთი კორონავირუსიც სულ ახალი ვირუსია, და მისი დამართვის შედეგადაც, (თუ არ მოკვდი) არავინ იცის, რა გართულებებს დატოვებს შორეულ მომავალში… უფრო სწორედ ვიცით – ის ნამდვილად ტოვებს პოსტ-კოვიდურ გართლებებს. უახლესი კვლევის შედეგად, ლანცეტში ( https://bit.ly/2Q1gg7G ) ინფექციიდან 6 თვის მერეც კი 76%-ს ანუ ოთხიდან სამ ადამიანს (უმეტესობას!) მინიმუმ ერთი დარჩენილი სიმპტომი ჰქონდა, მათ შორის ორგანული დაზიანებები გულში, ფილტვში, ტვინში, ზოგიერთი კონკრეტული სიმპტომები იყო დაღლილობა და სისუსტე – 63%, უძილობა – 26%, დეპრესია და შფოთვა – 23%, თმის ცვენა -22% და ასე შემდეგ. ვაქცინაციას არ ახასიათებს ასეთი გვერდითი ეფექტები. 6 თვეზე მეტი გავიდა, რაც ათიათასობით ადამიანი აიცრა საწყის კვლევებში და ეს ფაქტია, რომ ასეა და არა ვარაუდი ან იმედი.

რაც შეეხება იმას თუ „წლების მერე რას დატოვებს“ ვაქცინა. ისევ და ისევ ამაზე ნერვიულობს ძირითადად ის ხალხი, ვინც არ იცის იმუნოლოგია და ფიზიოლოგია. საქმე იმაშია, რომ ვაქცინა თავის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში უკვე ახალს არაფერს ჰმატებს ორგანიზმს ანუ თუ რამე „მოსახდენი იყო, აქამდე მოხდებოდა“ 99.99% შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს კვლევები, რომელიც ჩატარდა და დასრულდა 2020 წელს, საკმარისია, უსაფრთხოდ ავცრათ მოსახლეობა. რა თქმა უნდა, სიტყვა „უსაფრთხო“ ფარდობითია და თქვენ თვითონ ნახეთ „პენიცილინის“ და „ანალგინის“ მაგალითი, მაგრამ ერთ რამ, რაც მსოფლიო მედიცინას შეუძლია თქვას ამ ეტაპზე არსებული ცოდნით არის ის, რომ დამტკიცებული და ხარისხიანი კოვიდის ვაქცინა პენიცილნსა და ანალგინზე უსაფრთხოა გინდ გართულებებით, გინდ – სიკვდილიანობით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ – გთხოვთ, ფაქტებით მესაუბროთ და არა ემოციებით და შამანების პოსტების გაზიარებით“,-წერს დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,710 ნახვა
%d bloggers like this: