პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

Nusagi

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მედიატორი კრისტიან დანიელსონი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

პრემიერთან აუდიენციის დასრულების შემდეგ დანიელსონი უკვე ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლებს, სადაც სალომე ზურაბიშვილთან  გამართავს აუდიენციას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე.

პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრები წინ უსწრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი კვირას, 28 მარტს უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და მათგან კრიზისის დაძლევის გზებზე პოზიცია მოისმინა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებოდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,606 ნახვა
%d bloggers like this: